რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში დასახლებული პუნქტების დაბომბვას აგრძელებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ორშაბათს განაცხადა, რომ კიევმა ომის დასასრულებლად მოსკოვის მოთხოვნები უნდა მიიღოს ან ბრძოლის ველზე დამარცხდეს.
ამ მოთხოვნების ნაწილი ქვეყნის თითქმის მეხუთედის რუსეთისთვის დათმობას ნიშნავს. თუმცა კიევი, რომელიც დასავლეთის მხარდაჭერითა და შეიარაღებით ბრძოლას განაგრძობს, პირობას დებს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას შეძლებს.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინაში ბახმუტის ირგვლივ ბრძოლა კვლავ მწვავედ მიმდინარეობს, შეტაკებები გრძელდება ლუჰანსკის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე სვატოვიშიც.
"რუსეთი განაგრძობს ბახმუტისა და სვატოვის მიდამოებში მცირე მასშტაბის ხშირ იერიშებს, თუმცა კონტროლი ტერიტორიების ძალიან ცოტა ნაწილზე თუ იცვლება", - წერს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ბოლო საინფორმაციო ბიულეტენში.
"ჩვენი შეთავაზებები რეჟიმის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციისთვის, რუსეთის უშიშროებისთვის საფრთხეების აღმოფხვრა, მათ შორის ჩვენს ახალ მიწებზე - ეს შეთავაზებები მტრისთვის კარგადაა ცნობილი", - წერს გამოცემა "ტასი" რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებაზე დაყრდნობით. "ჩვენი სათქმელი მარტივია: შეასრულეთ ეს [შეთავაზებები] თქვენივე კეთილდღეობისთვის. სხვაგვარად, საკითხს რუსული არმია გადაწყვეტს".
ღამის ტრადიციულ ვიდეო-მიმართვაში პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვ, რომ დონბასის ფრონტის ხაზზე სიტუაცია "რთული და მტკივნეულია". ბრძოლის ველზე რუსეთის ჯარის არაერთი მარცხის შემდეგ, ახლა მოსკოვი ქალაქ ბახმუტის აღებაზეა ორიენტირებული. ეს ინდუსტრიული ქალაქია, რომელშიც ომამდე 70 000-მდე ადამიანი ცხოვრობდა, ახლა კი იქ 10 000-მდე მცხოვრებია დარჩენილი, ძირითადად, ასაკოვანი მოქალაქეები.
ბახმუტზე კონტროლის მოპოვების შემთხვევაში რუსეთი უფრო დიდი და მნიშვნელოვანი ქალაქების, კრამატორსკისა და სლოვიანსკისკენ წაიწევს წინ.
ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუჰანსკის ორ დასახლებაში და დონეცკის 6 დასახლებაში მოიგერიეს რუსული თავდასხმები. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალები აცხადებს. ამასთან, მისივე განმარტებით, რუსეთი აგრძელებს ხერსონის, ზაპორიჟიის რეგიონის და ხარკივის რეგიონის დაბომბვას.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ამჟამად, რუსული იერიშების შედეგად 9 მილიონამდე ადამიანი ელექტროენერგიის მიწოდების გარეშეა დარჩენილი, ეს ქვეყნის მოსახლეობის თითქმის მეოთხედია.