პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ორშაბათს, 29 მაისს განაცხადა, რომ ხელს მოაწერს კანონპროექტს, რომელიც უფლებას აძლევს სპეციალურ პანელს, გამოიძიოს რუსეთის გავლენა ქვეყანაში. ეს ოპოზიციის მწვავე კრიტიკის ფონზე ხება, რომელიც აცხადებს, რომ კანონი საარჩევნო წელს შეიძლება გამოყენებულ იქნას, ოპოზიციის წინააღმდეგ ერთგვარი "კუდიანებზე ნადირობის" სახით.
მმართველი ნაციონალისტური პარტია, „კანონი და სამართლიანობა“ (PiS) ამბობს, რომ ლიბერალურმა ოპოზიციურმა პარტიამ, „სამოქალაქო პლატფორმა“ (PO), გაზარდა პოლონეთის დამოკიდებულება რუსულ წიაღისეულ საწვავზე, როცა ეს უკანასკნელი 2007 წლიდან 2015 წლამდე მთავრობაში იყო. მმართველი პარტია აცხადებს, რომ აღნიშნული გარემოება აჩენს კითხვებს იმის შესახებ, იყვნენ თუ არა PO-ს წევრები მოსკოვთან გარიგებაში.
ოპოზიცია უარყოფს ამ ბრალდებას და ამბობს, რომ კანონი არჩევნების წინ, მიზნად ისახავს ოპოზიციური პარტიის ლიდერის და ყოფილი პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის პოლიტიკური სცენიდან გაქრობას.
პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ თქვა, რომ კანონპროექტს ხელს მოაწერს, მაგრამ სთხოვს საკონსტიტუციო ტრიბუნალს, განიხილოს კანონი მას შემდეგ, რაც ის ძალაში შევა. ამ გადაწყვეტილების მიზეზი ოპოზიციის კრიტიკაა, რომლის მიხედვითაც კანონი არაკონსტიტუციურია.
„აქტს ხელს იმიტომ ვაწერ, რომ მიმაჩნია, რომ ის უნდა შევიდეს ძალაში, უნდა დაიწყოს ფუნქციონირება“, - განაცხადა დუდამ.
სპეციალური კომისია გამოიძიებს 2007-2022 წლების პერიოდს და ექნება უფლებამოსილება, აუკრძალოს რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცეულ პირებს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა ან საჯარო სახსრების გაკარგვა 10 წლის განმავლობაში. კანონით მსგავსი პირები ფაქტობრივად ვერ დაიკავებენ საჯარო თანამდებობას.
კომისიის წევრებს პარლამენტი აირჩევს, სადაც PiS-ს მცირე უმრავლესობა აქვს.
კანონპროექტს მწვავე წინააღმდეგობა შეხვდა კრიტიკოსების მხრიდან, რომლებიც ამბობენ, რომ ხელისუფლებისგან ოპოზიციური ფიგურების დისკვალიფიკაციის ნებისმიერი მცდელობა ზიანს აყენებს ქვეყნის ინტერესებს.
Facebook Forum