ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი პოლონეთში ქალაქ კალინინგრადისთვის სახელის შეცვლას აპროტესტებს


კრემლი აცხადებს, რომ პოლონეთის გადაწყვეტილება რუსული ქალაქის, კალინინგრადისთვის სახელის გადარქმევის შესახებ "მტრული ქმედებაა". ორ ქვეყანას შორის უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებული ომის შემდეგ ურთიერთობები განსაკუთრებითაა გამწვავებული.

კალინინგრადს, მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის მიერ ანექსიამდე, გერმანული სახელი ერქვა: კოინიგბერგი. შემდეგ კი მას საბჭოთა პოლიტიკოსის, მიხაილ კალინინის საპატივცემულოდ შეუცვალეს სახელი.

ვარშავამ განაცხადა, რომ კალინინის კავშირი 1940 წელს კატინში მომხდარ სისხლისღვრასთან - როცა საბჭოთა ძალებმა ათასობით პოლონელი სამხედრო ოფიცერი დახვრიტეს - უარყოფით კონოტაციას ქმნის და ქალაქს ის სახელი უნდა დაუბრუნდეს, რაც მას პოლონეთის სამეფოს პირობებში მე-15-16 საუკუნეებში ერქვა. ქალაქი ოფიციალურ დოკუმენტებში ამიერიდან კროლევიჩის სახელით იქნება მოხსენიებული.

"ქალაქის დღევანდელი რუსული სახელი არის ხელოვნური და ის არ უკავშირდება არც ქალაქს და არც რეგიონს", - თქვა პოლონეთის გეოგრაფიულ დასახელებათა სტანდარტიზაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

კრემლის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება "სიგიჟეს უახლოვდება".

"ჩვენ ვიცით, რომ ისტორიის განმავლობაში პოლონეთი დროდადრო ვარდება ხოლმე რუსების მიმართ სიძულვილის სიგიჟეში", - თქვა დმიტრი პესკოვმა.

პოლონეთი უკრაინის ერთ-ერთი უმტკიცესი მხარდამჭერია. ვარშავა კიევს პოლიტიკურ, სამხედრო და ფინანსურ დახმარებას უწევს. პოლონეთში ჯერაც იმყოფება არაერთი უკრაინელი, რომლებმაც ქვეყანას თავი უკრაინაში რუსეთის საომარი მოქმედებების შემდეგ შეაფარეს.

XS
SM
MD
LG