ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძნეთში სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები დააკავეს


საბერძნეთის სამართალდამცავმა უწყებებმა განაცხადეს, რომ მათ სასაზღვრო პოლიციის 5 თანამშრომელი დააკავეს. მათ მიგრანტების გადამყვან დამნაშავეებთან თანამშრომლობაში და მეზობელი თურქეთიდან ქვეყანაში მიგრანტების უკანონოდ შეყვანაში მონაწილეობა ედებათ ბრალად.

პოლიციის განცხადებით, ამ ხუთმა ეჭვმიტანილმა სავარაუდოდ კოორდინაცია გაუწია გასული წლის ოქტომბრიდან დღემდე დაახლოებით 100 ადამიანის მიერ საზღვრის გადაკვეთას. ამისთვის კი საბერძნეთ-თურქეთის სახმელეთო საზღვრის სიახლოვეს მდინარეს და ნავებს იყენებდნენ.

დაკავება ორშაბათს მოხდა, სასაზღვრო ქალაქ დიდიმოტეიჩოში. პოლიციამ 28 000 დოლარი და 60-მდე მობილური ტელეფონი ამოიღო. ოპერაცია პოლიციის შიდა საქმეების განყოფილების გამოძიების შედეგად ჩატარდა.

მდინარე მარიცა საბერძნეთში მიგრანტების შედინების მთავარი გზაა. საბერძნეთმა მდინარის პირას საზღვრის დიდ ნაწილზე მაღალი ღობე ააშენა იმისთვის, რომ მიგრანტების უკანონო შედინებისთვის ხელი შეეშალა და ბარიერის გაზრდას გეგმავს.

XS
SM
MD
LG