ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიგრანტების ნაკადის შესაჩერებლად მექსიკა-ამერიკის საზღვარზე კონტროლი მკაცრდება


ტეხასმა, საზღვრის ე.წ. „ცხელ წერტილებში“, სპეციალური სასაზღვრო ძალები განათავსა. „ცხელ წერტილად“ ოფიციალური პირები საზღვრის იმ მონაკვეთებს აღწერენ, საიდანაც მიგრანტები შეერთებულ შტატებში არალეგალურად შემოსვლას ცდილობენ. შტატის გუბერნატორ გრეგ ებოტის თქმით, მოქმედებები მექსიკის საზღღვარზე კოვიდ-19-ის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას უკავშირდება.

„ისინი განლაგდებიან საზღვრის გასწვრივ ცხელ წერტილებში, რათა ხელი შეუშალონ იმ მიგრანტებს, რომლებიც უკანონოდ ცდილობენ ტეხასში შემოსვლას“, - თქვა ებოტმა პრესკონფერენციაზე. გუბერნატორის თქმით, საზღვარზე სპეციალურად გაწვრთნილი ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფი განლაგდება.

რესპუბლიკელმა გუბერნატორმა მკაცრად გააკრიტიკა პრეზიდენტ ბაიდენის დემოკრატი ადმინისტრაცია, 42 მუხლის მოქმედების შეწყვეტის გამო. მუხლი სასაზღვრო აგენტებს უფლებას აძლევდა მიგრანტები მექსიკაში სწრაფად დაებრუნებინათ. ეს წესდება 2020 წლის მარტში, პანდემიის დასაწყისში, ხალხმრავალ ადგილებში კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად ამოქმედდა.

ბაიდენის ადმინისტრაციამ, მიმდინარე კვირაში, აშშ-მექსიკის საზღრვრის დამატებითი უსაფრთხოებისთვის, ტეხასში დამატებით 1 500 ჯარისკაცი გაგზავნა. ხელისუფლება მიმდინარე კვირის ბოლოს, ასევე დაასრულებს ახალი რეგულაციის დაწესებას, რომლის მიხედვითაც, თავშესაფრს ვერ მიიღებენ მიგრანტები, რომლებმაც მექსიკა-ამერიკის საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთეს.

ტეხასის გუბერნატორი ამბობს, რომ მიგრანტების მოზღვავების შემთხვევაში, ის საზღვართან ახლოს მდებარე ტეხასის ქალაქებიდან, მიგრანტებს კვლავ დიდ ქალაქებში გაგზავნის, როგორებიცაა ჩიკაგო და ნიუ-იორკი.

XS
SM
MD
LG