ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტეხასის პოლიცია მასობრივი მკვლელობის მოტივებს იძიებს


ტეხასის პოლიცია უქმეებზე მომხდარ მასობრივ მკვლელობას იძიებს. 33 წლის შეიარაღებულმა მამაკაცმა სავაჭრო ცენტრში გამვლელებს ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც, სულ ცოტა, 8 ადამიანი დაიღუპა. პრეზიდენტმა ბაიდენმა მომხდარის შემდეგ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საკუთარ ინიციატივას იარაღის კონტროლის გამკაცრებასთან დაკავშირებით.

კვირას, ტეხასის საჯარო უსაფრთხოების დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ 33 წლის თავდამსხმელი მაურისიო გარსია იყო. ის დალასში, ტეხასის შტატში ცხოვრობდა. რა მოტივით მივიდა სავაჭრო ცენტრში და რატომ დახოცა მშვიდობიანი მოსახლეობა, ამის შესახებ პოლიციას ან სხვა ოფიციალურ პირებს ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.

გარსია შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციელმა მოკლა.

მასობრივი მკვლელობები ამერიკაში დიდი პრობლემაა. მხოლოდ 2023 წელს, მინიმუმ 199 მასობრივი მკვლელობა მოხდა ქვეყნის სხვადასხვა შტატში. ამ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "იარაღის ძალადობის არქივი" ავრცელებს. ორგანიზაცია მასობრივ მკლელობად აფასებს ყველა შემთხვევას, რომლის შედეგადაც დაიჭრა, ან დაიღუპა 4 ან მეტი ადამიანი.

კვირას გავრცელებულ განცხადებაში, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამერიკის კონგრესს მოუწოდა გაამკაცროს შეზღუდვები იარაღის გაყიდვასთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG