თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა, რომლებიც მექსიკიდან ამერიკაში გადმოდიოდნენ შემცირდა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანი ალეხანდრო მაიორკასი ავრცელებს. მისი თქმით სასაზღვრო პატრული ადასტურებს 50%-იან კლებას.
ტელეკომპანია „სიენენ“-თან საუბრის დროს მაიორკასმა თქვა, რომ პანდემიის დროს დროებით მოქმედი წესის გაუქმების შემდეგ პარასკევს 6200, ხოლო შაბათს 4 200 კვეთა დაფიქსირდა.
„რაოდენობა, რომელიც ჩვენ მივიღეთ ბოლო ორი დღის განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდა,“- ამბობს მაიორკასი.
ახალი წესები, რომელიც ამერიკა მექსიკის საზღვარზე მოქმედებს ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ დევნას იმ პირებისთვის, რომლებიც მესამე ქვეყანაში წესების დარღვევით შემოდიან. ბაიდენის ადმინისტრაციის გეგმის მიხედვით, მიგრანტებმა უნდა დანიშნონ საიმიგრაციო შეხვედრა სპეციალური აპლიკაციის საშუალებით, ან მოითხოვონ იმ ქვეყნისგან თავშესაფარი, რომლის გავლითაც ამერიკაში მიემგზავრებიან.
თუ მიგრანტი, არ დაემორჩილება მოქმედ წესებს და უკანონოდ შემოვა ამერიკაში, მოხდება მათი დაკავება არალეგალურად საზღვრის კვეთის გამო და მათ 5 წლით ჩამოერთმევათ უფლება მიმართონ ამერიკას თავშესაფრის თხოვნით, თუნდაც ლეგალური გზით. თუმცა, როგორც ამერიკის საიმიგრაციო სამსახური განმარტავს, ზოგიერთი დარღვევა ითვალისწინებს პატიმრობასაც.
"არსებობს შეერთებულ შტატებში ჩასვლის კანონიერი, უსაფრთხო და მოწესრიგებული გზა. ეს არის გზები, რომლებიც პრეზიდენტმა ბაიდენმა უპრეცედენტოდ გააფართოვა. არსებობს შედეგები მათთვის, ვინც არ გამოიყენებს ამ კანონიერ გზებს,“- ამბობს მაიორკასი „სიენენთან“ საუბრის დროს.
ამერიკის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, რომ საზღვარზე არსებული ვითარებით კმაყოფილია და ადგილზე ჩასვლას უახლოეს პერიოდში არ გეგმავს.
Facebook Forum