უკრაინული მხარის ინფორმაციით, უკრაინის საჯარისო დანაყოფები, ბახმუტის მისადგომებთან მიმდინარე კვირაში 2 კილომეტრით დაწინაურდნენ და ამ პერიოდში არცერთი პოზიცია არ დაუთმიათ.
ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანნა მალიარმა გაავრცელა. მანვე უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, უკრაინული ჯარების მიერ, ბახმუტში პოზიციების დაკავება, უკრაინული მხარის დაანონსებული კონტრშეტევის ნაწილია. მინისტრის მოადგილემ უკრაინელებს მიმართა და სთხოვა, რომ ბახმუტსა და მის შემოგარენში არსებული სიტუაცია სწორად აღიქვან და "რუსულ დეზინფორმაციას" არ აყვნენ.
"როგორ აშუქებს მტერი ბახმუტში ბრძოლებს? [ის] აქებს საკუთარ თავს, საუბრობს სავარაუდო წარმატებებზე და იგონებს ისტორიებს ჩვენი სამხედრო სარდლობის შესახებ", - წერს მალიარი Telegram-ზე.
„ამავდროულად, მტერი იარაღის ნაკლებობის შესახებ ცრუ ინფორმაციას გვაწვდის, რაც, სავარაუდოდ, რეალური სიტუაციის გამართლებას ისახავს მიზნად",- ამბობს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე.
ზოგიერთმა რუსმა სამხედრო ბლოგერმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ უკრაინულმა ჯარმა ფრონტის ხაზის ნაწილები გაარღვია. მოსკოვმა თავდაპირველად ეს ინორმაცია უარყო. დღეს კი, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, ქალაქ ბახმუტის ჩრდილოეთით პოზიციებიდან უკანდახევა აღიარა.
12 მაისს გამართულ ბრიფინგზე, რუსეთის სამხედრო უწყების წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ „ბერხოვსკის წყალსაცავთან, უფრო ხელსაყრელი პირობების გათვალისწინებით, ახალი ხაზი დაიკავა.“
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხუთშაბათს გამოქვეყნებულ ევროპულ მაუწყებლებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კონტრშეტევა ჯერ კიდევ არ დაწყებულა. სააგენტო "როიტერმა" ვერ შეძლო ბრძოლის ველზე არსებული ვითარების გადამოწმება.
ბრძოლები უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტისთვის, რომელსაც უკრაინის არმია იცავს, გასული წლის ზაფხულიდან მიმდინარეობს.