ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ბახმუტის ჩრდილოეთით უკანდახევა აღიარა


რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღიარა ქალაქ ბახმუტის ჩრდილოეთით პოზიციებიდან უკანდახევა. ბრძოლები უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტისთვის, რომელსაც უკრაინის არმია იცავს, გასული წლის ზაფხულიდან მიმდინარეობს.

12 მაისს გამართულ ბრიფინგზე, რუსეთის სამხედრო უწყების წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ „ბერხოვსკის წყალსაცავთან, უფრო ხელსაყრელი პირობების გათვალისწინებით, ახალი ხაზი დაიკავა.“

ფაქტობრივად, ეს ბოგდანოვკის რაიონში უკანდახევას ნიშნავს. აქამდე, ამის შესახებ და უკრაინის შეიარაღებული ძალების მიღწეულ გარღვევაზე, „ვაგნერის“ ჯგუფის ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი, რუსი სამხედრო ბლოგერები და უკრაინის არმია იუწყებოდა.

რუსი სამხედროების უკანდახევა უკრაინულ ჯარს საშუალებას აძლევს ჩასოვ იარისკენ მიმავალი გზა აკონტროლოს. ეს არის ერთადერთი გზა, რომლის მეშვეობითაც ბახმუტში მებრძოლი უკრაინული ძალები ამჟამად მარაგდება. პრიგოჟინი აცხადებდა, რომ მომავალში ამან შესაძლოა ქალაქის შიგნით მყოფი მისი დაქირავებული მებრძოლების ალყაში მოქცევა გამოიწვიოს. რუსეთის არმიას ამ შეტყობინებებზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ცოტა ხნის წინ, რუსული წყაროები იტყობინებოდნენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სრულმასშტაბიანი შეტევა დაიწყო, მოგვიანებით ეს ცნობები უკან გაიწვიეს. უკრაინულ სარდლობას ამაზე კომენტარი არ გაუკეთებია. 12 მაისს ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამხედროებმა რუსული ძალების შეჩერება, ზოგიერთ მიმართულებებზე კი „მათი უკუგდებაც კი“ შეძლეს.

XS
SM
MD
LG