მსოფლიო რუსული საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ უკრაინის კონტრიერიშის მოლოდინშია. ყოველი მანევრი ფრონტის ხაზზე თუ მის მიღმა - განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ექცევა. პრეზიდენტი ზელენსკი ამბობს, რომ მეტი დრო სჭირდება, ვაშინგტონს მიაჩნია, რომ კიევს წარმატებული იერიშისთვის ყველაფერი აქვს. დიდმა ბრიტანეთმა უკრაინისთვის გრძლერადიუსიანი სარაკეტო სისტემების მიცემა გადაწყვიტა. დაპირისპირება კი რუსული ჯარის ლიდერებსა და დაქირავებულ მებრძოლთა ჯგუფ “ვაგნერს” შორის საჯაროდ გრძელდება. რას უნდა ველოდოთ კონტრიერიშისგან და რამდენად დიდია შესაძლო გადაჭარბებული მოლოდინის რისკები? “ამერიკის ხმას” თადარიგის პოლკოვნიკი რობერტ ჰამილტონი ესაუბრა. ის ახლა “საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტში” ევრაზიის მიმართულებას ხელმძღვანელობს და ამერიკის ომის კოლეჯის პროფესორია.
ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის საჰაერო იერიშები უფრო ინტენსიური გახდა, დაიღუპა არაერთი მშვიდობიანი მოქალაქე. ამავე დროს ვნახეთ თავდასხმები რუსული ჯარის მომარაგების ჯაჭვზეც, საწვავის მარაგებზე, საწყობებზე, დაწინაურება ბახმუტში და ა. შ. თუმცა, რაც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო, მოსკოვმა კრემლზე განხორციელებული დრონის თავდასხმაში უკრაინა დაადანაშაულა და ვლადიმირ პუტინის მკვლელობის მცდელობა დააბრალა. ომის უკვე მეორე გაზაფხულზე, თითქმის 15 თვის შემდეგ, რა ეტაპზე ვართ ახლა სამხედრო კუთხით?
სამხედრო თვალსაზრისით ახლა ყველა ელოდება უკრაინის გაზაფხულის კონტრშეტევას. ჩვენ ახლა ვართ ეტაპზე, როცა დასავლური დახმარების დიდი ნაწილი ჩასულია უკრაინაში, დაახლოებით 230 ტანკი. 70 - „ლეოპარდი“ უკვე უკრაინაშია. ზოგი ტანკი დასავლური წარმოებისაა, ზოგიც - საბჭოთა, ბევრიც - სხვა. იქაა 1550-მდე ჯავშანტრანსპორტიორიც. დასავლეთის მტკიცებით, უკვე ადგილზეა აღჭურვილობის 9 ბრიგადა, რომლის გამოყენებაც გაზაფხულის კონტრიერიშისთვის უკრაინელებს შეუძლიათ. ვფიქრობ, ამ ომში ახლა ვართ იმ ეტაპზე, როცა უკრაინის შეტევას ველოდებით და ვცდილობთ გავიგოთ ზუსტად, რა იქნება მათი მიზანი, სად წარიმართება ის, და იქნება თუ არა ის გადამწყვეტი.
ამ ომში ბევრი გადამწყვეტი შეტევითი მანევრი არ გვინახავს. სატელიტები, დრონები, საჰაერო დაკვირვება - ყველაფერ ამის გამო, ძალიან ძნელია მნიშვნელოვანი საიერიშო შენაერთები ბრძოლის ველზე ისე დაძრა, რომ არ დაგინახონ. ამასთან, ორივე მხარეს აქვს ფართო რადიუსის ზუსტი დამიზნების არტილერია და რაკეტები.
როცა შენ ებრძვი ორ ძალას, რომელიც ერთმანეთთან კოორდინირებული არაა და ზოგ შემთხვევაში ერთმანეთს ეჯიბრება კიდეც, ყოველთვის არის სივრცე, რომელიც შეიძლება გამოიყენო. პრუგოჟინ-შოიგუს დაპირისპირება კიევისთვის დიდი უპირატესობაა.
საინტერესოა, იქნება თუ არა უკრაინელების შეტევა გადამწყვეტი, შეძლებენ თუ არა ისინი ამ ტანკების, ამ ჯავშანტრასპორტიორების ისე გამოყენებას, რომ ამას მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს ადგილზე სიტუაციაზე. და ასევე, შეძლებენ თუ არა რუსები თავიანთი დაზვერვისა და გრძელრადიუსიანი ცეცხლის გამოყენებით ამ იერიშის შეფერხებას ან მისთვის ხელის შეშლას.
თვეების განმავლობაში უკრაინის მთავრობა თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავებს და გრძელრადიუსიან თავდასხმით სისტემებს ითხოვდა. ბევრი ანალიტიკოსის აზრითაც, სწორედ F-16-ები და ე.წ. „ატაკამსები“ მისცემდა უკრაინას გადამწყვეტ უპირატესობას. თუმცა ვაშინგტონში ამ სისტემების მიწოდების თაობაზე ჯერ კიდევ ყოყმანობენ. რა მდგომარეობა აქვს ახლა უკრაინულ ჯარს ამ მხრივ და როგორი შეიძლება იყოს ამ კონტრშეტევის რეალისტური მიღწევები და გამოწვევები ამ ყველაფრის გათვალისწინებით?
სრულებით საუკეთესო შემთხვევაში, უკრაინა შეძლებს გამოიყენოს ახალი შესაძლებლობები იმისთვის, რომ მიაღწიოს გარდამტეხ ცვლილებებს რუსების მოწინავე ხაზებში და შემდეგ გამოიყენოს ის. დაარტყას ტანკებით, ჯავშანტრანსპორტიორებით, მობილური პლატფორმებით, მოქნილი მანევრებით. ეს იმისთვის, რომ უკრაინელებმა შექმნან მათ რიგებში ერთგვარი ხვრელი და გამოიყენონ ის რუსების ფორმირებების ამ ხალვათ ნაწილებში შესასვლელად, აიძულონ რუსებს თავდასაცავად უკანდახევა. და თუ უკან არ დაიხევენ, უკრაინელები მათ გარს შემოეხვევიან.
რაც შეეხება F-16-ებსა და გრძელრადიუსიან რაკეტებს, ე.წ “ატაკამსებს”, ვფიქრობ, ისინი გამოსადეგი იქნებოდა, მაგრამ არ მგონია, რომ არსებითი ყოფილიყო ამ ტიპის იერიშის წარმატებისთვის. აქ არსებითი მნიშვნელობა შემოქმედებით დაგეგმვას აქვს, მათ მოტყუებას, თავდასხმას იქ და ისეთ დროს, სადაც და როცა რუსები ამას არ ელოდებიან.
საჭიროა მოქმედება ისე სწრაფად, რომ მტერმა ვერ შეძლოს [ამ მოქმედებებზე] დაწევა. მტერი ყოველთვის უნდა რეაგირებდეს იმაზე, რასაც შენ აკეთებ და არასდროს შეეძლოს პროაქტიული იყოს და კონტრიერიში განახორციელოს. ესაა უკრაინისთვის საუკეთესო ვატიანტი. საჭიროა ინოვაციური, შემოქმედებითი დაგეგმვა, კვალის კარგი არევა, მაგრამ ასევე საჭიროა ბევრი ის სხვა ელემენტიც, რაც ყველა ამ ტანკსა და ჯავშანტრანსპორტიორს, ამ 9 ახალ შეიარაღებულ მექანიზებულ ბრიგადას ფუნქციონირების საშუალებას მისცემს.
მათ დასჭირდებათ საარტილერიო მხარდაჭერა, საჰაერო თავდაცვა, ინჟინრები, დაზვერვა. ყველაფერი ის, რის გარეშეც რუსებმა თავდაპირველად თავიანთი ტანკებითა და ჯავშანტრანსპორტიორებით დაიწყეს თავდასხმა. სწორედ ამ ყველაფრის გარეშე: დაზვერვის გარეშე ფრონტზე, ფლანგებზე, თავიანთი საჰაერო არტილერიის რადიუსის მიღმა, კარგი ინჟინრების გარეშე, რომლებიც დაბრკოლებებს გაწმენდნენ, კარგი ლოჯისტიკის გარეშე. ამიტომ დამარცხდნენ რუსები ომის პირველ ფაზაში, რადგან ვერ შეძლეს ოპერირება გაერთიანებული ძალების გუნდად. უკრაინელებმა სწორედ ამგვავრად უნდა იმოქმედონ და გამოიყენონ ეს წარმატება.
აქვთ უკრაინელებს ყველაფერი, რაც მათ კონტრიერიშის წარმატებისთვის სჭირდებათ?
ამაზე პასუხი არ მაქვს და არ მგონია, რომ ვინმეს ჰქონდეს. ჩვენ ვიცით, რომ მათ ჰყავთ 9 მექანიზებული ბრიგადა. რაც არ ვიცით, ისაა, ჰყავთ თუ არა ამ ბრიგადებზე მიმაგრებული ყველა ის ნაწილი, რომელიც ჩამოვთვალეთ: დაეხმარება თუ არა ამ ბრიგადებს დაზვერვა, მიმაგრებულია თუ არა მათზე კონკრეტული არტილერია, ინჟინრები, საკმარისი დრონები, ლოგისტიკა. ლოგისტიკა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
ჩვენ ვნახეთ, რომ სწორედ ცუდი ლოგისტიკის გამო რუსები ომის დასაწყისში საწვავის გარეშეც კი რჩებოდნენ. ასევე, იარაღის, სათადარიგო ნაწილების გარეშეც. მაშინაც კი, თუკი გარდამტეხი უპირატესობა გაქვს, მას ვერ გამოიყენებ, თუკი ლოგისტიკა ამოგეწურება.
ასე რომ, როცა უკრაინა დასავლელმა პარტნიორებმა ამ ახალი შეიარაღებული და მექანიზებული ბრიგადებით აღჭურვეს, სავარაუდოდ შეიქმნა მთელი ეს ჯაჭვიც. ყველა ეს ნაწილი ერთმანეთთან ინტეგრირებული უნდა იყოს მაშინ, როცა ისინი თავდასხმაზე გადავლენ.
კრემლზე დრონით განხორციელებული თავდასხმით მოსკოვი კიევს ვლადიმირ პუტინის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს. გაისმა ბრალდებები ვაშინგტონის მიმართაც, როგორც მხარის, რომელიც მათი თქმით, ამგვარ თავდასხმებს აქეზებს. სახელმწიფო მდივანმა კრემლის განცხადებების მიმართ სკეპტიციზმისკენ მოგვიწოდა. ანალიტიკოსების ნაწილის აზრით, ეს თავად კრემლის ინსცენირებული თავდასხმა იყო, რათა რუსებს ომის საფრთხე უფრო ახლოს აგრძნობინოს, ან გამაერთიანებელი გავლენა ჰქონდეს. ზოგი კი ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ რუსების სისუსტეზე მიუთითებს, როცა საკუთარ ციხე-სიმაგრესაც კი ვერ იცავენ. როგორ ფიქრობთ, რა არის მთავარი, რაც ამ თავდასხმამ აჩვენა?
მე არ მგონია, რომ ამის უკან უკრაინა იდგა. როცა მართლა ასე იყო, მაგალითად, ქერჩის ხიდისა და რუსულ ლოგისტიკისა და საწვავის დეპოებზე თავდასხმის შემთხვევაში, როგორც წესი უკრაინელები ამას არც უარყოფდნენ და არც ადასტურებდნენ. ახლა კი, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ძალიან ცალსახად უარყო ეს.
უკრაინელები ეგზისტენციალურ ომს იბრძვიან. უკრაინისთვის სასწორზე ძალიან დიდი რამ დევს. უკრაინელი ხალხის ერთობა, მისი შეიარაღებული ძალების მორალი, იმის ცოდნა, რომ ისინი იბრძვიან სამართლიან და ეთიკურ ომს და ესაა ომი გადარჩენისთვის - მათ ბევრად, ბევრად უკეთეს პოზიციაში აყენებს”.
იყო ეს ე.წ. „ყალბი დროშის ოპერაცია“ თუ „ეროვნული დროშის ირგვლივ გაერთიანების“ მცდელობა, ძნელი სათქმელია. შესაძლოა, კრემლს სურდეს, დაარწმუნოს ხალხი, რომ უკრაინელები პრეზიდენტის მოკვლას ცდილობენ და ამას ერთგვარი მობილიზაციის ეფექტი ჰქონდეს. მაგრამ მეორე მხრივ ეს ცოტა შეურაცხმყოფელიც უნდა იყოს - თუკი მათ კრემლის დრონებისგან დაცვაც არ შეუძლიათ. მაშინ ეს აჩვენებს მათ არაორგანიზებულობას და იმას, რომ არ შეუძლიათ ქვეყნის უმთავრესი ინფრასტრუქტურის დაცვა. მე არ მგონია რომ ეს თვითონ გაეკეთებინათ.
ვარიანტი, რომელზეც ყველაზე ცოტას ვლაპარაკობთ, ისაა, რომ შესაძლოა ეს რუსეთის შიგნითვე მოქმედმა რომელიმე ანტი-პუტინისტურმა მეამბოხე ჯგუფმა გააკეთა. ეს ძალიან დაუხვეწავი თავდასხმა იყო და სწორედ ასე გამოიყურებოდა. ჩემთვის ეს ყველაზე უფრო დასაშვები ახსნაა.
ხომ არ უნდა ველოდოთ კრემლისგან მეტ ესკალაციას დასავლეთის მიმართ საბაბად სწორედ ამ თავდასხმის გამოყენებით?
კრემლის ბრალდებები არანაირად არაა სანდო იმის შესახებ, რომ ეს უკრაინელებმა გააკეთეს, ან რომ მით უმეტეს ვაშინგტონმა დაავალა მათ ამის გაკეთება. კრემლის შენობაზე ამ ძალიან დაუხვეწავი და წარუმატებელი თავდასხმით ვერც კიევი და ვერც ვაშინგტონი ვერაფერს მიაღწევდნენ.
თანაც, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკრაინელები საკუთარი სიცოცხლისთვის იბრძვიან და ისინი აკეთებენ იმას, რაც მათ ინტერესებშია და არა იმას, რასაც პარტნიორები ეუბნებიან. ამ ომის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ, რომ ხშირად ის, რის გაკეთებასაც უკრაინის პარტნიორები მართებულად მიიჩნევდნენ, განსხვავდებოდა იმისგან, რასაც ისინი [უკრაინელები] აკეთებდნენ.
რუსეთის უშუალო ტერიტორიაზე თავდასხმის რისკი და შესაძლებლობა არის სწორედ ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც უკრაინა შორი რადიუსის მქონე სარაკეტო სისტემებს ჯერაც ვერ იღებს. ვაშინგტონი ამბობს, რომ ეს მხოლოდ უკრაინის საქმეა და კიევის გადასაწყვეტია, როგორ აწარმოებს ომს, თუმცა დასავლეთში ამ თემაზე შეშფოთება ნამდვილად არსებობს. როგორ ფიქრობთ, სად დგას დასავლეთი ამ საკითხის თაობაზე ახლა, ომის ამ ეტაპზე?
დიახ, ამერიკის ოფიციალური პოზიციაა, რომ არ მიეწოდოს უკრაინას ისეთი იარაღი, რომლითაც შესაძლებელია რუსეთის სიღრმეში დარტყმა იმ შემთხვევაშიც კი, თუ კიევი პირობას დადებს, რომ ამ სისტემებს ამ მიზნით არ გამოიყენებს. „ატაკამსებით“ შესაძლებელი იქნებოდა რუსეთის სამეთაურო ცენტრებამდე მიღწევაც, მათი ლოგისტიკისა და მომარაგების თავდასხმის რადიუსში მოქცევა, რაც მათ სამანევრო ძალებს საქმეს კიდევ უფრო გაურთულებდა და ფრონტის ხაზიდან კიდევ უფრო შორს გაწევას აიძულებდა. მაგრამ ვაშინგტონში ამ საკითხის შესახებ კვლავ ყოყმანობენ, რადგან არსებობს რისკი, რომ „ატაკამსების“ რაკეტა საბოლოოდ რუსეთის საზღვრების შიგნით დაეშვება და მოსკოვს ესკალაციის საბაბს მისცემს.
9 მაისს ვლადიმირ პუტინმა მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის გამარჯვებაზე საუბრისას თქვა, რომ სამშობლო კვლავ ეგზისტენციალური საფრთხის წინაშეა და რომ დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ „ნამდვილი ომი“ აქვს გაჩაღებული. როგორია რუსული ჯარის მდგომარეობა და როგორ შეიცვალა ის გასული 9 მაისიდან წლევანდლამდე?
რუსეთი ახლა სამხედრო კუთხით ბევრად იმაზე უარეს პოზიციაშია, ვიდრე გასული წლის თებერვალში იყო. ამერიკის უახლესი ცნობებით, რუსებმა ბოლო 5 თვის განმავლობაში 100 000 ადამიანი დაკარგეს. დანაკარგის ეს მაჩვენებელი შემაძრწუნებელია. მაგრამ იმასაც ვკითხულობთ, რომ მობილიზაციის რაუნდების გამო, რუსული ჯარი ახლა იმაზე დიდია, ვიდრე - ომის დაწყებამდე იყო. ერთი მხრივ, წარმოუდგენელი მასშტაბის დანაკარგებია, მეორე მხრივ კი, ესაა ჯარი, რომელსაც შეუძლია რეგენერირება, საბრძოლო ძალის თავიდან წარმოქმნა. ისინი არ არიან დამარცხებულნი. მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში შეძლებენ თუ არა კვლავ განაგრძონ საბრძოლო ძალის, განსაკუთრებით კი საბრძოლო აღჭურვილობის, თავიდან წარმოქმნა, ეს ჯერ კიდევ საკითხავია.
ერთ-ერთი რამ, რაზეც არ მაქვს პასუხი, მაგრამ ძალიან მაინტერესებს, არის ის, რაზეც ცოტა ხნის წინ მინისტრმა შოიგუმ ისაუბრა. თქვა, რომ აპირებენ ზუსტი დამიზნების ამუნიციის წარმოების მასშტაბების გაზრდას. ჩემი გაგებით, ყველაფერი, რაც ზუსტი დამიზნების ტექნოლოგიას უკავშირდება, მათ მხოლოდ სანქციების გვერდის ავლით შეეძლოთ ჰქონოდათ. მიკროპროცესორები, რომლებიც ასეთ იარაღს სჭირდება, დასავლური კომპანიების წარმოების იყო, მათ ვერც რუსეთი და ვერც ჩინეთი ვერ აწარმოებს. საინტერესოა, შეუძლიათ კი მათ მართლაც გაზარდონ წარმოება და აწარმოონ ზუსტი დამიზნების ისეთი კარგი პროცესორები, როგორებიც მანამდე ჰქონდათ? ექნებათ კი მათ ისეთივე სიზუსტე? მაგრამ რუსეთი არ დამარცხებულა, არ დამთავრებულა.
რუსეთის შეიარაღებული ძალების ოფიციალურ მეთაურებსა და დაქირავებულ მებრძოლთა ჯგუფ „ვაგნერს“ შორის უთანხმოება ბოლო დროს ისეთი აშკარაა, როგორც - არასდროს. როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს ეს ურთიერთბრალდებები თავად რუსეთის ძალებისთვის და მეორე მხრივ უკრაინისთვის?
ვფიქრობ, ძალიან საინტერესოა რუსეთში ოფიციალურ სტრუქტურებს, მათ ლიდერებსა და პრიგოჟინ-ვაგნერს შორის ასეთ ღია დაპირისპირებაზე დაკვირვება. ეს აჩვენებს რუსეთში ძალის ფორმალურ და არაფორმალურ სტრუქტურებს შორის სერიოზულ დაყოფას. ამბობენ, რომ პუტინს ეს ძალიანაც მოსწონს, რადგან მხოლოდ მას შეუძლია პროცესის მართვა და სასწორის რომელიმე მხარეს თითის დაჭერა იმისთვის, რომ მათ ერთმანეთთან კონკურენცია გააგრძელონ და თავად - საბოლოო არბიტრად დარჩეს. მაგრამ ამ პროცესზე კონტროლი შეიძლება დაიკარგოს კიდეც. ჩემი აზრით, ეს უკვე პუტინისთვისაც ძალიან საშიში თამაშია - წაახალისოს ასეთი ღია დაპირისპირება იმ ორ უმთავრეს ჯგუფს შორის, რომელიც უკრაინაში იბრძვის.
ვფიქრობ, ეს უკრაინისთვის დიდი უპირატესობაა. როცა შენ ებრძვი ორ ძალას, რომელიც ერთმანეთთან კოორდინირებული არაა და ზოგ შემთხვევაში ერთმანეთს ეჯიბრება კიდეც, ყოველთვის არის სივრცე, რომელიც შეიძლება გამოიყენო. შენ არ ებრძვი მოწინააღმდეგეს, რომელიც ერთობლივად გიტევს, ერთმანეთს ეხმარება შენზე თავდასხმაში. ისინი ცალცალკე გიტევენ, და თითქოს თავთავიანთ საქმეს აკეთებენ ბახმუტის ირგვლივაც და სხვაგანაც, უკრაინაში. ასე რომ, უკრაინაელებს არ უწევთ მათთან გამკლავება ერთობლივად. ისინი მათ ინიდივიდუალურად და კარგად უმკლავდებიან.
და რა ვიცით უკრაინულ ჯარზე? ომის 15 თვის დიდი ნაწილი მართლაც იყო „ომი გამოფიტვამდე“. დიდი დანაკარგებით არა მხოლოდ რუსულ მხარეს, სავარაუდოდ, დიდია მოკლულთა თუ დაშავებულთა რიცხვიც. მაშინ, როცა რუსეთის შესაძლებლობაზე ვსაუბრობთ, რომ ისევ და ისევ შეავსოს საკუთარი რიგები, როგორ გამოიყურება უკრაინის არმია ახლა?
ამ ომის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ირონია ჩემთვის ისაა, რომ ჩვენ, დასავლეთში რუსეთის ჯარის მდგომარეობაზე უფრო მეტი ვიცით, ვიდრე - უკრაინის. ამას კი ორი მიზეზი აქვს: ჩვენ გამუდმებით, პროაქტიულად ვაგროვეებთ დაზვერვის ინფორმაციას რუსეთის ჯარის შესახებ ყველა იმ პლატფორმით, რაც კი გვაქვს, ყველანაირი დაზვერვით. ვცდილობთ გავიგოთ რუსული ჯარის მდგომარეობა და საკმაოდ კარგი წარმოდგენა გვაქვს მასზე. უკრაინელები კი, თავის მხრივ, გვეუბნებიან მხოლოდ იმას, რაც უნდა ვიცოდეთ საიმისოდ, რომ მათ დავეხმაროთ. მათი საოპერაციო უსაფრთხოება ძალიან კარგია და მათ პოზიციაში მეც იგივეს გავაკეთებდი. განსაკუთრებით კი ამერიკისგან ბოლო გაჟონვის შემდეგ ძალიან ფრთხილად ვიქნებოდი იმის თაობაზე, რას ვეტყოდი ჩვენს თავს ისეთს, რაც პირდაპირ არ იქნებოდა დაკავშირებული მათთვის დახმარების გაზრდასთან. ასე რომ, შედარებით ნაკლები ვიცით უკრაინელთა მსხვერპლის შესახებ. ამასთან, ჩვენ არ ვაგროვებთ დაზვერვის ინფორმაციას უკრაინელებზე ისე, როგორც რუსებთან მიმართებით ვაკეთებთ. ისინი ჩვენი პარტნიორები არიან და არა - მოწინააღმდეგე. მაგრამ შეგიძლიათ იგულისხმოთ, რომ უკრაინასაც ძალიან დიდი რაოდენობით მსხვერპლი ჰყავს. ეს იქცა გამანადგურებელ ბრძოლად, ბრძოლად გამოფიტვამდე, ინდუსტრიული ეპოქის ომად და არა - 21-ე საუკუნის მაღალტექნოლოგიურ უკონტაქტო ომად. ესაა ომი, როგორიც შეიძლებოდა თავისუფლად ყოფილიყო 1940-იან, 50, 60, 70-იან წლებში. ასეთი ომი წარმოქმნის დაუჯერებლად ბევრ მსხვერპლს დაღუპულთა და დაშავებულთა სახით.
როგორ ისახება ეს ციფრები ფრონტზე? როგორ ბალანსდება ეს რაოდენობა ომის სხვა ასპექტებით?
ეს შესანიშნავი შეკითხვაა. ამას ხშირად ვიმეორებ: ომი არაა მათემატიკური ამოცანა, რომელიც ამოიხსნება იმის მიხედვით, თუ ვინ დაკარგა თავისი ძალების მეტი ან ნაკლები ჯარისკაცი. ეს ასე არ მუშაობს. ამას ემატება მორალის ელემენტიც.
უკრაინელები ეგზისტენციალურ ომს იბრძვიან, ესაა ბრძოლა, ომი, რომელსაც თუკი კატასტროფულად წააგებენ, ამით შეწყდება მათი, როგორც სახელმწიფოს და როგორც დამოუკიდებელი ერის არსებობა. უკრაინისთვის სასწორზე ძალიან დიდი რამ დევს. უკრაინელი ხალხის ერთობა, მისი შეიარაღებული ძალების მორალი, იმის ცოდნა, რომ ისინი იბრძვიან სამართლიან და ეთიკურ ომს და ესაა ომი გადარჩენისთვის - მათ ბევრად, ბევრად უკეთეს პოზიციაში აყენებს. ესაა ომის არამატერიალური, იდეური ნაწილი. მხარე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია - ომის ადამიანური მხარე და არა - მექანიკური ან ტექნოლოგიური. ვფიქრობ, ამ მხრივ უკრაინელები ბევრად უკეთეს პოზიციაში არიან, ვიდრე - რუსები.
მოლოდინი რომ ძალიან მაღალია, ეს აშკარაა. მაგრამ რამდენად მაღალია ამ მოლოდინით გამოწვეული რისკები? რამდენად ძლიერი გავლენა ექნება უკრაინის მხარდაჭერაზე იმას, თუ როგორ და რამდენად სწრაფად წარიმართება მოვლენები ბრძოლის ველზე?
დიახ, სიმართლე გითხრათ, ეს ძალიან დიდი რისკია: რომ ჩვენ, დასავლეთში იმის დიდი სურვილით, რომ დავამთავროთ ეს ომი და წინ წავიდეთ, გვექნება არარეალისტური მოლოდინები იმისა, თუ რის მიღწევა შეუძლიათ უკრაინელებს ამ გაზაფხულის თუ ზაფხულის კონტრშეტევით. შემდეგ კი შეიძლება მოუთმენლობაც დაგვეტყოს, როცა შეტევა ერთი ამოსუნთქვით, სულის შებერვით არ დაამთავრებს ამ ომს.
რუსულ ჯარს, მაშინაც კი თუკი ის უკრაინაში, ბრძოლის ველზე დამარცხდება, ბევრი გზა აქვს იმისა, რომ განაგრძოს ომი. ომში აქამდე მნიშვნელოვნად არ ყოფილა ჩართული რუსეთის საჰაერო ძალები. მას შეუძლია მასობრივი ზიანის მიყენება უკრაინისთვის მაშინაც კი, თუკი ხმელეთზე რუსეთის ძალებს მკვეთრად უკუაგდებენ და თუნდაც გააძევებენ აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიიდან.
მე მაწუხებს ის, რომ ჩვენ, დასავლეთში გვაქვს არარეალისტური მოლოდინი იმის შესახებ, თუ რის გაკეთება შეუძლიათ უკრაინელებს. და თუკი მათი წარმატება ჩვენს მოლოდინს არ შეესაბამება, მაშინ შეიძლება გაჩნდეს კიდეც იდეა, რომ უნდა შევეგუოთ იმას, რომ ეს ე.წ. „გაყინული კონფლიქტია“ და მოსაზრება, რომ უნდა შევამციროთ უკრაინის დახმარება, ფართოდ გავრცელდება დასავლეთში: აზრი, რომ მივცეთ მათ ყველაფერი არა იმისთვის, რომ გაიმარჯვონ, არამედ ყველაფერი იმისთვის, რომ არ დამარცხდნენ.
თუკი ეს იერიში არ დაასრულებს ომს, და ის მას ვერ დაასრულებს, შესაძლოა ამგვარი მოსაზრებები გაისმას. ეს იმიტომ, რომ ის, რასაც ბრძოლის ველზე უკრაინა მიაღწევს, შეიძლება არ შეესაბამებოდეს იმას, რაც დასავლეთში წარმოუდგენიათ. ამ დროს შეიძლება ვნახოთ კიდეც მოლაპარაკებებისკენ ბიძგი. არ მგონია ასეთი რამ ამერიკის მთავრობისგან მოვისმინოთ, მაგრამ შესაძლოა სხვა დედაქალაქებში დაიწყოს დისკუსია ამაზე, ან თუნდაც კონგრესში. ეს უკრაინელებს რთულ პოზიციაში ჩააყენებდა.
რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ომი რაღაც ეტაპზე, რაღაც ტიპის მოლაპარაკებით დასრულდება, მაგრამ ვერანაირი მოლაპარაკება ვერ იქნება წარმატებული მანამ, სანამ ორივე მხარეს არ ექნება რწმენა, რომ ამ მოლაპარაკებით უკეთეს შედეგს მიიღებს, ვიდრე - სამხედრო მოქმედებებით. ახლა კი ეს ნამდვილად არაა ასე.
იმის მიხედვით, რასაც ამ ეტაპზე ვხედავთ, როგორ ფიქრობთ, რამენაირად დააზიანა ამერიკაში მომხდარმა, საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვამ უკრაინის სამხედრო ოპერაციები ან კონტრიერიშთან დაკავშირებული მისი გეგმები?
ამან ალბათ გარკვეულწილად დააზიანა უკრაინელების ნდობა ჩვენ მიმართ და ის თუ რა ინფორმაციის გაზიარებაზე იგრძნობენ თავს კომფორტულად. მაგრამ ვერ ვხედავთ, რომ დაზვერვის ინფორმაციის გამჟღავნებას უკრაინაში საომარ ძალისხმევაზე რაიმე გავლენა ჰქონდეს.
და ბოლოს, ბევრს საუბრობენ იმის შესახებ, რომ უკრაინისთვის ყველაზე პრიორიტეტული სამხრეთში ტერიტორიების დაბრუნება, ყირიმთან საოკუპაციო ძალების კავშირის გაწყვეტა და იერიშების ამგვარად გაგრძელებაა. რას ფიქრობთ სამხედრო სიტუაციის მიხედვით იერიშის პოტენციალზე, მის მიმართულებებსა და შესაძლებლობებზე?
დიახ, ყველა სამხრეთზეა ფოკუსირებული. მელიტოპოლისა და მარიუპოლის მიმართულებაზე. რომ გადაიჭრას ტერიტორია აზოვის ზღვამდე და გაწყდეს ყირიმთან სახმელეთო ხიდი, რუსებს კი რეალური პრობლემა შეექმნათ. ეს ერთგვარი „პირდაპირი გზაა“.
მაგრამ არსებობს მეორე, არაპირდაპირი გზაც, რომელიც შეიძლება გულისხმობდეს რუსულ ძალებზე თავდასხმას არა სამხრეთში, არამედ სადმე იქ, სადაც ისინი ამას ყველაზე ნაკლებად ელიან. მთავარი იქნებოდა არა დაუყოვნევლივ ყირიმთან ხიდის გაწყვეტა და ყირიმის მოწყვლად პოზიციაში ჩაგდება, არამედ უკრაინაში მყოფი რუსული ძალებისთვის რისკის შექმნა. შესაძლოა სჯობდეს, რუსეთის ძალების რიგების გარღვევა სადმე სხვაგან, უფრო აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით, თუნდაც ხარკივის სექტორში. ამის შედეგად რუსებს ექნებათ არჩევანი: ან უკან დაიხიონ და თავდაცვის ხაზები შეინარჩუნონ, ან უკრაინელები აღმოჩნდებიან მათ ზურგსუკან მაშინ, როცა ისინი დანაწევრებულნი იქნებიან და უკრაინელები მათ გარს შემოერტყმებიან.
მე უფრო ირიბი მიდგომის მომხრე ვარ, უფრო მეტი მოთმინებით წარმართული ძალისხმევის, რომლითაც ისინი
არ ეცდებიან ყირიმს მაშინვე საფრთხე შეუქმნან. მგონია, რომ სჯობს უფრო მოულოდნელი და არატრადიციული დარტყმა, რომელიც [დანარჩენ უკრაინაში მყოფ] რუსულ ძალებს აგდებს საფრთხეში უფრო მეტად, ვიდრე - ყირიმის ნახევარკუნძულის ნაწილს. რადგან თუ რუსული ძალები საფრთხეშია, მაშინ უკრაინაში მათი გადარჩენაა საფრთხის ქვეშ და ვფიქრობ ეს უკრაინელებს კიდევ უფრო უკეთეს პოზიციაში აყენებს.