გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ბერლინი ყურადღებით აკვირდება ვითარებას პოლონეთში და კონტაქტშია ვარშავასთან და ნატოს მოკავშირეებთან.
„ჩემი განცდებით პოლონეთთან ვარ, ჩვენს ახლო მოკავშირესთან და მეზობელთან“ - წერს „ტვიტერზე“ ანნალენა ბაერბოკი.
პოლონური მედიის ცნობით, პოლონეთში სავარაუდოდ ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რა დროსაც 2 ადამიანი დაიღუპა. ამ დრომდე მომხდარის დეტალები ზუსტდება.
პოლონეთში რუსული რაკეტის ჩამოვარდნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას შეერთებული შტატები ამ დროისთვის არც ადასტურებს და არც უარყოფს. პენტაგონში გამართულ პრესკონფერენციაზე, თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერმა თქვა, რომ ამერიკა ამ დროისთვის არ ფლობს დამატებით მტკიცებულებებს ინფორმაციის დასადასტურებლად.
"მედია იუწყება, რომ ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა პოლონეთში უკრაინის საზღვრის მახლობლად. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია ამ მომენტისთვის ამ ინფორმაციის დასადასტურებლად. როცა ჩვენ გვექნება განახლებული ცნობები, გავაკეთებთ განცხადებას,"- თქვა პენტაგონის პრესსპიკერმა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო ცნობები იმის შესახებ, რომ მათ რაკეტები პოლონეთის ტერიტორიის მიმართულებით ისროლეს. უწყება გავრცელებულ ინფორმაციას „წინასწარ განზრახულ პროვოკაციას“ უწოდებს, „რომელიც მიზნად ვითარების ესკალაციას ისახავს.“
განცხადებაში ნათქვამია: „არანაირი დარტყმა უკრაინა-პოლონეთის სახელმწიფო საზღვართან მდებარე ობიექტზე, რუსული გამანადგურებელი საშუალებით არ განხორციელებულა.“
დღეს რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმები განახორციელა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, ეს ყველაზე ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიშია, 24 თებერვლიდან დღემდე. მოსკოვის სამიზნე კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები იყო.