პოლონეთში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა გააკეთა. მან "ტვიტერზე" შემდეგი გზავნილი გამოაქვეყნა:
"შოკირებული ვარ ცნობებით პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტის ან სხვა საბრძოლო მასალის მიერ ადამიანების მოკვლის შესახებ. ვუსამძიმრებ ოჯახებს. ჩვენ ვდგავართ პოლონეთის გვერდით. მე კონტაქტზე ვარ პოლონეთის ხელისუფლებასთან, ევროპული საბჭოს წევრებთან და სხვა მოკავშირეებთან".
პოლონეთში რუსული რაკეტის ჩამოვარდნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას პენტაგონი ამ დროისთვის არც ადასტურებს და არც უარყოფს. პენტაგონში გამართულ პრესკონფერენციაზე, თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერმა თქვა, რომ ამერიკა ამ დროისთვის არ ფლობს დამატებით მტკიცებულებებს ინფორმაციის დასადასტურებლად.
"მედია იუწყება, რომ ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა პოლონეთში უკრაინის საზღვრის მახლობლად. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია ამ მომენტისთვის ამ ინფორმაციის დასადასტურებლად. როცა ჩვენ გვექნება განახლებული ცნობები, გავაკეთებთ განცხადებას,"- თქვა პენტაგონის პრესსპიკერმა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო ცნობები იმის შესახებ, რომ მათ რაკეტები პოლონეთის ტერიტორიის მიმართულებით ისროლეს. უწყება გავრცელებულ ინფორმაციას „წინასწარ განზრახულ პროვოკაციას“ უწოდებს, „რომელიც მიზნად ვითარების ესკალაციას ისახავს.“
განცხადებაში ნათქვამია: „არანაირი დარტყმა უკრაინა-პოლონეთის სახელმწიფო საზღვართან მდებარე ობიექტზე, რუსული გამანადგურებელი საშუალებით არ განხორციელებულა.“
დღეს რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმები განახორციელა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, ეს ყველაზე ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიშია, 24 თებერვლიდან დღემდე. მოსკოვის სამიზნე კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები იყო.