ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოჩვენებათა ქალაქი აღმოსავლეთ უკრაინაში


ვოვჩანსკი
ვოვჩანსკი

უკრაინა-რუსეთის საზღვრიდან 4 კილომეტრში, ამ ქალაქის ქუჩები ცარიელია. უკრაინის ჩრდილოეთ, ხარკივის რეგიონის დიდი ნაწილის მსგავსად, ქალაქი ვოვჩანსკი რუსეთის ძალებმა 24 თებერვალს, უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის გამოცხადებიდან, რამდენიმე ათეულ საათში დაიკავეს. ქალაქი სექტემბერში უკრაინული კონტრშეტევის დროს გათავისუფლდა, რომელმაც რუსული ძალები რეგიონიდან განდევნა.

”ბევრი ადამიანი წავიდა,” - ამბობს 84 წლის ვიქტორ ბონდარენკო, რომელიც ერთ-ერთი იმ რამდენიმე მაცხოვრებელთაგანია, რომელიც ნაცრისფერ ქუჩებში, ჩაკეტილ მაღაზიებს შორის სეირნობდა, როცა იქ „რადიო თავისუფლება“ ჩავიდა. „ბევრი ფიქრობს, რომ აქ კიდევ იქნება ბრძოლები. ხალხს შეეშინდა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ისინი უნდა დარჩენილიყვნენ“, - ამბობს ის.

ვიქტორ ბონდარენკო
ვიქტორ ბონდარენკო

მიუხედავად იმისა, რომ ვოვჩანსკი, სადაც შემოსევამდე დაახლოებით 18 000 ადამიანი ცხოვრობდა, თვეების განმავლობაში იყო ოკუპირებული, ადგილზე შეტაკებები არ ყოფილა. უკრაინელებიც და რუსებიც ქალაქიდან ბრძოლის გარეშე გავიდნენ. თუმცა ვოვჩანსკი, რუსული ნაღმმტყორცნების და არტილერიის მხრიდან, კვლავ რეგულარული დაბომბვის ქვეშაა.

უკრაინელი ჯარისკაცები ამბობენ, რომ რუსულ ჯარს დიდად არ აწუხებს სამიზნის საკითხი.

„რუსულ ძალებს მხოლოდ მოსახლეობის დაშინება სურთ“, - უთხრა ერთმა ჯარისკაცმა, რომლის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა უკრაინის სამხედრო რეგულაციების გამო, „რადიო თავისუფლების“ და „ამერიკის ხმის“ ერთობლივ ტელეარხს, „ნამდვილი დროება“. „ამ ტერიტორიაზე სამხედრო სამიზნეები არ არის. მაღაზიების, სათამაშო მოედნების და საავადმყოფოების განადგურებას აზრი არ აქვს. ერთადერთი მიზანი პანიკის დათესვაა“, - თქვა ჯარისკაცმა.

მუდმივ დაბომბვას როგორც ჩანს, სასურველი შედეგი აქვს. ვოვჩანსკში ყოველდღიურად სულ უფრო ნაკლები მშვიდობიანი მოქალაქე რჩება. დაკეტილია ყველა მაღაზია, აფთიაქი, კაფე და სხვა ბიზნესი.

სამთავრობო უწყებები და სასწრაფო სამსახურები აქ არ მუშაობენ, რაც ანელებს ნორმალური ცხოვრების დაბრუნების შესაძლებლობას.

„სადაც არ უნდა წახვიდე, ადმინისტრაცია თუ საკრებულო, იქ არავინ არის“, - თქვა ბონდარენკომ. „ვერავისგან ვერაფერს მიიღებ. მოწყენილი ვარ აქ სულ მარტო. ეს ნამდვილად რთულია. ”

როდესაც ჟურნალისტი ბონდარენკოს დაეწია, ის უკრაინის სამხედრო პოსტისკენ მიდიოდა.

”ახლა იქ მივდივარ, რომ ცოტათი მაინც გავთბე“ - განმარტა მან. ”84 წლის ვარ. 10 დღეა გაზი არ მქონია და სახლშიც ისევე ცივა, როგორც გარეთ... და არც ელექტროენერგიაა.”

60 წლის ვალერიმ, რომელმაც უარი თქვა გვარის გამხელაზე, ასევე გადაწყვიტა ვოვჩანსკში დარჩეს. მისი თქმით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ცდილობდნენ მის იძულებას, ჯარს შეერთებოდა.

ვალერი
ვალერი

თუმცა გაუშვეს, მას შემდეგ რაც მისი ასაკი დაამტკიცა. მაგრამ მალევე ქუჩაში დააკავეს და ორი დღის განმავლობაში სანგრები ათხრევინეს. ვალერიმდე ბოლო დღეებში ჰუმანიტარულ დახმარებას არ მიუღწევია და ჩივის, რომ ქალაქში არც მაღაზიები და არც საბანკო აპარატები არ მუშაობს.

”ჩვენ მათხოვრებივით დავდივართ”, - თქვა მან. „ანგარიშზე მაქვს 18 000 ჰრივნია (485 დოლარი), მაგრამ ფული აღების გზა არ არსებობს“.

ადგილობრივმა ქალბატონმა, რომელმაც ვინაობა არ დაასახელა, თქვა, რომ ხალხი ცდილობს სახლიდან ძალიან შორს არ წავიდეს, იმ შემთხვევაში, თუ სასწრაფოდ თავშესაფარი დასჭირდებათ.

”დილით პურზე რაც შეიძლება ადრე მიდიხარ“, - თქვა მან. ”მაგრამ მაშინაც კი არ იცი, მიაღწევ სახლში თუ არა.”

XS
SM
MD
LG