ნატოს მადრიდის სამიტზე, რუსეთი „ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ“ საფრთხედ გამოცხადდა. ნატოს კომუნიკეში აღნიშნულია, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უკრაინაში რუსული ომი ყველაზე დიდი უსაფრთხოების კრიზისია.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთის ქმედებები ევროპის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს და ცვლის დღის წესრიგს.
ნატოს მადრიდის სამიტზე, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას აღმოუჩინონ დამატებითი როგორც პოლიტიკური ასევე პრაქტიკული მხარდაჭერა. გენერალური მდივანი სტოლტენბერგი ამბობს, რომ დღეს უკრაინა საკუთარ დამოუკიდებლობასთან ერთად დასავლური ღირებულებებისა და უსაფრთხოებისთვის იბრძვის.
სამიტის ფარგლებში, ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებს უკრაინის პრეზიდენტმა მიმართა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო გააკრიტიკა და თქვა, სამხედრო ალიანსისგან დამატებითი შეიარაღებას ითხოვს. პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, უკრაინელ სამხედროებს სჭირდებათ იარაღი დაუყონებლივ რათა შეძლონ რუსული ჯარის დამარცხება.
მოწინავე მძიმე ტექნიკასთან ერთად კიევი დასავლეთისგან დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას მოითხოვს. ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში თქვა, რომ თუ რუსეთის დამარცხება უკრაინაში არ მოხდა, რუსული ჯარი უკრაინაზე არ შეჩერდება.
„ჩვენ გვჭირდება საარტილერიო იარაღი, რათა მოვიპოვოთ უპირატესობა, ჩვენ გვჭირდება ბევრად უფრო თანამედროვე სისტემები, თანამედროვე არტილერია,“- თქვა ზელენსკიმ ნატოს მადრიდის სამიტზე გამოსვლის დროს.
სამიტზე ასევე ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, ახალ მუდმივ შტაბ-ბინას პოლონეთში შექმნის და გააძლიერებს გრძელვადიან სამხედრო ყოფნას მთელს ევროპაში. განცხადება ამის შესახებ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააკეთა.
ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ვაშინგტონი ევროპაში დამატებით ამერიკულ გემებს, ავიაგამანადგურებლებს და სამხედრო მოსამსახურეებს გაგზავნის.
„როდესაც ვამბობთ, რომ თავდასხმა ერთზე არის თავდასხმა ყველაზე, ჩვენ ამას ნამდვილად ვგულისხმობთ,“- თქვა პრეზიდენტმა ბაიდენმა.
ნატოს სამიტი დღეს დასრულდება, სამიტზე გზა გაეხსნა ალიანსში აქამდე ნეიტრალური ქვეყნების, შვედეთის და ფინეთის წევრობის პერსპექტივას.
Facebook Forum