ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ენ ლინდემ სამშაბათს განაცხადეს, რომ თურქთთან მოლაპარაკებებში გარკვეული პროგრესია. მოლაპარაკების მიზანი თურქეთის წინააღმდეგობის დაძლევაა, რომლის შემდეგაც ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები ნატოში გაწევრიანებას შეძლებენ.
თურქეთი, ნატოს წევრი ქვეყანა, შვედეთისა და ფინეთის თავდაცვით ალიანსში გაწევრიანებას ბლოკავს და მათ ქურთული ჯგუფების მხარდაჭერაში ადანაშაულებს, რომლებსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციებად მიიჩნევს.
ნატოს ლიდერები, სავარაუდოდ, მოუწოდებენ თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანს მადრიდის სამდღიან სამიტზე, რომელიც 28 ივნისს დაიწყო, მოხსნას შვედეთის და ფინეთის ალიანსში გაწევრიანების ბლოკი. ეს დასავლეთის მხრიდან მოკავშირეების ერთიანობასთან დაკავშირებით, რუსეთისა და ჩინეთისთვის გაგზავნილი სიგნალიც იქნება.
„ჩვენ მზად ვართ იმ შემთხვევისთვის, რომ რაღაც პოზიტიური შეიძლება მოხდეს დღეს, მაგრამ ამას შეიძლება მეტი დრო დასჭირდეს“, უთხრა ლინდემ გაზეთ „სვენსკა დაგბლადეტს“.
ფინეთის პრეზიდენტმა მეტი სიფრთხილე გამოიჩინა და თქვა, რომ მოლაპარაკებებში მეტი ურთიერთგაგება იყო, მაგრამ ის არც ოპტიმისტური იყო და არც პესიმისტური.
”ზოგადი შეხედულებაა, რომ დისკუსიები უკეთესად წარიმართა, რაც უნდა ნიშნავდეს, რომ ურთიერთგაგება გაიზარდა ორივე მხრიდან”, განუცხადა ნიინისტომ ჟურნალისტებს
მადრიდის ნატოს სამიტზე გამგზავრებამდე ერდოღანმა თქვა, რომ ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებმა უნდა გაითვალისწინონ თურქეთის შეშფოთებები და მათი პოზიცია გამოხატონ არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც, თუ მათ სურთ გახდნენ ნატოს წევრები.
შვედეთმა და ფინეთმა გასულ თვეს განაცხადეს, რომ ნეიტრალიტეტზე უარს ამბობენ და ნატოში გაწევრიანება სურთ. ორივე ქვეყანაში, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, ნატოში გაწევრიანების სასარგებლოდ საზოგადოებრივი აზრი მნიშვნელოვნად შეიცვალა.
სტოკჰოლმი და ჰელსინკი ალიანსში წევრობისთვის მზად არიან. ნატო კონსენსუსზე დაფუძნებული ორგანიზაციაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა წევრის თანხმობის გარეშე, ფინეთი და შვედეთი ალიანსის წევრები ვერ გახდებიან.