ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრში 40-მდე დაკარგულს ეძებენ


Spasioci pretražuju ruševine tržnog centra u Kremenčuku
Spasioci pretražuju ruševine tržnog centra u Kremenčuku

უკრაინის ქალაქ კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრის ნანგრევებში მოქალაქეების ძებნა გრძელდება. ცენტრისთვის ნასროლმა რუსულმა რაკეტამ ამ დროისთვის არსებული დადასტურებული ინფორმაციით 18 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 36 ადამიანს კი ჯერაც ეძებენ.

უკრაინული მხარე ამბობს, რომ რუსეთი განზრახ იღებს მიზანში მშვიდობიან მოსახლეობას. რუსეთი კი ამბობს , რომ მათი სამიზნე სავაჭრო ცენტრის მახლობლად მდებარე იარაღის საწყობი იყო, თავად ცენტრი კი მათი მტკიცებით, ცარიელი იყო.

გერმანიაში შეკრებილმა მსოფლიო ლიდერებმა მომხდარი მკაცრად დაგმეს. "დიდი შვიდეულის" წევრი ქვეყნების მეთაურები ამბობენ, რომ ისინი რუსული ნავთობისთვის მაქსიმალური ფასის დაწესების თაობაზე შეთანხმებულ გეგმას განახორციელებენ - ეს ახალი სტრატეგიაა იმისათვის, რომ რუსეთს ერთი მხრივ ომის დასაფინანსებლად საჭირო რესურსები ამოეწუროს, მეორე მხრივ კი გლობალური ეკონომიკური კრიზისი კიდევ უფრო არ გამწვავდეს. მათ ასევე დადეს პირობა, რომ გააგრძელებენ უკრაინის დახმარებას.

კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრში მყოფთა ნათესავები ცენტრის გადასწვრივ მდებარე სასტუმროსთან სპეციალურად გამოყოფილ ადგილას იკრიბებიან და სიახლეებს ელიან. მაშველების ნაწილი ამბობს, რომ ღამე მძიმე იყო და ნანგრევებიდან მხოლოდ გარდაცვლილი ადამიანები ამოჰყავდათ და გადარჩენილებს ამაოდ ეძებდნენ.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთს ადანაშაულებს და ამბობს, რომ ეს ევროპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული ტერორისტული თავდასხმა იყო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არ უარყოფს, რომ შეტევა მათი განხორციელებულია, თუმცა ამტკიცებს, რომ სამიზნე "დასავლური იარაღის" საწყობი იყო, რომელიც აფეთქდა და ცეცხლი სავაჭრო ცენტრზე სწორედ მისგან გავრცელდა, რომელიც იმ დროს ცარიელი იყო. კიევი აცხადებს, რომ ამ მოლის ირგვლივ არანაირი სამხედრო ბაზა ან საწყობი არ მდებარეობდა. სავაჭრო ცენტრთან ახლოს, რაკეტა მოხვდა ერთ-ერთ ქარხანასაც.

უკრაინული მხარის გარდა, რუსეთის განცხადებებს სიცრუეს უწოდებენ ის დაჭრილი მოქალაქეებიც, რომლებიც ჟურნალისტებს უყვებიან, როგორ დადიოდნენ მაღაზიებში ახლობლებთან ერთად, როცა აფეთქების ტალღამ დაარტყათ და როგორ "დატრიალდა ჯოჯოხეთი" ცეცხლწაკიდებულ ცენტრში.

"დიდი შვიდეულის" ლიდერებმა თავდასხმას "ამაზრზენი" უწოდეს და გავრცელებულ განცხადებაში თქვეს, რომ ვლადიმირ პუტინი და მისი დამხმარეები პასუხს აგებენ.

ომის საერთაშორისო დანაშაულებათა გამომძიებლები, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე ომში ჩადენილ დანაშაულებს იკვლევენ, ქალაქში ჩავიდნენ.

"ეს არის კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული. ვფიქრობ ეს არის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის სისტემატური დაბომბვის ნაწილი- რა მიზნით? ხალხის დაშინების, დახოცვის, ჩვენი ქალაქებისა და სოფლების დატერორების მიზნით", - ამბობს უკრაინის გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა.

24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში კიდევ ერთხელ შეიჭრა. 4 თვის შემდეგ რუსეთი ნაწილობრივ აკონტროლებს ქვეყნის აღმოსავლეთისა და სამხრეთის ზოგიერთ რეგიონსა და დასახლებას. დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს არაერთი სანქცია დაუწესეს და უკრაინას სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული კუთხით ეხმარებიან.

XS
SM
MD
LG