ომსაც აქვს წესები, რომლებიც მკაცრად კონტროლდება და დამნაშავეებიც მკაცრად ისჯებიან. ომის წესებს ჟენევის 1949 წლის და ჰააგის 1899 და1907 წლების კონვენციები ადგენს. მათთან ერთად, საომარი მოქმედებების დროს აკრძალულ მოქმედებებს საერთაშორისო სამართლის რამდენიმე ნორმა და მრავალმხრივი შეთანხმებები განსაზღვავს.
ომის დანაშაული არის ქმედება, რომელიც ჩადენილია შეიარაღებული კონფლიქტის დროს, რომელიც არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონებს. ეს კანონები შექმნილია მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად, თუმცა მათი ნაწილი სამხედროებსაც იცავს.
ომში არ შეიძლება მშვიდობიან მოქალაქეებზე განზრახ თავდასხმა. ასევე არ შეიძლება სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. აკრძალულია ზოგიერთი, მათ შორის, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენება. განსაკუთრებულ დანაშაულად ითვლება განზრახ მკვლელობა, გაუპატიურება, ან კონკრეტული ჯგუფის მასობრივი დევნა.
რას ნიშნავს გენოციდი?
გენოციდი საერთაშორისო სამართალში განიმარტება, როგორც კონკრეტული, ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფის ადამიანების განზრახ მკვლელობა, მათი განადგურების მიზნით სრულად ან ნაწილობრივ. გენოციდი გაცილებითი დიდი დანაშაულია, ვიდრე ეს ადამიანთა ჯგუფის მასობრივი მკვლელობაა. კანონი მოითხოვს, რომ წარდგენილ იყოს კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს ამა თუ იმ ჯგუფისა თუ ერის განზრახ განადგურების მცდელობა.
რა ტიპის ომის დანაშაულები იკვეთება უკრაინაში?
გამომძიებელი ჟურნალისტები ამბობენ, რომ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის მტკიცებულებები არსებობს. მათ ნაწილს ჯერ ხელები შეუკრეს შემდეგ კი მოკლეს.
ფოტო და ვიდეო მასალა თან უნდა დაერთოს მოწმეთა ჩვენებებს, უნდა ჩატარდეს ბალისტიკური ანალიზი, სასამართლო ექსპერტიზა და დნმ ტესტი. სწორედ ამიტომ უფლებადამცველი ჯგუფების წარმომადგენლები აგროვებენ მტკიცებულებებს. ორგანიზაცია "ჰუმან რაითს ვოჩი" ამბობს, რომ მათ უკვე აქვთ გაუპატიურების და სიკვდილით დასჯის დოკუმენტაცია.
"ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ საქმე გვაქვს განზრახ მკვლელობებთან. ჩვენ ვნახეთ მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებსაც ხელები ზურგსუკან ქონდათ შეკრული. ეს ფაქტები აჩენს მოსაზრებას, რომ ეს ადამიანები განზრახ მოკლეს შეიარაღებული კონფლიქტის დროს, ეს კი წარმოადგენს ომის დანაშაულს", - ამბობს რიჩარდ ვეირი "ჰუმან რაითს ვოჩიდან".
მტკიცებულებებს აგროვებენ და კითხავენ მოწმეებს უკრაინელი სამართალდამცავებიც. მათი როლი მტკიცებულებების შეგროვების პროცესში დიდია. სასამართლოში პროკურორებმა უნდა შეძლონ იმის დამტკიცება, რომ დანაშაული განზრახ იყო ჩადენილი.
"ფაქტების აღწერას ვახდენთ, იმისა რაც რუსმა სამხედროებმა აქ უკრაინის ტერიტორიაზე ჩაიდინეს. ჩვენს ეს მტკიცებულებები გვჭირდება საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში წარსადგენად", - ამბობს კაპიტანი ალა პუსტოვა, უკრაინის პოლიციის თანამშრომელი.
ვინ იძიებს ომის დანაშაულებს?
საერთაშორისო სისხლის სამართლის სამართლო ჰააგაში 2002 წელს სწორედ ამ მიზნით შეიქმნა, რათა დამოუკიდებლად მოხდეს ყველაზე მძიმე დანაშაულებების, როგორიცაა გენოციდის, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების და ომის დანაშაულების გამოძიება. სასამართლო მანამდე სხვა სახელით იყო ცნობილი.
საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო არის ბოლო ინსტანციის სასამართლო, რომელშიც 100 ქვეყანა შედის. რუსეთი და შეერთებული შტატები მისი წევრები არ არიან. სასამართლო საქმეს იღებს იმ შემთხვევაში, თუ საქმე არ არის გამოძიებული ან არ განიხილება ეროვნული სასამართლო სისტემის მიერ, რომელიც შეიძლება ჩამოშლილი იყოს. მას ასევე შეუძლია იმოქმედოს თუ ქვეყანა აშკარად ცდილობს ეჭვმიტანილს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა აარიდოს, ან თუ ბრალდებული არის იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც აღიარებს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს იურისდიქციას. გამოძიება შეიძლება დაიწყოს სასამართლოს მიერ წევრი სახელმწიფოს მოთხოვნის საფუძველზე. პროკურორს ასევე შეუძლია გამოძიება საკუთარი ინიციატივითაც დაიწყოს, რასაც სამი დამოუკიდებელი მოსამართლის წინასწარი ნებართვა სჭირდება. გამოძიების დაწყების თხოვნით სასამართლოსთვის მიმართვა ასევე შეუძლია გაეროს უშიშროების საბჭოს.
უკრაინაში რუსული ინტერვენციის განახლების შემდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) სამხედრო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
მსოფლიომ ნახა, რაც მოხდა ბუჩაში, მსოფლიო ნახავს რა გააკეთეს მათ ქვეყნის სხვა ქალაქებსა და რეგიონებში“
ზელენსკი მარიუპოლსა და ხარკოვზე საუბრობს, სადაც დაბომბილია სახლები, საავადმყოფოები და საბავშვო ბაღები, რაც ომის დანაშაულზე მიუთითებს. მარიუპოლის ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, რომ შენობების 90 პროცენტი დანგრეულია, 40 პროცენტი კი უბრალოდ აღარ არსებობს. სპეციალისტები ამბობენ, რომ კადრები თავად ვერ მეტყველებს და უნდა მოხდეს დამტკიცება, რომ იერიშის მიტანა არ ხდებოდა სამხედრო ობიექტებზე და მოიერიშეების სამიზნეები მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ.
მართლმსაჯულების სისხლის სამართლის სასამართლოს შეუძლია იმ პირთა გამოძიება და დევნა, რომლებიც ბრალდებულები არიან საერთაშორისო საზოგადოებისთვის მძიმე დანაშაულების ჩადენაში. სწორედ ამიტომ ყოფილი პროკურორები ამბობენ, რომ არ არის შემთხვევითი, როდესაც ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტები პუტინს ომის დამნაშავედ მოიხსენიებენ.
"ის (პუტინი) ომის დამნაშავეა," - ამბობს ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.
რა დრო სჭირდება გამოძიებას?
გამოძიება შეიძლება გაგრძელდეს წლები ან სულაც დეკადები. მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება რთული საკითხია, რადგან სასამართლოს საკუთარი პოლიცია და ჯარი არ ჰყავს და ის ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებს ეყრდნობა.
რუსეთი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს იურისდიქციაში არ არის. თუ ომის დანაშაული დადასტურდება რომელიმე გენერლის ან პრეზიდენტ პუტინის პასუხისგებაში მიცემა გამოწვევა იქნება, რადგან რუსეთი თანამშრომლობაზე წლებია უარს ამბობს.
„რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი უნდა გაიცეს", - ამბობს გაეროს ყოფილი მთავარი პროკურორი, კარლა დელ პონტე და ამატებს, რომ პუტინი ომის დამნაშავეა.
"ცნობები სანდოზე მეტია. მსოფლიოს მტკიცებულებების ნახვა შეუძლია. ეს აძლიერებს ჩვენს მიზანდასახულობას და მიზანდასახულობას მსოფლიოს სხვა ქვეყნებისა, რათა უზრუნველვყოთ, რომ ამა თუ იმ გზით, დღეს თუ ხვალ, მათი ვინც ეს მოიმოქმედეს და მათი ვინც ეს ბრძანება გასცეს, პასუხისმგებლობა დადგეს", - ამბობს ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.
როგორ შეიძლება აღსრულდეს განაჩენი თუ ქვეყანა არ თანამშრომლობს ჰააგას სასამართლოსთან?
განაჩენის აღსრულება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ დამნაშავე პირი დატოვებს რუსეთს და გაემგზავრება ისეთ ქვეყანაში, რომელიც სასამართლოს წევრია. იქ მისი დაკავება უნდა მოხდეს. დამნაშავის დაკავება შესაძლებელია მაშინაც, როცა რუსეთში ხელისუფლება შეიცვლება. ომის დანაშაულებს კი ხანდაზმულობის ვადა არ აქვს და მისი აღსრულება ნებისმიერ დროს შესაძლოა მოხდეს.
რომელი სახელმწიფოს მეთაურები არიან გასამართლებული ომის დანაშაულისთვის?
- სლობოდან მილოშევიჩი, რომელიც ცნობილია ისტორიაში როგორც „ბალკანეთის ჯალათი“. ის იყო პირველი სახელწიფოს მეთაური რომელიც მსგავსი დანაშაულისთვის 2002 წელს გასამართლდა. იგი ჰააგაში საკანში გარდაიცვალა.
- გასამართლდა ლიბერიის ყოფილი პრეზიდენტი ჩარლზ ტეილორი. 2012 წელს მას 50 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
- სასამართლომ ლიბიის ლიდერის პოლკოვნიკ მუამარ კადაფის დაკავების ბრძანებაც გასცა, მაგრამ ის ლიბიაში მიმდინარე ომის დროს მოკლეს სასამართლოში წარდგენამდე.
- სასამართლომ სუდანის ყოფილი პრეზიდენტის ომარ ჰასან ალ ბაშარის წინააღმდეგაც დაადგინა დანაშაული, თუმცა ის სასამართლოს სუდანმა არ გადასცა.
მტკიცებულებები გროვდება, ვრცელდება ფოტო და ვიდეო მასალები სადაც ომის დანაშაული იკვეთება, თუმცა კრემლში ამბობენ, რომ დასავლეთი ასე ცდილობს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას.
კრემლში არ ენდობიან ფოტო და ვიდეო მასალასაც და მას დადგმულს უწოდებენ. მიუხედავად კრემლის უარყოფისა გაეროს გენერალუმა ასამბლეამ რუსეთი გარიცხა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან. ვაშინგტონმა და ევროკავშირმა კი ახალი სანქციები აამოქმედეს.
Facebook Forum