ირპინისა და ბუჩის შემდეგ, ახლა მსოფლიო მედიის ყურადღება ქალაქ ბოროდიანკაზეა გამახვილებული, სადაც უკრაინის პრეზიდენტის თქმით, გაცილებით „საშინელი ვითარებაა“ და უფრო მეტი მშვიდობიანი მოქალაქეა მოკლული.
ბოროდიანკა ასევე იყო ოკუპირებული სამ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში. ის კიევის ოლქში მდებარეობს. ოფიციალური ინფორმაციით, რომელსაც კიევი ავრცელებს, ქალაქში რამდენიმე შენობაა დარჩენილი, დიდი ნაწილი კი მიწასთანაა გასწორებული.
„იქ გაცილებით საშინელი მდგომარეობაა. კიდევ უფრო დიდი მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში, რუსი ოკუპანტებისგან,“- თქვა პრეზიდენტმა ზელენსკიმ გავრცელებულ ვიდეოში.
კიევის ოლქში შემავალი ქალაქების დატოვება რუსმა სამხედროებმა 30-31 მარტს დაიწყეს და სწორედ მას შემდეგ აღადგინეს ოლქში შემავალ ქალაქებზე კონტროლი უკრაინელმა სამხედროებმა. უკრაინის ოფიციალური ხელისუფლება ამბობს, რომ ბუჩაში, 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს, 50 კი სიკვდილითაა დასჯილი.
უკრაინის გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვი ამბობს, რომ კიევის ოლქში სულ 650 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს, მათგან 40 ბავშვია.
კრამლი ბრალდებებს უარყოფს, მოსკოვში ამბობენ, რომ კადრები „დადგმულია“ და რუს სამხედროებს მშვიდობიანი მოქალაქეები არ მოუკლავთ.
ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებული პროცესების პარალელურად, გაერომ რუსეთი ადამიანის უფლებათა საბჭოდან გარიცხა, რასაც რუსეთის წარმომადგენელმა „სპექტაკლი“ უწოდა.
Facebook Forum