ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრამატორსკზე სარაკეტო თავდასხმას 50 ადამიანი ემსხვერპლა


კრამატორსკის რკინიგზის სადგური სარაკეტო თავდასხმის შემდეგ
კრამატორსკის რკინიგზის სადგური სარაკეტო თავდასხმის შემდეგ

უკრაინა აცხადებს, რომ აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ კრამატორსკის მატარებლის სადგურზე რუსეთის სარაკეტო თაავდასხმას 50 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი ემსხვერპლა და 100-ზე მეტი დაიჭრა. თავდაპირველად, რეგიონის გუბერნატორი, პავლო კირილენკო ამბობდა, რომ გარდაცვლილი იყო 39 ადამიანი, თუმცა უკრაინული მხარის თქმით, ზოგიერთი დაშავებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სადგურზე მყოფი ადამიანები ქალაქიდან გაღწევას ცდილობდნენ. ადგილზე ქალაქის გუბერნატორის თქმით, 4000 ადამიანი იმყოფებოდა.

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ რუსეთმა „ტოჩკა-უ“ ტიპის მოკლე-რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა, რომელიც კლასტერულ ამუნიციას შეიცავდა.

რუსეთი ამბობს, რომ თავდასხმა უკრაინამ თავად მოაწყო და რომ მას ეს რაკეტა არ აქვს, თუმცა სამხილები საწინააღმდეგოს აჩვენებს. უკრაინული წყაროები ავრცელებენ ინფორმაციას, რომელიც აჩვენებს, რომ რუსეთმა მსგავსი რაკეტა უკრაინაში უკვე გამოიყენა.

თავდასხმა იმ ფონზე მოხდა, როცა ევროკავშირის ლიდერები კიევისკენ მიემართებოდნენ. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, გაერთიანების მთავარმა დიპლომატმა ჯოზეფ ბორელმა და სლოვაკეთის პრემიერმა ედუარდ ჰეგერმა დღეს კიევის შემოგარენში, ქალაქი ბუჩა მოინახულეს, სადაც რუსული ჯარის გასვლის შემდეგ, უკრაინულმა მხარემ განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული ადამიანების გვამები იპოვა. ევროკავშირის ლიდერები უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან.

გუშინ გაერთიანებამ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ ერთი, მეხუთე, პაკეტი მიიღო.

XS
SM
MD
LG