ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯოკოვიჩს ავსტრალიაში ვიზა კვლავ გაუუქმეს


ავსტრალიის მთავრობამ ცნობილ ჩოგბურთელს ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიზა კიდევ ერთხელ გაუუქმა, რის გამოც მან შესაძლოა ავსტრალიის ღია ჩემპიონატში მონაწილეობა ვეღარ მიიღოს და სასამართლოს წინაშე მეორედ წარსდგეს. ჯოკოვიჩმა აღიარა როგორც კოვიდ-რეგულაციების დარღვევა, ისე საბაჟო საბუთების არასწორად შევსება.

ავსტრალიის საიმიგრაციო სამსახურის უფროსი ალექს ჰოუკი ამბობს, რომ მან საკუთარი უფლებამოსილება გამოიყენა და სერბ სპორტსმენს ვიზა გაუუქმა. ჰოუკი ამბობს, რომ გადაწყვეტილება ჯანდაცვის და მართლწესრიგის საფუძველზე მიიღო.

მსოფლიოს საუკეთესო მამაკაცი ჩოგბურთელი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, აღიარებს, რომ ავსტრალიის საზღვარზე წარდგენილ დოკუმენტებში შეცდომაა დაშვებული. საქმე ეხება ავსტრალიაში ვიზიტამდე, მის სხვაგან მოგზაურობას. ეს კიდევ ერთი დაბრკოლებაა სპორტსმენის სადავო გზაზე "გრანდ სლემისკენ".

მიუხედავად იმისა, რომ ჯოკოვიჩს ვიზა მეორედ რამდენიმე საათის წინ გაუუქმეს, ამ დრომდე უცნობია, დააკავებენ თუ არა მას ავსტრალიაში. ადვოკატები ამბობენ, რომ სერბმა სპორტსმენმა შესაძლოა დროებითი ვიზა მოითხოვოს, სანამ მის საქმეზე გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს. შესაძლოა ამ გზით ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღოს.

ტურნირი კი 17 იანვარს აიღებს სტარტს. ჯოკოვიჩი რამდენიმე დღის განმავლობაში უკვე იყო დაკავებული სასტუმროში და ის 10 იანვარს, ავსტრალიელმა მოსამართლემ გაათავისუფლა. მოსამართლემ სერბ სპორტსმენს ვიზა აღუდგინა.

„მოხარული ვარ, რომ მოსამართლემ ვიზის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა. მიუხედავად იმისა, რაც მოხდა, მე მსურს დარჩენა და ჩემპიონატში მონაწილეობა“, - წერდა "ტვიტერზე" ჩოგბურთელი.

ავსტრალიის მთავრობამ ნოვაკ ჯოკოვიჩს გასულ კვირას ვაქცინაციის სტატუსის გამო ვიზა გაუუქმა. მთავრობა მაშინ ამტკიცებდა, რომ სპორტსმენმა ავსტრალიაში კოვიდ-19-ის გავრცელების გამო შემოღებული მკაცრი წესები დაარღვია.

ავსტრალიაში პანდემიის დაწყებიდან, დღემდე ინფიცირებულთა ჯამური რაოდენობა 612 000-ს აჭარბებს. გარდაცვლილია 2 289 ადამიანი. მოსახლეობის 90%-ზე მეტი სრულად არის აცრილილი კოვიდ-19-ის წინააღმდეგ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG