ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

FDA-მ 12-15 წლის მოზარდებისთვის „ბუსტერის“ გაკეთების რეკომენდაცია გასცა


საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ 12-15 წლის მოზარდებისთვის „ფაიზერ-ბიონტექის“ ვაქცინის გამაძლიერებელი, მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთების რეკომენდაცია გასცა. მათ ამ დოზის გაკეთება შეუძლიათ თუკი ბოლო აცრიდან 5 თვეა გასული. სააგენტო ასევე მიზანშეწონილად მიიჩნევს ბუსტერ დოზის 5-11 წლის ბავშვებისთვის გაკეთებას, რომელთაც სუსტი იმუნური სისტემა აქვთ.

მარეგულირებლის ეს გადაწყვეტილება შეერთებულ შტატებში ომიკრონის სწრაფი გავრცელების პირობებში მიიღეს. ამასთან სასწავლო დაწესებულებებში სწავლა სადღესასწაულო არდადეგების შემდეგ განახლდა და მოსწავლეები, მასწავლებლები და სხვა დასაქმებულები სკოლებში ბრუნდებიან. ჯანდაცვის სისტემას კი კვლავ გადატვირთვის საფრთხე ემუქრება. ზოგიერთი სკოლა, სხვა დაწესებულებების მსგავსად, 3 იანვარს დასაქმებულთა დიდი ნაწილის ავადმყოფობის გამო დაიხურა კიდეც.

„FDA-ის ხელთ არსებული ახლანდელი მონაცემების შეფასების შედეგად, ავტორიზებული ვაქცინების ბუსტერ დოზას შეუძლია დაეხმაროს ადამიანებს როგორც დელტა, ისე ომიკრონის ვარიანტის წინააღმდეგ უკეთესი დაცვის გამომუშავებაში“, - ამბობს პიტერ მარკსი, FDA-ის ბიოლოგიური კვლევისა და შეფასების ცენტრის დირექტორი.

ამერიკის მთავრობა აუცრელ ამერიკელებს სთხოვს გაიკეთონ გამაძლიერებელი დოზები, მათ კი, ვინც ჯერაც არაა აცრილი და კოვიდ-19-სგან მძიმედ დაავადების და სიკვდილის საფრთხის ქვეშაცაა, გაიკეთონ ნებისმიერი ავტორიზებული ვაქცინა.

საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის - FDA-ის შემდეგ, მოზარდების ბისტერ-დოზით აცრის გადაწყვეტილება ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმაც უნდა შეაფასოს. ამ ეტაპზე ცენტრში კომენტარს არ აკეთებენ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ მონაცემებით კოვიდ-19-ით ინფიცირების დღიური მაჩვენებლები ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, წინა კვირასთან შედარებით გაორმაგებულია და 418 ათასს აღწევს. ამ დროისთვის ამერიკის მოსახლეობის 62 % სრულადაა აცრილი, ბუსტერ-დოზა კი მათ მესამედს აქვს მიღებული აქვს.

FDA ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე განიხილა რეალური მონაწემები ისრაელიდან, რაც 6 300 პირზე მეტის კვლევას მოიცავდა. მათი ასაკი 12-15 წელი იყო და მათ "ფაიზერ"-"ბიონტექის" ბუსტერ დოზა ჰქონდათ მიღებული მეორე დოზის მიღებიდან სულ მცირე 5 თვის ვადაში. სააგენტო მალე დაიწყებს 5-11 წლის ასაკის ბავშვებისთვის ბუსტერ დოზის მიღების საკითხის შესწავლასაც, თუმცა ეს მას შემდეგ მხოდება, რაც შედარებით მეტი ბავშვი მიიღებს თავდაპირველ ორ დოზას.

კორონავირუსის ომიკრონ ვარიანტისგან ორდოზიანი მრნა ვაქცინები, დაახლოებით, 35 %-ით იცავს მოქალაქეებს, ბუსტერის დოზა კი ვაქცინების თავდაპირველ ეფექტურობას კვლავ ამაღლებს და 75 %-ს ხდის. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრი სამხრეთ აფრიკასა და დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევების საფუძველზე საუბრობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG