ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის ჯანდაცვის სპეციალისტები მომავალი კვირების სირთულეებზე საუბრობენ


ამერიკის ჯანდაცვის წამყვანი სპეციალისტები ამბობენ, რომ შეერთებული შტატებისთვის მომდევნო რამდენიმე კვირა მძიმე იქნება, რადგან ქვეყანაში კორონავირუსის ახალი ვარიანტი - ომიკრონი ძალიან სწრაფად ვრცელდება და ის მთელ მსოფლიოში გავრცელებულ ვარიანტებს შორის, ბევრგან უკვე დომინანტურ პოზიციებს იკავებს. ​

დოქტორი ფრენსის კოლინსი, ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტების დირექტორი ამბობს, რომ ეს პერიოდი ძალიან რთული იქნება. თუმცა, მისივე განმარტებით, განსაკუთრებით იმედგამაცრუებელი ახლა ისაა, რომ 50 მილიონამდე ამერიკელი, რომელსაც შეუძლია კოვიდ-19-ის ვაქცინის გაკეთება, დღემდე არაა აცრილი. ამასთან, იმ მილიონობით ამერიკელს, ვისაც ვაქცინა მიღებული აქვს, ჯერ არ გაუკეთებია მისი გამაძლიერებელი დოზა, ე.წ. ბუსტერი. ეს კი, ჯანდაცვის სპეციალისტების განმარტებით, ახლა ომიკრონისგან დასაცავად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გზაა.

ექიმი ენტონი ფაუჩი კი, ქვეყნის წამყვანი ინფექციონისტი და პრეზიდენტ ბაიდენის უფროსი მრჩეველი სამედიცინო და პანდემიის საკითხებში, ამბობს, რომ ოპტიმალური დაცვისთვის ბუსტერის გაკეთება აუცილებელია. ფაუჩის თქმით, სწრაფად გადამდები ვარიანტი, ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრ ზრდას და საავადმყოფოების გადატვირთვასაც გამოიწვევს. განსაკუთრებით - ისეთ შტატებსა და ქალაქებში, რომლებიც პანდემიამ ყველაზე მძიმედ დააზარალა.

ფაუჩი მოქალაქეებს მოუწოდებს, განაგრძონ დახურულ სივრცეებში ან ხალხმრავალ სივრცეებში პირბადის ტარება. ამასთან, მისი თქმით, ამერიკას მეტი კოვიდ-ტესტი სჭირდება.

ომიკრონის გავრცელების პასუხად სხვადასხვა დაწესებულება უკვე იღებს გადაწყვეტილებას ტელემუშაობის ან ონლაინ სწავლების გახანგრძლივების თაობაზე. მათ შორისაა ჰარვარდის უნივერსიტეტიც, სადაც სულ მცირე, პირველი სამი კვირის განმავლობაში 2022 წლის დასაწყისში, სწავლა ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება. შეზღუდვები მკაცრდება ევროპაშიც. ზოგ ქვეყანაში პანდემიის საწყისი პერიოდის მსგავს რეგულაციებსაც კი იღებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG