გაერთიანებული სამეფოს მინისტრთა კაბინეტი კორონავირუსის ომიკრონის ვარიანტის სწრაფი გავრცელების შეჩერების გზებზე სამსჯელოდ იკრიბება. შობის დღესასწაულის წინ შეზღუდვები შეიძლება კიდევ უფრო გამკაცრდეს.
ბრიტანეთში კოვიდ-19-ით ახალი ინფიცირების რეკორდული მაჩვენებლებია. ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ახალი ვარიანტის გავრცელების და ამ ახალი ტალღის სრული ეფექტი ჯერ კიდევ არ არის გამოვლენილი. პრემიერ ჯონსონის პრეს-სპიკერი ამბობს, რომ ამ ეტაპზე კვლავ მონაცემებს აკვირდებიან და საზოგადოებას დამატებითი ზომების აუცილებლობის შემთხვევაში ინფორმაციას დაუყოვნებლივ მიწვდიან.
გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტომ კვირას განაცხადა, რომ ომიკრონით ინფიცირებულთაგან 104 ადამიანი საავადმყოფოებში იმყოფება, 12 კი გარდაიცვალა. ჯანდაცვის სპეციალისტები ამბობენ, რომ ომიკრონი უკვე 89 ქვეყანაშია აღმოჩენილი. ის უკიდურესად ადვილად გადამდებია და სწრაფად ვრცელდება, თუმცა მისი სიმწვავის შესახებ ჯერ კიდევ არ არსებობს დადასტურებული ცნობები. ჰონგ-კონგის მკვლევარები ფიქრობენ, რომ ომიკრონი კორონავირუსის სხვა ვარიანტებთან შედარებით, დაახლოებით 70-ჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება.
Facebook Forum