ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოვიდის შემდეგ ბავშვებში და მოზარდებში დიაბეტის შემთხვევები გაიზარდა - ახალი კვლევა


კოვიდგადატანილ ბავშვებში ინფიცირებიდან 30 დღის მანძილზე, 1 და 2 ტიპის დიაბეტი გაცილებით უფრო ხშირად აღირიცხა, ვიდრე მათში, ვისაც კორონავირუსი არ ჰქონია. აღნიშნულ ინფორმაციას და თანმხლები კვლევის შედეგებს აქვეყნებს „სი-დი-სი“, შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი (CDC). „სარს-კოვ-2 ინფექციას შეუძლია 1 და 2 ტიპის დიაბეტის გამოწვევა რთული და განსხვავებული მექანიზმებით“ - ნათქვამია პუბლიკაციაში.

ცენტრის მეცნიერებმა 0-დან 17 წლის ჩათვლით, ნახევარ მილიონზე მეტი ბავშვის და მოზარდის მონაცემები შეისწავლეს და ერთმანეთს შეაჯერეს. კოვიდგადატანილთა ორ სხვადასხვა მოზრდილ ჯგუფში, დიაბეტის დიაგნოზის დასმის შანსი ერთში 166%-ით მეტი იყო, მეორეში კი 31%-ით. ჯანმრთელებთან შედარებით, პედიატრიულ პაციენტებში კოვიდ-19-ის გადატანის შემდეგ, დიაბეტის ან დიაბეტური კეტოაციდოზის შემთხვევები იმდენად მეტი აღმოჩნდა, რომ კლინიცისტებს ურჩევენ, სარს-კოვ-2 ვირუსით ინფიცირების შემდეგ, 18 წლამდე ასაკის ადამიანების ჯანმრთელობა კიდევ რამდენიმე თვე აკონტროლონ.

„დიახ, ამ კვლევაზე დაყრდნობით, რეკომენდებულია კოვიდ-19-ის ინფექციის შემდეგ 18 წლამდე პაციენტების მონიტორინგი და შემოწმება დიაბეტზე“ - ამბობს ექიმი მარინე ლიპარტია, ამერიკაში მომუშავე თერაპევტი, რომელიც მასაჩუსეტსის შტატშია აკრედიტებული. ის „სი-დი-სის“ აღნიშნულ კვლევასთან არ ასოცირდება, მას „ამერიკის ხმამ“ კომენტარი ნაშრომთან დაკავშირებით სთხოვა.

ექიმ ლიპარტიას თქმით, ამ ეტაპზე მსგავსი შედეგების მქონე კვლევები ამერიკის ზრდასრულ მოსახლეობაში არ გვაქვს, თუმცა ექიმებისთვის დიდი ხანია ცნობილია, რომ „დიაბეტი კოვიდ-19-ის გართულებების რისკ-ფაქტორს წარმოადგენს“. ის ამბობს, რომ ამ კვლევაზე დაყრდნობით და მისი დიზაინიდან გამომდინარე, ვერ ვიმსჯელებთ კოვიდს და დიაბეტს შორის უშუალო მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე, მაგრამ ასოციაცია გარკვევით იკვეთება.

ჯერჯერობით უცნობია მექანიზმი, თუ რატომ და როგორ ხდება დიაბეტის განვითარება კოვიდგადატანილ პაციენტებში. კვლევის ლიმიტებს შორის ერთ-ერთ წამყვან ადგილზეა ის, რომ მეცნიერებმა მონაცემთა ბაზაში დიაბეტის ტიპები ერთმანეთისგან დარწმუნებით ვერ გამოაცალკევეს.

ექიმ ლიპარტიას თქმით, დიაბეტის გამომწვევ პოტენციურ მექანიზმებს შორის ბევრი რამ შეიძლება იყოს, მათ შორის:

  • SARS-Cov-2 ვირუსით გამოწვეული პანკრეასის (კუჭქვეშა ჯირკვლის) ბეტა უჯრედების (უჯრედები რომლებიც ინსულინს გამოყოფენ) დაზიანება
  • 1 ტიპის დიაბეტის მსგავსი, აუტოიმუნური პროცესის პროვოცირება
  • სტრესით და ინფექციით გამოწვეული ციტოკინური შტორმის შედეგად, პანკრეასის ბეტა უჯრედების დაზიანება
  • ზოგ პაციენტს შეიძლება უკვე ჰქონდა პრედიაბეტი და ინფექციამ დააჩქარა პროცესი
  • შესაძლებელია, რომ პაციენტების ნაწილს მანამდე ჰქონდა დიაბეტი და ინფექციამ/სტრესმა/სტეროიდებმა ის გამოააშკარავა
  • პანდემიის დროს ბევრმა მოიმატა წონაში, რამაც შესაძლოა გამოიწვია შედარებითი ინსულინ რეზისტენტობა და ინფექციამ მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა

კვლევა ძალიან მნიშვნელოვან დროს ქვეყნდება. მან კიდევ ერთხელ „წარმოაჩინა კოვიდ-19-ის პრევენციის მნიშვნელობა და აუცილებლობა ყველა ასაკობრივ ჯგუფში, ყველა იმ ბავშვის და მოზარდის ვაქცინაციის ჩათვლით, ვისაც აცრა [რეგულაციებით] ეკუთვნის, ასევე - ქრონიკული დაავადების პრევენციის და მკურნალობის მხრივ“ - ნათქვამია თავად „სი-დი-სის“ პუბლიკაციაში.

ომიკრონის ვარიანტის სწრაფ გავრცელებასთან ერთად, შეერთებულ შტატებში მკვეთრად გაიზარდა ბავშვთა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლები. ამერიკელი სპეციალისტები მშობლებს დაბეჯითებით ურჩევენ შვილების ვაქცინაციას. წამყვან არგუმენტებს შორის, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მეცნიერები შემდეგ ფაქტორებს ასახელებენ: ვაქცინაცია ეხმარება ბავშვებს კოვიდ-19-ისგან დაცვაში; ვაქცინა კოვიდ-19-ის გავრცელებას ამცირებს; კოვიდ-19-ზე აცრას შეუძლია ახალი ვარიანტების გამოჩენის პრევენციაში დახმარება; ბავშვების აცრა მთლიანად საზოგადოების დაცვას და ნორმალური ცხოვრების დაბრუნებასაც დაეხმარება.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მეცნიერთა ნაშრომი 7 იანვარს გამოქვეყნდა. მისი უფრო დაწვრილებით გაცნობა შესაძლებელია ორგანიზაციის ვებგვერდზე. ნაშრომის ავტორთა დიდ ჯგუფს ხელმძღვანელობს კეტრინ ბარეტი, ეპიდემიოლოგიის დოქტორი ემორის უნივერსიტეტში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG