ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენსა და პუტინს შორის "სერიოზული საუბარი" სამომავლო მოლაპარაკების იმედს აჩენს


ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის ხუთშაბათს გამართული სატელეფონო საუბრის დიდი ნაწილი კვლავ უკრაინის შესახებ გაფრთხილებების ურთიერთგაცვლა იყო. თუმცა, მხარეებმა მომავალი, იანვარში დაგეგმილი მოლაპარაკების თაობაზე, ოპტიმიზმი გამოხატეს.

50-წუთიანი სატელეფონო ზარი ამ თვეში უკვე მეორე საუბარი იყო ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის. ბაიდენი ამბობს, რომ მას სურდა ენახა, რომ კრემლი უკრაინის საზღვრებთან სამხედრო მობილიზაციას ამცირებს. პუტინი კი ამბობს, რომ ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეების მხრიდან სანქციების მუქარა ურთიერთობებს აუარესებს. ეს უკანასკნელი სატელეფონო ზარი ვლადიმირ პუტინმა მოითხოვა.

"პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ ამ დიალოგით არსებითი პროგრესის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ დეესკალაციის გარემოში და არა ესკალაციის პირობებში", - თქვა თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა, ჯენ ფსაკიმ.

კრემლის წარმომადგენელი იური უშაკოვი კი ამბობს, რომ ეს საუბარი იყო კარგი მოსამზადებელი დიალოგი მომავალი შეხვედრისთვის.

9-10 იანვარს უსაფრთხოების საკითხებზე ორი ქვეყნის წარმომადგენელთა შედარებით დაბალი რანგის შეხვედრებია დაგეგმილი. ამის შემდეგ კი, 12 იანვარს რუსეთ-ნატოს წარმომადგენლების შეხვედრა შედგება. 13 იანვარს დაგეგმილ ფართო კონფერენციაში კი მონაწილეობას მოსკოვის, ვაშინგტონისა და სხვა ევროპული სახელმწიფოების ლიდერებიც მიიღებენ.

დიპლომატიის მნიშვნელობის ხაზგასმის გარდა, ორივე მხარე ამბობს, რომ ეს საუბარი "სერიოზული" იყო. შეთანხმების მიღწევის ან ამ მიმართულებით რაიმე პროგრესის შესახებ არცერთ მხარეს დეტალური მინიშნება არ გაუკეთებია.

კიევში კი შიშობენ, რომ 60-90 ათასი რუსი სამხედრო, რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთ, აღმოსავლეთ და სამხრეთ საზღვრებთანაა მობილიზებული, შესაძლოა ქვეყანას დიდ საფრთხეს უქმნიდეს. ნატო კი დასავლეთის მხრიდან საკუთარ სამზადისზე მუშაობს. რუსეთმა თქვა, რომ 10 000-მდე სამხედროს უკან დახევა დაიწყო, თუმცა ვაშინგტონი ამის მტკიცებულებას ვერ ხედავს. შეერთებულ შტატებს უკრაინის და რეგიონის ქვეყნების საჰაერო სივრცეში დაზვერვითი საჰაერო ხომალდები ჰყავს განთავსებული. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, ბაიდენი კვლავ უპრეცედენტო სანქციების შესახებ საუბრობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG