30 დეკემბერს ამერიკის პრეზიდენტსა და მის რუს კოლეგას შორის კიდევ ერთი სატელეფონო ზარი გაიმართება. ზარი ვაშინგტონის დროით 3 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. საუბრის მთავარი თემა კვლავ უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო მობილიზება იქნება.
ორი ქვეყნის ლიდერი სხვადასხვა საკითხს განიხილავს, მათ შორის დაგეგმილ მოლაპარაკებებს უსაფრთხოების საკითხებზე და დაძაბულ ვითარებას ევროპაში. ამის შესახებ თეთრი სახლის უშიშროების საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი. პრეს-სპიკერი ემილი ჰორნი ამბობს, რომ ბაიდენი ევროპის ლიდერებს უკრაინის საზღვრებთან არსებული სიტუაციის შესახებ ესაუბრა და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ნატოს, ევროკავშირის და ეუთოს წარმომადგენლებს მუდმივად ესაუბრებიან.
მოსკოვი დასავლეთს ბოლო ორი თვის განმავლობაში უკრაინის საზღვრებთან სამხედრო მობილიზაციით აშფოთებს. 2014 წელს კრემლმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა და დღემდე უჭერს მხარს პრორუს სეპარატისტებს აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც კონფლიქტს 13 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რუსეთი უკრაინაზე თავდასხმის გეგმებს უარყოფს და ამბობს, რომ საკუთარ ტერიტორიაზე შეიარაღების გადაადგილება თავისუფლად შეუძლია.
მოსკოვი ასევე შეშფოთებას გამოთქვამს დასავლეთის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაძლიერების გამო და ნატოსგან გარანტიებს ითხოვს იმის შესახებ, რომ ის აღმოსავლეთით არ გაფართოვდება და უკრაინის და სხვა მეზობელი ქვეყნების თავდასხმითი იარაღით მომარაგებასაც აღარ განაგრძობს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მიუხედავად პუტინის დაპირებისა, რომ ის სასაზღვრო ტერიტორიიდან თავის 10 000-მდე ჯარისკაცს უკან გაიწვევდა, ამის დამადასტურებელი ნაბიჯები კი დასავლეთს არ უნახავს. გავრცელებული ინფორმაციით, დღევანდელი ზარი ბაიდენთან ვლადიმირ პუტინმა მოითხოვა.
Facebook Forum