მოსკოვთან ესკალაციის ფონზე, ვაშინგტონი კიევს, რუსეთთან და ბელარუსთან საზღვრის დაცვის გაძლიერებაში დაეხმარება. უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, შეერთებული შტატები ამისთვის სპეციალურ პროექტს დააფინანსებს.
უკრაინის სასაზღვრო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პროექტი 20 მილიონი დოლარის ღირებულებისაა და ვიდეოჩამწერი სისტემებით და დრონებით, ასევე მესაზღვრეებისთვის პერსონალური დაცვის აღჭურვილობის შეძენას გულისხმობს.
2018 წლიდან, უკრაინამ შეერთებული შტატებისგან ასევე მიიღო საბრძოლო მასალა და ჯაველინები, რასაც მოსკოვის კრიტიკა მოჰყვა.
კიევი და ვაშინგტონი, სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ მოსკოვი უკრაინაზე თავდასხმას გეგმავს. რუსეთს, უკრაინის საზღვრებთან, ათობით ათასი ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული.
კრემლი თავდასხმისთვის მზადებას უარყოფს. თუმცა, უკრაინასა და შეერთებულ შტატებს, დესტაბილიზაციისკენ მიმართულ ქცევაში სდებს ბრალს და ნატოსგან მოითხოვს, უარი თქვას ალიანსის აღმოსავლეთით გაფართოებაზე. კრემლი გარანტიებს ითხოვს და ამბობს, რომ ნატომ უკან უნდა წაიღოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრი ქვეყნები.
შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის, მოლაპარაკებები 10 იანვარს, ჟენევაში უნდა გაიმართოს. გარდა ამისა, 12 და 13 იანვარს, შეხვედრები იგეგმება ნოტო-რუსეთსა და ეუთო-რუსეთს შორის.
ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსეთის ზოგიერთი მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელია. ასევე, ვაშინგტონში აცხადებენ, რომ არ მოხდება უკრაინის შესახებ, უკრაინის გარეშე გადაწყვეტილებების მიღება.
„როდესაც სასაუბროდ დავსხდებით, რუსეთს შეუძლია თავისი შეშფოთებები მაგიდაზე წარმოადგინოს. ჩვენც, რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით შეშფოთებებს, მოლაპარაკებების მაგიდაზე წარმოვადგენთ. იქნება სფეროები, სადაც შეგვიძლია პროგრესს მივაღწიოთ. ასევე, იქნება სფეროები, სადაც ვერ შევთანხმდებით. სწორედ ეს არის დიპლომატია“ - აცხადებს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერი.