ორშაბათს, ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრმა ამერიკელებს მოუწოდა არ იმოგზაურონ საფრანგეთში, იორდანიაში, პორტუგალიასა და ტანზანიაში. მიზეზი კოვიდ-19-ის გავრცელებაა. ამ დროისთვის, დაავადებათა კონტროლის ცენტრს „ძალიან მაღალი რისკის" კატეგორიაში 83 ქვეყანა ჰყავს შეყვანილი. ორშაბათს სიას ანდორა, კვიპროსი და ლიხტენშტეინი დაემატა.
პარალელურად, ევროპაში კოვიდ-19-ის გავცელების გამო, შეზღუდვების განახლება გრძელდება, საფრანგეთმა განაცხადა, რომ საშობაოდ ღამის კლუბების დაკეტვას გეგმავს და სოციალური დისტანცირების წესებს ამკაცრებს. მიზეზი კორონავირუსის ომიკრონის ვარიანტის მზარდი გავრცელებაა. თუმცა, ქვეყანა ჩაკეტვას, ე.წ. ლოქდაუნს არ გეგმავს.
ახალი წესები შემოიღო შეერთებულმა შტატებმაც. 6 დეკემბრიდან, ვაშინგტონი ვიზიტორებს სთხოვს, რომ ამერიკაში გაფრენამდე, ერთი დღის მანძილზე გაკეთებული კოვიდ-19-ის უარყოფითი PCR ან სწრაფი ტესტი წარადგინონ.
მანამდე, 29 ნოემბერს, თეთრმა სახლმა რვა სამხრეთ აფრიკის კონტინენტის ქვეყნიდან მოგზაურობა აკრძალა, მას შემდეგ, რაც იქ კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელება დადასტურდა. ამ დროისთვის ომიკრონის შემთხვევები ამერიკის ბევრ შტატში დაფიქსირდა.
თუმცა, ამერიკას არ აუკძალავს მოგზაურობა მაგალითად საფრანგეთში, სადაც ასევე აღირიცხა ომიკრონის შემთხვევები. საფრანგეთში ამ დროისთვის ვირუსის ამ ვარიანტის 25 შემთხვევაა დაფიქსირებული.
დაახლოებით ორი კვირის დაწესებული ჩაკეტვის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო ავსტრიამ. ე.წ. ლოქდაუნი იქ კვირას დასრულდება. თუმცა, ვენა აცხადებს, რომ აუცრელებისთვის შეზღუდვები კვლავ ძალაში დარჩება. ამის შესახებ ქვეყნის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა ისაუბრა, თანამდებობის დაკავებიდან ერთი დღის შემდეგ.
„ყველა არავაქცინირებულისთვის, ვისაც არ სურს ლოქდაუნში დარჩენა, ჩვენ გვაქვს ნათელი გზავნილი: თქვენ შეგიძლიათ გამოხვიდეთ ამ ჩაკეტვიდან თუ გამოიყენებთ შანს და აიცრებით“, - განაცხადა მან.
პარალელურად, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, წინასწარი მონაცემები აჩვენებს, რომ "ომიკრონი" უფრო მეტად გადამდებია, ვიდრე დელტა ვარიანტი. თუმცა, პრემიერის ოფისი იმასაც აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით ვარინატის შესახებ დასკვნების გამოტანა ადრეა.
Facebook Forum