ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ომიკრონი შესაძლოა დელტაზე 2-ჯერ უფრო სწრაფად ვრცელდებოდეს - „ნიუ-იორკ თაიმსი“


ვაქცინაცია სამხრეთ აფრიკაში
ვაქცინაცია სამხრეთ აფრიკაში

სამხრეთ აფრიკის მეცნიერთა კვლევის პირველადი მონაცემებით, კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელსაც "ომიკრონი" დაარქვეს, სულ ცოტა, ორჯერ უფრო მეტი სიჩქარით ვრცელდება, ვიდრე დელტა. აქამდე, კორონავირუსის ყველაზე გადამდები ვერსია დელტა იყო. ინფორმაცია პარასკევს გამოცემა „ნიუ-იორკ თაიმსმა“ გამოაქვეყნა.

მეცნიერების ვარაუდით, ომიკრონის სწრაფი გავრცელება, შესაძლოა ორი ფაქტორის კომბინაციის შედეგი იყოს: ის მეტად გადამდები შეიძლება იყოს და ადამიანის ორგანიზმის იმუნიტეტსაც თავს შედარებით იოლად აღწევდეს. მეცნიერები ჯერ დაზუსტებით ვერ ამბობენ, თუ რომელ ფაქტორს რა წვლილი აქვს ინფექციის გავრცელებაში. ანალიზის წამყვანი ავტორი, ლონდონის ჰიგიენის სკოლის მოდელირების სპეციალისტი კარლ პირსონი არც იმას გამორიცხავს, რომ ომიკრონი დელტაზე ნაკლებად გადამდები იყოს.

ახალ კვლევას ჯერ კოლეგების განხილვის პროცესი არ გაუვლია და შესაბამისად, ის სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული არ არის. ნაშრომი დღეს ავტორმა კარლ პირსონმა სოციალურ გვერდ „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა.

ერთი დღით ადრე, იგივე მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ომიკრონს გადატანილი ინფექციით შექმნილი იმუნიტეტისთვის ნაწილობრივ თავის დაღწევა შეუძლია. ისინი ჯერჯერობით არაფერს ამბობენ იმაზე, თუ რამდენად იცავს ადამიანის ორგანიზმს კოვიდ-19-ის ვაქცინები.

პროფესორი ბარი შოუბი, ვირუსოლოგი სამხრეთ აფრიკიდან, რომელსაც აღნიშნულ კვლევასთან კავშირი არ აქვს, ამბობს, რომ ჯერ შეფასებების გაკეთება ნაადრევია. მისი თქმით, იმედის მომცემი სიახლე ადრეულ ეტაპზე ის არის, რომ „აცრილებში ინფექცია მსუბუქი სიმპტომებით მიდის. არაფერი დრამატული არ მომხდარა ამ ერთ კვირაში. მაგრამ, ჯერ მაინც უნდა დავაკვირდეთ“.

ომიკრონის ახალი ვარიანტი, რომელიც პირველად სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს, დღეს ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების ¾-ში ფიქსირდება. სამხრეთ აფრიკაში ხუთშაბათს, წინა დღესთან შედარებით, ინფიცირებამ 35 პროცენტით იმატა. ტესტებში დადებითი შედეგების პროცენტიც ერთ დღეში 16 პროცენტიდან 22-მდე გაიზარდა.

კოვიდ-19-ით ინფიცირება სამხრეთ აფრიკაში ყოველ სამ დღეში ორმაგდება, ამბობს ჯულიეტ პულიამი. ის სამხრეთ აფრიკის სტელენბოჩის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიური მოდელირების ცენტრის დირექტორია. ინფიცირების ზრდა ქვეყანაში ომიკრონის გავრცელებას ემთხვევა. პროფესორ პულიამის თქმით, შესაძლოა ომიკრონს უკავშირდებოდეს რეინფექციების ზრდაც იმ ადამიანებში, რომელთაც ვირუსი სულ ცოტა, 3 თვის წინ ჰქონდათ. ის აღნიშნავს, რომ ომიკრონით რეინფიცირების მაჩვენებელი დაახლოებით 2.4-ჯერ მეტია, ვიდრე ეს ვირუსის ორიგინალური ვერსიის შემთხვევაში ხდებოდა.

სამხრეთ აფრიკაში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი უკვე უფრო მაღალია, ვიდრე კოვიდ-19-ის ნებისმიერი სხვა ტალღის დროს. 5 წლამდე ბავშვების ინფიცირების მაჩვენებლებიც მკვეთრად გაიზარდა. თუმცა, ეს შეიძლება უფროსების ვაქცინაციას უკავშირდებოდეს. ამასთან, ჯერ არ არის დადასტურებული ამ მონაცემების უშუალო კავშირი ომიკრონის გავრცელებასთან. მეცნიერები ამბობენ, რომ უფრო დაზუსტებული ინფორმაცია ახალი ვარიანტის თვისებებთან დაკავშირებით, 2-3 კვირაში იქნება ცნობილი.

ომიკრონის ახალი ვარიანტი ბოლო ერთ კვირაში უკვე ათეულობით სხვა ქვეყანაშიც იპოვეს. შეერთებულ შტატებში აცხადებენ, რომ სულ ცოტა 10 შემთხვევა ფიქსირდება 6 სხვადასხვა შტატში. თუმცა, ქვეყანაში ჯერჯერობით რაიმე განსაკუთრებულ ზომებს არ იღებენ. გამონაკლისი მხოლოდ აფრიკის 7 სახელმწიფოა, რომელთაც ომიკრონის გამო ვაშინგტონმა მოგზაურობის შეზღუდვები დაუწესა.

და ვიდრე ომიკრონზე უფრო დაზუსტებული ინფორმაცია გახდება ცნობილი, ჯანდაცვის სპეციალისტების გზავნილი იგივეა: ნიღბები, დისტანცია, მასობრივი თავშეყრის ადგილებისთვის თავის არიდება და ვაქცინაცია.

ომიკრონი ამერიკაში - რა იცვლება რიგითი ამერიკელებისთვის
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:42 0:00

Facebook Forum

XS
SM
MD
LG