ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქვეყნები საზღვრებს თანდათან კეტავენ, მიზეზი კორონავირუსის ახალი ვარიანტია


ტოკიოს საერთაშორისო აეროპორტი მას შემდეგ, რაც იაპონიამ უცხოელებისთვის საზღვრები ჩაკეტა.
ტოკიოს საერთაშორისო აეროპორტი მას შემდეგ, რაც იაპონიამ უცხოელებისთვის საზღვრები ჩაკეტა.

კორონავირუსის ახალ ვარიანტს, რომელსაც ომიკრონი დაარქვეს, თანდათან უფრო მეტ ქვეყანაში პოულობენ. ვირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, თანდათან უფრო მეტი მთავრობა ფრთხილობს და სახელმწიფო საზღვრების ნაწილობრივ, ან სრულად ჩაკეტვის გადაწყვეტილებას იღებს.

გასული კვირის ბოლოს, ომიკრონის ვარიანტის გამო, ქვეყნებმა, რომელთა შორის იყვნენ ევროპის კავშირის სახელმწიფოები, შეერთებული შტატები, კანადა და ბრაზილია, გადაწყვიტეს შეეჩერებინათ ფრენები სამხრეთ აფრიკიდან და მისი მეზობელი ქვეყნებიდან. თუმცა, მოგვიანებით ზოგიერთმა საზღვრები მთლიანად უცხოელებისთვის ჩაკეტა. მათ შორის არიან: იაპონია, ისრაელი და მაროკო.

შოტლანდიაში ომიკრონის 6 შემთხვევა აღმოაჩინეს. მთავრობამ დღეს განაცხადა, რომ ვირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების წყაროს ჯერჯერობით ვერ მიაკვლიეს. ჯანდაცვის ადგილობრივი სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ინფიცირების ნაწილი ადგილობრივ გავრცელებას უკავშირდებოდეს და არა მოგზაურობას.

კვირას ახალი ვარიანტის შემთხვევები კანადაშიც იპოვეს. იმავე დღეს ნიდერლანდებმა განაცხადა, რომ სამხრეთ აფრიკის რეისზე 13 მგზავრს ომიკრონის ვარიანტი აღმოაჩნდა.

"ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული, არის თუ არა ომიკრონი უფრო გადამდები... სხვა ვარიანტებთან შედარებით, რომელთა შორისაა დელტა" - განაცხადა კვირას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ. მართალია, იმ რეგიონებში, სადაც ახალი ვარიანტი იპოვეს, ინფიცირების და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლები მზარდია, მაგრამ მეცნიერები საკითხის შესწავლის პროცესში არიან და ჯერ არ არის დამტკიცებული, რომ ეს ფაქტები სწორედ ომიკრონს უკავშირდება.

რაც შეეხება ომიკრონით გამოწვეულ კოვიდ-19-ის სიმპტომებს, სპეციალისტების აზრით, ამ მიმართულებითაც დასკვნების გამოტანა ახლა ნაადრევია. "არ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს, რომ ომიკრონთან ასოცირებული სიმპტომები, სხვა ვარიანტებით გამოწვეული სიმპტომებისგან განსხვავდება" - აცხადებს ჯანმო.

"საბოლოო ჯამში ის აქ აღმოჩნდება" - თქვა ენტონი ფაუჩიმ, ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანმა ინფექციონისტმა. "კითხვა იმაში მდგომარეობს, მზად ვიქნებით ამისთვის, თუ არა... იმედია, მას მზად დავხვდებით" - აღნიშნა მან ტელეკომპანია "ეი-ბი-სისთან" ინტერვიუში. თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ომიკრონთან დაკავშირებით განცხადებას ორშაბათს გააკეთებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG