ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მზარდი კიბერსაფრთხე და სამხედრო ესკალაცია შავი ზღვის რეგიონში - ტრანსატლანტიკური ალიანსის გამოწვევები


ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნატოს წევრ ქვეყნებს მისი მმართველობის 4 წლის მანძილზე ბევრს აკრიტიკებდა. მისი ეს დამოკიდებულება ექსპერტების მხრიდან პრეზიდენტის კრიტიკას იწვევდა. ბაიდენის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ერთ-ერთი პირველი, რაც ახალმა პრეზიდენტმა თქვა ის იყო, რომ ტრანსატლანტიკურ მოკავშირეებთან ურთიერთობის გაუმჯობესება და ვლადიმირ პუტინსა და მის მსგავს ავტორიტარ ლიდერებთან დაპირისპირება ნატოსთან ერთად, მისი პრიორიტეტი იქნებოდა.

ამერიკის ახალი ადმინისტრაციისა და ნატოს ურთიერთობების გადახედვის, ევროპის რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების, თუ სამხედრო ესკალაციის და მსოფლიოში არსებული პანდემიის ფონზე, ამერიკა-ნატო რამდენიმე დიდი გამოწვევის წინაშე დგას.

ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის "ევროპის ინიციატივის" თავმჯდომარე, თადარიგის გენერალი ფილიპ ბრიდლოვი ამბობს, რომ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში რუსეთის აგრესიული ქმედებები და სამხედრო განლაგება შეშფოთების მიზეზი უნდა იყოს, როგორც ამერიკის, ისე ნატოსთვის. ყარაბაღის კონფლიქტის შედეგად, იქ, გაურკვეველი დროითა და მიზნებით ჩაყენებული რუსული სამშვიდობოები, ასევე ყირიმში და უკრაინის საზღვრებთან გასულ კვირას, რუსული ჯარების მობილიზაცია, ოთხვარსკვლავიანი გენერლის აზრით, ტრანსატალნტიკური თანამეგობრობისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

“მინსკის პროტოკოლმა და ნორმანდიის ფორმატმა უკრაინისთვის არ გაამართლა. უკრაინისთვის მისი საზღვრის ერთი ინჩიც კი არ დაგვიბრუნებია უკან. რუსეთი კვლავ აკონტროლებს საზღვარს და უკრაინის მიწის დიდ ნაწილს. ასე, რომ ჩვენ დასავლეთში, ამერიკაში უნდა გადავხედოთ ჩვენს მოვალეობებს და კავშირებს ევროპელ პარტნიორებთან ერთად. უნდა გადავხედოთ იმასაც, თუ რამდენად მიზანშეწონილია ნორმანდიისა და მინსკის ფორმატები ახლანდელი გამოწვევისთვის, გადაწყვეტილების მაგიდასთან სხედან თუ არა სწორი ადამიანები და გვაქვს თუ არა ნათელი წარმოდგენა ჩვენს მომავალ გზაზე”, - ამბობს გენერალი.

თუმცა, შავი ზღვის რეგიონში არსებული პრობლემები და ისეთი დიდი მოთამაშეების ფაქტორი, როგორიც თურქეთი და რუსეთი არიან, ერთადერთი არაა, რაც გამოწვევას უქმნის ტრანსატლანტიკურ გაერთიანებას. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, კიბერუსაფრთხოება და ხელოვნური ინტელექტი ნატოს წევრი ქვეყნებისთვის კიდევ ერთი, მზარდი გამოწვევაა.

კიბერდთავდასხმებისა და ამერიკის არჩევნებში ჩარევის გამო, ამერიკამ რუსეთს გასულ კვირას სანქციები დაუწესა. ქვეყანა, ასევე, ცდილობს 5G კავშირის ალტერნატიული გზების მოძებნას, რომელიც ჩინეთთან კავშირში არ იქნება. მართალია რუსეთი და ჩინეთი ბრალდებებს უარყოფენ, თუმცა დასავლურ ქვეყნებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ამ ქვეყნების მიერ განხორციელებული კიბერთავდასხმები ქვეყნების დემოკრატიასა და ეროვნულ უსაფრთხოებას საშიშროებას უქმნის.

ხელოვნური ინტელექტის გამოყენება და ე.წ. დიფ-ფეიკები იმხელა გამოწვევად იქცა, რომ ევროკავშირი თვის ბოლომდე რეგულაციების გამოქვეყნებას აპირებს.

ერიკ ბრატბერგი, კარნეგის ფონდის ევროპის პროგრამების დირექტორი თვლის, რომ ამერიკამ და ევროპამ ამ თემაზე ერთად უნდა იმუშაონ, ვინაიდან კიბერსაფრთხე, რომელიც რუსეთისა და ჩინეთისგან მოდის მზარდი და აგრესიულია.

„ვხედავთ, რომ რუსეთი, ჩინეთი და სხვა ავტორიტარული ქვეყნები ტექნოლოგიების გამოყენებით კიბერთავდასხმებს ხელმძღვანელობენ, რათა ჩაერიონ და ხელი შეუშალონ დემოკრატიულ საზოგადოებებს. ჩვენ გვჭირდება თავდაცვითი სტრატეგია უსაფრთხოებისთვის, მაგრამ ასევე გვჭირდება პოზიტიური სტრატეგია, რომელიც საშუალებას მოგვცემს გამოვიყენოთ ტექნოლოგიები და დავრწმუნდეთ, რომ ამითი ჩვენი საზოგადოება ისარგებლებს“, - ამბობს ბრატბერგი.

ექსპერტები ვაშინგტონსა და ევროპაში თანხმდებიან, რომ ამერიკამ და ნატომ ერთად მუშაობის გადა, ასევე დემოკრატიულად მოაზროვნე, მათი მოკავშირე არაწევრი ქვეყნებიც, როგორიცაა მაგალითად იაპონია აზიაში და ევროპის რამდენიმე ქვეყანა შავი ზვის რეგიონში, უნდა ჩართონ ისეთი დიდი გამოწვების წინაშე საბრძოლველად, როგორიც აგრესიული სამხედრო ქმედებები, ან კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი და საზღვრების არმქონე პრობლემა-კიბერუსაფრთოხებაა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG