ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო კორონავირუსის მე-3 ტალღის მოლოდინში კომენდანტის საათს ძალაში ტოვებს


კორონავირუსის პანდემიის მესამე ტალღის მოლოდინში, თბილისში, დღეს საკოორდინაციო საბჭოს კიდევ ერთი სხდომა, ონლაინ რეჟიმში ჩატადა.

საბჭოზე იმსჯელეს ინფიცირების შემთხვევების მატებასა და ეპიდვითარების გაუარესების ტენდენციაზე, როგორც მთელს მსოფლიოში, ისე - საქართველოში. აღინიშნა, რომ არსებული სურათის გათვალისწინებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პრევენციული ღონისძიებების ზედმიწევნით დაცვას და აღსრულებას.

ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, საბჭომ ძალაში დატოვა კომდენატის საათი. საბჭოს წევრებმა თქვეს, რომ გამკაცრდება იზოლაციაში მყოფი პირების, კონტაქტების და ქვეყანაში შემომსვლელების თვითიზოლაციის კონტროლი; ასევე - საზღვარზე შემოსული პირების პისიარ-კვლევის ჩატარების მონიტორინგი 72 საათის გასვლის შემდეგ; საწარმოებში, სადაც გამოვლინდება შემთხვევები, მაქსიმალურად უნდა გამკაცრდეს ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ზომები და დამსაქმებელთა მაქსიმალური ჩართულობით, უზრუნველყოფილი უნდა იყოს აქტიური ტესტირება.

კიდევ უფრო მკაცრად გაკონტროლდება პირბადის სწორად მოხმარება და დისტანციის დაცვა, ასევე ხალხმრავალი შეკრებები, მათ შორის სოციალური ღონისძიებები, რომელთა გამართვა მთავრობის დადგენილებით აკრძალულია.

ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდასთან ერთად, იზრდება წნეხი ჰოსიპტალურ სექტორზეც. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, 4 400 საწოლიდან 3 600 დაკავებულია.

„1 300-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა გასული 24 საათის განმავლობაში, შემთხვევების რაოდენობა იმატებს და დადებითობის მაჩვენებელი რჩება 4%-ს ქვემოთ, თუმცა ყოველდღიური მაჩვენებელი უკვე საკმაოდ მაღალია რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების ზედმიწევნით დაცვა. გაიზარდა დაწოლა ჰოსპიტალურ სექტორზეც 4 400 საწოლიდან 3 600 არის დაკავებული, 500-ზე მეტი პაციენტი არის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და 90-მდე პაციენტი არის რეანიმაციულ განყოფილებაში, ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია სჭირდება. ასევე არიან პაციენტები კოვიდსასტუმროებში, ამ სასტუმროების დამატების საჭიროებაც გამოიკვეთა როგორც თბილისში, ასევე ქუთაისსა და ბათუმში“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით კი, საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღის პიკი აპრილის ბოლოს, მაისის პირველ ორ კვირაში იქნება. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ვირუსისგან გამოჯანმრთელების მაჩვენებელმაც მოიკლო და 94%-ზე ჩამოვიდა.

„ეპიდსიტუაცია ქვეყანაში გაუარესებულია და ალბათ, მოსალოდნელია კიდევ უფრო ზრდა. "ჰელსმეტრიკის" მონაცემებით, ჩვენ პიკში უნდა შევიდეთ აპრილის ბოლოს - მაისის პირველ ორ კვირაში. გაინტენსივებულია ტესტირება. გუშინ გვქონდა 30 241 ტესტი და 1 310 ახალი შემთხვევა არის აქედან. გამოჯანმრთელების პროცენტი ოდნავ ქვემოთ მოდის, 94%-ია. იცით, რომ ასული ვიყავით 97%-ზე. სიკვდილიანობის პროცენტი ისევ 1,3-ის ფარგლებშია“, - განაცხადა გამყრელიძემ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG