ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოპესკუ: რუსეთი სომხეთის დამარცხებას არ დაუშვებს, მაგრამ აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის გარეთ მწვანე შუქს უნთებს


რა უნდა რუსეთს კავკასიაში - მადლიერი აზერბაიჯანი, თუ განაწყენებული სომხეთი? რატომ არ ეხმარება მოსკოვი ერევანს ისეთი აქტიური მეთოდებით, როგორც მოსალოდნელი იყო? რა როლს თამაშობს თურქეთი და როგორ შეიძლება ავხსნათ ის, რომ რუსეთს დღემდე საჯარო რეაქცია არ ჰქონია თურქეთის მხრიდან აზერბაიჯანისთვის ღია დახმარების გაწევაზე?

კავკასიაში მიმდინარე კონფლიქტს მოლდოვას ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკუ პოპესკუ აფასებს. საქართველოზე საუბრისას ის ამბობს, რომ რუსეთს გაუჭირდება საქართველო სახმელეთო სამხედრო დერეფნად გამოიყენოს ქვეყნის მთავრობის თანხმობის გარეშე. ის ასევე დასძენს, რომ საქართველოს შეუძლია ნეიტრალური შუამავალი იყოს, მაგრამ კონფლიქტის გადაჭრაში მნიშვნელოვან როლს ვერ ითამაშებს. ეს კი, იმ დაუნდობელი რეალობის გამოა, რომ სომხეთთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო თვალსაზრისით გამარჯვებული სანამ არ გამოიკვეთება, მათ შორის დაპირისპირება არ დამთავრდება. პოპესკუს "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა.

ბატონო ნიკუ, ცოტა ხნის წინ თქვენ სტატია გამოაქვეყნეთ, სადაც ამბობდით, რომ რუსეთს აზერბაიჯანის მადლიერების მოლოდინი აქვს იმის სანაცვლოდ, რომ სომხეთს აქტიურად არ ეხმარება და რომ სომხეთი ამ გამოცდილებიდან გაკვეთილს ისწავლის. რას გულისხმობთ აზერბაიჯანის მადლიერებაში?

სიტუაციას საბაზისო საწყისებიდან უნდა შევხედოთ. რუსეთის პოლიტიკა მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით ფორმალურად აუხსნელია. ეს სიტუაცია 6-7 წლის წინ რუსეთის რიტორიკას რომ შევადაროთ, დიდ განსხვავებას ვნახავთ. 2012-2013 წლებში, როცა უკრაინა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერაზე ფიქრობდა, რუსული დიპლომატია ისეთ სურათს ხატავდა, თითქოს ეს უდიდესი დიპლომატიური კატასტროფა იყო რუსეთისთვის. იყო ყოველდღიური განცხადებები, ზეწოლა უკრაინაზე, კრიტიკა ევროკავშირის მიმართ... რუსული დიპლომატია ყველაფერს აკეთებდა ამის პრევენციისთვის.

რუსეთის მხრიდან, ვფიქრობ, გათვლა ისაა, რომ თუ აზერბაიჯანს ამ ტერიტორიების დაბრუნებაში ხელი არ შეუშალა, აზერბაიჯანი ამას დააფასებს და ამავე დროს, იცის, რომ სომხეთს წასასვლელი არსად აქვს. რუსეთის გარდა, სომხეთს უსაფრთხოების გარანტიას სხვა არცერთი ქვეყანა მისცემს.

დღეს, რუსეთის სამხედრო მოკავშირე, რუსული ბაზის მასპინძელი, კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრი სომხეთი, მესამე ქვეყნისგან - აზერბაიჯანისგან - თავდასხმის ქვეშაა. აზერბაიჯანს დიპლომატიურად და სამხედრო თვალსაზრისით, თურქეთი ეხმარება. რუსული დიპლომატია კი თითქმის დუმს. უნდა დავსვათ კითხვა: რატომ?

ამას რამდენიმე ახსნა აქვს. ფუნდამენტურ დონეზე, ჩანს, რომ რუსეთი აზერბაიჯანს სივრცეს აძლევს იმისთვის, რომ მთიანი ყარაბაღის გარშემო რაღაც ტერიტორია დაიბრუნოს. რუსეთის მხრიდან, ვფიქრობ, გათვლა ისაა, რომ თუ აზერბაიჯანს ამ ტერიტორიების დაბრუნებაში ხელი არ შეუშალა, აზერბაიჯანი ამას დააფასებს და ამავე დროს, იცის, რომ სომხეთს წასასვლელი არსად აქვს. რუსეთის გარდა, სომხეთს უსაფრთხოების გარანტიას სხვა არცერთი ქვეყანა მისცემს.

რას მიიღებს რუსეთი აზერბაიჯანის მადლიერებით? რა არის ამაში რუსეთისთვის?

ბოლო ათწლეულის განმავლობაში, რუსეთი აზერბაიჯანის პოლიტიკით კმაყოფილია. აზერბაიჯანი არ ცდილობს ნატოსთან ან ევროკავშირთან უფრო მეტად დაახლოებას, არ სურს ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმება. მეორეს მხრივ, ბაქო რუსეთისგან სამხედრო შეიარაღებას ყიდულობს. აქ მთავარი არა მილიონობით დოლარის ოდენობის შესყიდვებია, არამედ ის სისტემური და სტრუქტურული, სტაბილური სამხედრო თანამშრომლობა, რომლის საფუძველსაც ეს შესყიდვები ქმნის. რუსეთს აწყობს, რომ ეს თანამშრომლობა გაგრძელდეს.

მთიანი ყარაბაღი - საფრთხეები საქართველოსთვის
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:06:40 0:00

რუსეთი ასევე აკეთებს გათვლას იმაზე, რომ თურქეთი გააგრძელებს აზერბაიჯანის დახმარებას, რითაც სავარაუდოდ, ნატოსგან მეტად გაირიყება. საბოლოო ჯამში, რუსეთს არ აწყობს თურქეთის აზერბაიჯანთან ზედმეტად დაახლოება, მაგრამ ამ ეტაპზე ამას ყურადღებას არ აქცევს. Შესაძლოა, იმის გამო, რომ თურქეთსა და ნატოს შორის დაშორება გააღრმაოს.

ეს პარადოქსია. ერთის მხრივ, პუტინი ერდოღანთან კარგი პერსონალური ურთიერეთობის შენარჩუნებას ცდილობს და ამ პროცესში იმედი აქვს, რომ თურქეთი დასავლური წესებით არ ითამაშებს და ნატოს დაშორდება. მეორეს მხრივ კი, რუსეთი და თურქეთი ახლა უკვე სამ კონფლიქტში მოწინაღმდეგე მხარეს არიან. როგორ ფიქრობთ, მიანიშნებს თუ არა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში მათი ურთიერთობა იმაზე, რომ რეგიონში რუსეთსა და თურქეთს გავლენების მოპოვებაზე ერთგვარი შეჯიბრი აქვთ?

ვფიქრობ, რუსულ-თურქული ურთიერთობა უკიდურესად მყარია. ალბათ გახსოვთ, რამდენიმე წლის წინ, თურქეთში რუსეთის ელჩი მოკლეს. რუსეთს ამის გამო, ცხადია, შეეძლო დიდი ამბის ატეხვა, რომ თურქეთმა ვერ შეძლო ელჩისთვის სათანადო უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მაგრამ, რუსეთმა ეს არ გააკეთა. ასევე გახსოვთ, თურქეთმა რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო. დღეს თურქეთის ჯარის ნაწილი ჩართულია რუსეთის სამხედრო მოკავშირის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების მხარდაჭერაში.

"აია სოფიას" ბედი და თურქეთის საგარეო პოლიტიკა
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:17 0:00

სიტუაცია ისე გამოიყურება, რომ თურქეთის ბევრი მოქმედება თუ უმოქმედობა რამდენიმე რეგიონში, რუსეთის ძალისთვის დიდი გამოწვევაა. მაგრამ რუსეთი ყოველთვის ნახულობს შინაგან ძალას იმისთვის, რომ ზედმეტად არ გაღიზიანდეს ან უბრალოდ დაძლიოს თურქეთის მიმართ არსებული გაღიზიანება. ბოლო დღეებშიც კი, რუსეთი უფრო მეტადაა გაღიზიანებული ევროკავშირის მხრიდან ნავალნისთან დაკავშირებული დიპლომატიური განცხადებებით, ვიდრე თურქეთის მოქმედებებით მთიან ყარაბაღში. ეს გასაკვირია, მაგრამ ვფიქრობ, ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს.

რუსეთმა იცის, რომ თურქეთთან საქმიანი, დაბალი ნდობის მქონე ურთიერთობა აკავშირებს. ეს ისეთ სიტუაციას ჰგავს, ბაზარში რომ წახვალ და გამყიდველი თუ მოგატყუებს, ძალიან რომ არ ბრაზდები, იმიტომ რომ იცი, რომ მისგან ეს მოსალოდნელია.

ვფიქრობ, რუსეთი თურქეთთან ემოციურად დაკავშირებული არ არის, ყოველ შემთხვევაში ისეთ დონეზე, როგორც ეს ამერიკის ან ევროკავშირის შემთხვევაშია. ამავე დროს, რუსეთი თურქეთს სტრატეგიულ მოწინააღმდეგედ არ მიიჩნევს, როგორც ამერიკას ან ევროკავშირს. უკრაინაში, საქართველოში, მოლდოვაში და პოტენციურად, ბელარუსში, დასავლეთის საქმიანობას რუსეთი საკუთარი სტრაგეტიული გავლენისთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ მიიჩნევს. რუსეთის გადმოსახედიდან, როცა საქმე დიდ სტრატეგიულ სურათს ეხება, თურქეთი მარგინალური ძალაა, რომელიც გამოწვევას და საფრთხეს არ წამოადგენს.

მოსკოვში არსებობს შეხედულება, რომ სომხეთი გონივრულად არ იქცევა მადრიდის პრინციპებზე დათანხმების შემდეგ და აღებულ ვალდებულებებს არ ასრულებს. თქვენ ამბობთ, რომ რუსეთს არ სურს გეოპოლიტიკური ხარჯის გაწევა სომხეთის დასაცავად. რა შეიძლება იყოს გეოპოლიტიკური ფასი, რომლის გადახდაც რუსეთს მოუწევს საკუთარი სამხედრო მოკავშირის დასაცავად ან მისი დაუცველობით?

ტექნიკურად, რუსეთს სომხეთის მხოლოდ საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის დაცვა ევალება. ვფიქრობ, რუსეთი მზად იქნება სომხეთს მეტი დახმარება გაუწიოს იმ შემთხვევაში, თუ აზერბაიჯანის ჯარი მთიანი ყარაბაღის ტერიტორიას დაემუქრება. ამ ეტაპზე ყარაბაღზე თავდასხმები მიმდინარეობს, მაგრამ ტერიტორიაზე კონტროლის დაბრუნების მცდელობა არ ყოფილა. კონტროლის აღდგენის მცდელობა მხოლოდ ყარაბაღის მოსაზღვრე რეგიონებზე ვრცელდება. ნათლად ჩანს, რომ რუსეთს არ სურს სომხეთს ამ შვიდი რეგიონის დაცვაში დაეხმაროს. ამით მოსკოვმა აზერბაიჯანს მწვანე შუქი აუნთო ამ ტერიტორიების დაბრუნებაზე.

რუსეთის გაღიზიანებას რაც შეეხება, სომხეთის მიერ მადრიდის პრინციპების დაცვაზე უარის თქმის გამო, ამ მოსაზრებას სხვა მედიატორებიც იზიარებენ. მადრიდის პრინციპებზე ხელის მოწერის შემდეგ, პირველი ნაბიჯი სომხეთს უნდა გადაედგა და შეემუშავებინა განრიგი აზერბაიჯანისთვის ამ შვიდი ტერიტორიის უკან გადაცემაზე. სომხეთმა ეს არ გააკეთა. თუმცა, ამ შემთხვევაში ვერცერთ მხარეს დავადანაშაულებ, რადგან ამჯერად სამხედრო დაპირისპირებას აზერბაიჯანი აღრმავებს.

საით მიდის ეს ყველაფერი, როგორ შეიძლება ეს დაპირისპირება დამთავრდეს?

ვფიქრობ, ეს ბოლო შეტაკება არ იქნება. აზერბაიჯანი 10 წელზე მეტია ამბობს, რომ თუ მთიანი ყარაბაღის გარშემო მდებარე ტერიტორიების დაბრუნებაზე მოლაპარაკებები ჩაიშლებოდა, მზად იყო სამხედრო ძალა გამოეყენებინა. ამას ბევრი სერიოზულად არ აღიქვამდა. დღეს ყველამ გააცნობიერა, რომ ეს სერიოზული განცხადება იყო. ვფიქრობ, მომავალი წლების განმავლობაში, მსგავსი მცირე ომები მოხდება. ყველაზე ცუდი ის შეიძლება იყოს, თუ აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის დაბრუნება ძალის გამოყენებით სცადა. მიმდინარე შეტაკებები მედიატორების საქმიანობას ახალ ენერგიას შემატებს და სავარაუდოდ, მხარეებს მადრიდის პრინციპების შესრულებისკენ ან მოდიფიკაციისკენ უბიძგებს.

რა უნდა რუსეთს? თქვენ იცით პრეზიდენტ პუტინის განცხადების შესახებ, რომ მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი რუსეთის სამხედრო მოკავშირეა, რუსეთი პასუხისმგებელია მხოლოდ სომხეთის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის დაცვაზე და ამჯერად სამხედრო ოპერაციები საკუთრივ სომხეთში არ მიმდინარეობს. თქვენი აზრით, რისი სიგნალი იყო ეს?

ის ცხადია, რომ რუსეთი სომხეთის ტერიტორიას დაიცავს. თუმცა, ისიც ცხადად ჩანს, რომ მოსკოვი თანახმაა აზერბაიჯანმა ყარაბაღის გარეშემო მდებარე ამ შვიდი ტერიტორიის დიდი ნაწილი დაიბრუნოს. უფრო ნაკლებად ცნობილი ისაა, თუ სად გადის რუსეთისთვის წითელი ხაზი. ჩაერევა თუ არა რუსეთი ომში, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიის დაბრუნება რომ გადაწყვიტოს, ან ლაჩინის დერეფანი აიღოს, რომელიც მთიან ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს... ეს ჯერ არ ვიცით. ვნახეთ რუსეთის წითელი შუქი სომხეთისთვის და შეზღუდული მწვანე შუქი აზერბაიჯანისთვის. რუსეთს არ აქვს იურიდიული ვალდებულება დაიცვას მთიანი ყარაბაღი, მაგრამ ვიცით, რომ ბევრი სხვა მეთოდი არსებობს იმისთვის, რომ რუსეთი ყარაბაღში სომხეთს დაეხმაროს, მაგალითად როგორც ეს დონბასში გააკეთა, სადაც ქვეყნის შეიარაღებული ძალები, როგორც ასეთი, არ გაუგზავნია, მაგრამ გააგზავნა მებრძოლები. ერთს დავამატებ - ვფიქრობ, რუსეთმა აზერბაიჯანს და თურქეთს დიპლომატიური არხებით უკვე გააგებინა, სად გადის წითელი ხაზი და მათ ამ ლიმიტების დაცვა სთხოვა. თუმცა, ომში ხშირად ძალიან ძნელია ლიმიტების დაცვა და ესკალაციების გამორიცხვა.

საქართველო ძალიან რთულ მდგომარეობაშია. ქვეყანას კარგი ურთიერთობა აქვს სომხეთთანაც და აზერბაიჯანთანაც და მათ დიალოგისთვის პლატფორმა უკვე შესთავაზა. თუმცა, აქვეა რუსეთის ფაქტორიც. ბოლო დროს საქართველოში ბევრს საუბრობენ იმაზე, რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ, თუ რუსეთი სომხეთთან დასაკავშირებელ სახმელეთო დერეფანს მოითხოვს. რა უნდა ქნას საქართველომ ასეთ შემთხვევაში და თუ ხედავთ მოვლენების ასეთი სცენარით განვითარებას?

ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება. ვფიქრობ, რუსეთს სხვა მეთოდებიც აქვს იმისთვის, რომ აზერბაიჯანს და თურქეთს აჩვენოს, სად გადის წითელი ხაზი ისე, რომ მაინცდამაინც საქართველოს ტერიტორია ტანკებით არ გადაკვეთოს.

ცხადია, შეკითხვად რჩება ის, ეცდება თუ არა რუსეთი რაღაც ეტაპზე სომხეთის საბაბად გამოყენებით, საქართველოს მთავრობა აიძულოს და ამგვარი დერეფნის ნაწილები მიიღოს, რომლებიც მას სინამდვილეში არ სჭირდება, რადგან მას სომხეთის დასახმარებლად სხვა გზებიც აქვს.

იმ შემთხვევაში, თუ უფრო ფართომასშტაბიან საომარ სიტუაციაში აღმოვჩნდებით, ეს არ იქნება რუსეთისთვის ერთადერთი გზა სომხეთის დასახმარებლად.ასევე არის საჰაერო ტრანსპორტიც. თუმცა, თავად რუსეთს აზერბაიჯანთანაც აქვს საზღვარი და სულ რამდენიმე სამხედრო მანევრი დაღესტანში საკმარისად ნათელი გზავნილი იქნება იმის შესახებ, რომ მთიანი ყარაბაღის გარშემო ომი შორს აღარ უნდა წავიდეს... ასე რომ, უკიდურესი გამწვავების შემთხვევაშიც კი, ვერ ვხედავ ამ დერეფნის საჭიროებას.

ცხადია, შეკითხვად რჩება ის, ეცდება თუ არა რუსეთი რაღაც ეტაპზე სომხეთის საბაბად გამოყენებით, საქართველოს მთავრობა აიძულოს და ამგვარი დერეფნის ნაწილები მიიღოს, რომლებიც მას სინამდვილეში არ სჭირდება, რადგან მას სომხეთის დასახმარებლად სხვა გზებიც აქვს.

აქ კი ცხადია, არ ვიცით რამდენად შორს შეიძლება წავიდეს ეს მიზანი, ან რამდენად რბილი შიძლება იყოს საქართველოს მთავრობა. ეს უკვე შიდა პოლიტიკის საკითხია და საქართველოს მომავალი ხელისუფლებისა და ლიდერების გადასაწყვეტი. თუმცა ცხადია, საქართველოს ძალიან სარწმუნო და მყარი არგუმენტები ექნება უარის სათქმელად.

თუმცა, არსებობს ამ დისკუსიის საჯარო სივრცეში დაწყების ალბათობა, მაგრამ არ მგონია რომ ეს რეალურად შესაძლებელი იყოს, ან ვინმეს შეეძლოს საქართველო აიძულოს ეს გააკეთოს.

როგორ ხედავთ საქართველოს როლს ამ ყველაფერში? რის გაკეთება შეუძლია ქვეყანას? აქვს კი იმის ბერკეტები, რომ კონსტრუქციული როლი შეასრულოს რეგიონში სტაბილურობის დასამყარებლად?

არ ვარ ბოლომდე დარწმუნებული. იცით, კონფლიქტის გადაჭრის ერთ-ერთი ფორმულა იმაში მდგომარეობს, რომ მხარეები მზად არიან კონფლიქტი გადაჭრან მაშინ, როცა ორივესთვის საზიანო ჩიხში არიან შესული და როცა ორივე მხარე სტატუს კვოთი უკმაყოფილოა. სწორედ ამ დროს არის საჭირო ნეიტრალური შუამავლები. თეორიულად, საქართველო ნამდვილად კარგი ქვეყანაა ამისთვის. თუკი სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც ენდომებათ შეთანხმება, შესაძლოა საქართველოს, ნორვეგიასა თუ შვეიცარიას მიმართონ. მაგრამ ახლა ეს არ ხდება. აზერბაიჯანი და სომხეთი არ არიან მზად სამშვიდობო შეთანხმების ხელმოსაწერად და ნეიტრალური მედიატორი არ არის ის, რაც მათ კონფლიქტტის გადასაჭრელად სჭირდებათ.

რაღაც მომენტში უნდა მოვიდეს დრო, როცა სომხები გააცნობიერებენ, რომ ყველაფერი ისე აღარ იქნება, როგორც ბოლო 25 წლის განმავლობაში იყო და აზერბაიჯანელები მიხვდებიან, რომ მთელი ტერიტორიის სამხედრო ძალით ხელში ჩაგდება შეუძლებელია და რომ სჭირდებათ რეალურად დასხდნენ, დაილაპარაკონ და მდგომარეობიდან გამოსავალი მოლაპარაკებებით იპოვონ.

რა შეიძლება იყოს ორივე მხარისთვის ინტერესეების ერთგვარი გადაკვეთის წერტილი, პოზიცია, სადაც ინტერესები დაემთხვევა და კონფლიქტი ორივე მხარისთვის მომგებიანი პოზიციებით დამთავრდება?

ამაზე ფიქრი ჩემთვის ძალიან ჰიპოთეტურია. ვფიქრობ, გასული ათწლეული სომეხთა მხრიდან შეუგუებლობის პერიოდი იყო, შემდეგი კი - აზერბაიჯანის იქნება, რომელიც გამხნევებულია საკუთარი ფინანსური თუ სამხედრო უპირატესობით.

ვფიქრობ, შემდეგი ფაზის მთავარი საკითხი ის კი არ იქნება, რომ სომხეთმა მადრიდის პრინციპები შეასრულოს, არამედ ის, რომ აზერბაიჯანი დავარწმუნოთ იმაში, რომ ომის დაწყებაზე უკეთესი გამოსავალი არსებობს.ეს შეიძლება მოხდეს სიტუაციაში, როდესაც აზერბაიჯანის ჯარი ბრძოლის ველზე არც ისე წარმატებული იქნება და გადაულახავ წინაღობას წააწყდება.

სამწუხაროდ, ისტორია ასეთია, რომ მხარეები ერთმანეთს ბრძოლის ველზე უნდა დაუპირისპირდნენ და იქ დაამტკიცონ უპირატესობა. ეს ძალიან ტრაგიკულია ადგილობრივებისთვის. რაღაც მომენტში უნდა მოვიდეს დრო, როცა სომხები გააცნობიერებენ, რომ ყველაფერი ისე აღარ იქნება, როგორც ბოლო 25 წლის განმავლობაში იყო და აზერბაიჯანელები მიხვდებიან, რომ მთელი ტერიტორიის სამხედრო ძალით ხელში ჩაგდება შეუძლებელია და რომ სჭირდებათ რეალურად დასხდნენ, დაილაპარაკონ და მდგომარეობიდან გამოსავალი მოლაპარაკებებით იპოვონ.

მხარეებს შორის ასეთი ბალანსის პოვნა ძალიან რთული და იშვიათია. იშვიათია,როდესაც სტატუს-კვო ორივე მხარისთვის საზიანოა. სწორედ ამიტომ გრძელდება ეს კონფლიქტები ასე დიდხანს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG