ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონი სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს უმასპინძლებს


ვაშინგტონი გეგმავს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაწყვეტაში უფრო აქტიური როლი ითამაშოს. სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები შეერთებულ შტატებს ესტუმრებიან და სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს შეხვდებიან.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ 23 ოქტომბერს დილით ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯერ სომხეთის შემდეგ კი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება. თუმცა, ამ დრომდე აღნიშნულზე სახელმწიფო დეპარტამენტს განცხადება არ გაუკეთებია. უცნობია ასევე გაიმართება თუ არა სომხეთ-აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის პირისპირი აუდიენცია.

აზერბაიჯანმაც და სომხეთმაც კრემლში დადებული მეორე ზავი რამდენიმე საათში დაარღვიეს. განახლებულ კონფლიქტს ამ დრომდე ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამხედრო დაპირისპირება მხარეებს შორის გრძელდება. როგორც მხარეები იტყობინებიან ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში შეტაკებები უფრო ფართომასშტაბიანია.

ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კვლავ დაირღვა, მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ

ცნობილი ხდება ისიც, რომ ამ კვირაში შესაძლოა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებები გაიმართოს მოსკოვშიც, სადაც ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი ერთმანეთს შეხვდებიან. განცხადება ცოტა ხნის წინ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. ფაშინიანმა თქვა, რომ მზად არის შეხვდეს ალიევს თუმცა აღნიშნა, რომ თუ მოლაპარაკება არ შედგება სომხეთი თავისი მოქალაქეების დაცვას განაგრძობს.

"მზად ვარ შორის მოსკოვში გავემგზავრო და ილჰამ ალიევს შევხვდე. აუცილებელია კონფლიქტი მშვიდობიანი გზით გადაწყდეს,“ -ამბობს სომხეთის პრემიერ-მინისტრი.

განცხადება გააკეთა აზერბაიჯანულმა მხარემაც. ილჰამ ალიევი ამბობს, რომ სომხეთი მოლაპარაკებებში კონსტრუქციულად თუ მოიქცევა აზერბაიჯანი ცეცხლს შეწყვეტს.

„განცხადებები, რაც ერევნიდან გვესმის, სრულად ეწინააღმდეგება საბაზისო პრინციპებს, რომლებიც ეუთო-ს მინსკის ჯგუფის მიერ იქნა შემუშავებული. თუ სომხური მხარე საბოლოოდ გააცნობიერებს, რომ სამხედრო პროვოკაციებს ისინი კატასტროფამდე მიჰყავს, მზად ვართ შევაჩეროთ საბრძოლო მოქმედებები და საკითხი მოლაპარაკების მაგიდასთან გადავჭრათ. ჩვენ საბაზისო პრინციპების ერთგული ვრჩებით, რაც დეოკუპაციას, სომეხი და აზერბაიჯანელი მოსახლეობის ერთობლივ ცხოვრებას გულისხმობს,"- ამბობს აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი.

აქვე აზერბაიჯანი ავრცელებს ინფორმაციას, რომ "კუთვნილი ტერიტორიების ნაწილი დაიბრუნა" საუბარია 30-მდე სოფელზე მათ შორის ჯაბრაილისა და ხოჯავადენზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG