უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოკავშირეებს მოუწოდა, მისი ქვეყნის დასახმარებლად კონკრეტული წინადადებები წარადგინონ. ლონდონში 21 ივნისს გამართულ "უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე", შეერთებული შტატები, ევროკავშირი და ბრიტანეთი მილიარდობით ახალი დახმარების ინიციატივით გამოვიდნენ, რათა ხელი შეუწყონ ომის შემდგომი უკრაინის აღმშენებლობას.
მეზობელ ქვეყანაზე რუსეთის უკანონო, სრულმასშტაბიანი თავდასხმიდან თითქმის 16 თვე გავიდა. კიევმა კონტრიერიში დაიწყო, მაგრამ რუსეთს ქვეყნის სამხრეთსა და აღმოსავლეთში ჯერ კიდევ ოკუპირებული აქვს უკრაინის მნიშვნელოვანი ნაწილი.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინას 2024-27 წლებში 50 მილიარდ ევროს გამოუყოფს. შეერთებულ შტატებს კონფერენციაზე სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი წარმოადგენდა. ის კიევს დამატებით 1.3 მილიარდის ოდენობის დახმარებას დაჰპირდა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა კი უკრაინისთვის 3 მილიარდი დოლარის გარანტიების შესახებ ისაუბრა, რათა მსოფლიო ბანკმა კიევს ქვეყნის აღსადგენად სესხი გამოუყოს.
Your browser doesn’t support HTML5
ლონდონში უკრაინის აღდგენის თაობაზე მასშტაბურ კონფერენციას საჯარო და კერძო სექტორის ათასზე მეტი ათასზე მეტი გავლენიანი პირი ესწრებოდა. მათდამი მიმართვისას უკრაინის პრეზიდენტი მიესალმა დახმარების გულუხვ დაპირებებს, თუმცა ამავე დროს ხაზი გაუსვა კონკრეტული წინადადებების აუცილებლობას. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ეს უკრაინას არამარტო დამანგრეველი კონფლიქტის შემდეგ აღდგენაში, არამედ მას დასავლური საზოგადოების ძლიერ წევრად გადაქცევაში დაეხმარება.
"ამ კონფერენციაზე ჩვენ უნდა გადავინაცვლოთ ხედვიდან შეთანხმებებზე და შეთანხმებებიდან - რეალურ პროექტებზე. ლონდონში უკრაინის დელეგაცია იმყოფება, რომელიც წარმოადგენს იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რაც ერთად უნდა გადავდგათ", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვითარება უკრაინაში
ლონდონში გამართული კონფერენციის გახსნის წინ, კვლავ გრძელდებოდა რუსეთის იერიში უკრაინის წინააღმდეგ. გასულ ღამეს კრემლმა უკრაინის რეგიონებზე და დედაქალაქ კიევზე იერიშები რაკეტებით და დრონებით მიიტანა.
კოსტიანტინივკაში უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე დონეცკის რაიონში, რომელიც ბოლო თვეებში ამ მიმართულებით მიმდინარე ბრძოლების ეპიცენტრია, რუსეთის დაბომბვების შედეგად, ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ 21 ივნისს "ტელეგრამზე" ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურმა, პავლო კირილენკომ განაცხადა.
ღამით რუსეთის სამიზნეებს შორის უკრაინის არაერთი რაიონი აღმოჩნდა: კიევი, ხმელნიცკი, დნიპროპეტროვსკი, სუმი, პოლტავა, ჩერკასი, კიროვოჰრადი და ზაპორიჟია. უკრაინის საჰაერო თავდაცვის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ ირანული წარმოების 35 დრონიდან, 32 ჩამოაგდეს. აქედან 20 - კიევის თავზე.
ბრძოლის ველზე უკრაინის ძალებმა გასული ღამის განმავლობაში მცირე უპირატესობა მოიპოვეს. ისინი ზაპორიჟიის რაიონში მელიტოპოლის და ბერდიანსკის მიმართულებით დაწინაურდნენ, აცხადებს ანდრეი კოვალევი, უკრაინის გენშტაბის პრესსპიკერი. მისი თქმით, "განსაკუთრებით მწვავე ბრძოლები" მიმდინარეობს ლიმანთან და დონეცკთან. განცხადება კოვალევმა უკრაინის არმიის მედიის ცენტრის "ტელეგრამის" არხზე გაავრცელა.
იმის მიუხედავად, რომ უკრაინამ რუსეთის ოკუპაციისგან 8 სოფელი უკვე გაათავისუფლა, უკრაინის კონტრშეტევა "სასურველზე ნელია" - განაცხადა ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანიასთან (BBC) საუბარში ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამის უმთავრესი მიზეზი რუსეთის ძალების მიერ დამინული ტერიტორიებია.
ასევე ნახეთ: უკრაინელ მებრძოლს რუსეთში 16-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს
რუსეთი
პარალელურად, რუსეთში ადგილობრივი მედია სამართალდამცავთა განცხადებებზე დაყრდნობით ამბობს, რომ 21 ივნისს, დედაქალაქის მახლობლად, მოსკოვის რაიონში მათ სამი დრონი ჩამოაგდეს. ახალი ამბების სააგენტოების და ასევე "ტელეგრამის" არხების თანახმად, აქედან ორი დრონი ნარო-ფომინსკის უბანში მდებარე სამხედრო ქვედანაყოფთან გაანეიტრალეს, მეორე კი - სოფელ ლუკინოსთან.
რუსეთში სამხედრო საწყობთან დრონების ჩამოგდებას ადასტურებს ადგილობრივი გუბერნატორი ანდრეი ვორობიოვიც. კიევს ამ ინციდენტებზე კომენტარი არ გაუკეთებია და არც პასუხისმგებლობა აუღია.