2018 წელს თავისუფალ პრესაზე თავდასხმებმა მოიმატა

აპრილში, ავღანეთში, ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ თვითმკვლელმა ტერორისტმა, რომელმაც თავი მედიის წარმომადგენლად გაასაღა, 26 ადამიანი მოკლა, მათ შორის, 9 ჟურნალისტი, რომლებიც პირველი აფეთქების შემდეგ, შემთხვევის ადგილზე მივიდნენ.

ივნისში, შეიარაღებული პირი მერილენდის ახალი ამბების რედაქციაში შეიჭრა და ადგილობრივი გაზეთის რედაქციის ხუთი თანამშრომელი მოკლა.

ოქტომბერში, „ვაშინგტონ პოსტის“ მიმომხილველი ჯამალ ხაშოგი თურქეთში, საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს.

გატაცებებით და მკვლელობებით დაწყებული და დაპატიმრებით დამთავრებული, ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული საფრთხეები იზრდება, რასაც ექსპერტები მზარდ საგანგაშო ტენდენციად აფასებენ.

მარგო ევენი ორგანიზაციიდან „ჟურნალისტები საზღვრების გარეშე“ ამბობს, რომ „დემოკრატიულ ქვეყნებში, ჟურნალისტები მზარდი საფრთხის წინაშე არიან და კონფლიქტისგან თავისუფალ ქვეყნებში, ჟურნალისტებს საკუთარი მოვალეობის შესრულება მაინც სიცოცხლის ფასად უჯდებათ.“

ორგანიზაციის „ჟურნალისტები საზღვრების გარეშე“ თანახმად, 2018 წელს, სულ ცოტა, 63 ჟურნალისტი მოკლეს. იგივე ანგარიში ჟურნალისტებისთვის სამ ყველაზე საშიშ ქვეყანად ავღანეთს, სირიას და მექსიკას ასახელებს.

პრესის თავისუფლებაზე თავდასხმა მხოლოდ მკვლელობით არ შემოიფარგლება. ჟურნალისტების დაპატიმრებების რაოდენობაც იზრდება. ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი აცხადებს, რომ მსოფლიოს მასშტაბით დაპატიმრებულ ჟურნალისტთა რაოდენობის ნახევარზე მეტი ჩინეთზე, თურქეთზე და ეგვიპტეზე მოდის.

ოფიციალურმა პირებმა დაასახელეს ისეთი საქმეები, როგორიც მიანმარში მოხდა, სადაც წელს, „როიტერის“ ორ ჟურნალისტს შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

რობერტ მაჰონი "ჟურნალისტების დაცვის კომიტეტიდან" ამბობს, რომ მათ „ომის დანაშაული გამოააშკარავეს, სისხლიანი სისასტიკე და ამისთვის, პოლიციამ მათ ყალბი საქმე შეუთითხნა. მოპარული დოკუმენტების ქონა დააბრალეს, რაც არ ჩაუდენიათ და ახლა, იურიდიული პროცესის პაროდიის მეშვეობით, ციხეში გამოამწყვდიეს. სწორედ ასეთი ტიპის ჟურნალისტები განიცდიან პრობლემებს, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ მთავრობაზე წერენ.“

ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, რომ შეერთებულ შტატებში, პრეზიდენტის მხრიდან მედიის საწინააღმდეგო რიტორიკა მაგალითს აძლევს სხვა ლიდერებს, რომლებსაც პრესაზე თავდასხმა სურთ.

„თქვენ ქმნით, თქვენ და ბევრი სხვა ჟურნალისტი ქმნის ძალადობას იმით, რომ სიმართლეს არ წერთ. ყალბი ახალი ამბები ძალადობას წარმოქმნის!“ თქვა ტრამპმა.

ტომ როზენსტაინი „ამერიკული პრესის ინსტიტუტის მკვლევარი ამბობს, რომ პრესისთვის „ყალბი ამბების“ დაძახებით, ტრამპი "ამბობს, რომ ისინი არალეგიტიმურნი არიან. როდესაც ამბობს, რომ ისინი წარუმატებელნი არიან, ამბობს, რომ ისინი ისტორიის არასწორ მხარეს არიან. იმის თქმით, რომ ისინი ხალხის მტრები არიან, ამბობს: „ხალხი მე ვარ, თუ ისინი ჩემი მტრები არიან, თუ მე მაკრიტიკებენ, სინამდვილეში შენ გაკრიტიკებენ.“

ამერიკული პრესის მიმართ საზოგადოების ნდობა, ყველა დროის, ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ზოგიერთი, ამაში პრესის თავისუფლების გლობალური დაკნინების უფრო ფართო ილუსტრაციას ხედავს, თუმცა გარკვეული დადებითი ცვლილებების ნიშნებიც არსებობს.

იმ დროს, როდესაც ჟურნალისტები მსოფლიოს გარშემო მუშაობას აგრძელებენ, ბოლო ანგარიში მიანიშნებს, რომ ისინი თავის საქმიანობას სულ უფრო რთულ და სარისკო გარემოში შეასრულებენ.