ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტელეკომპანია "სი-ენ-ენი" ტრამპს უჩივის


თეთრი სახლის ადმინისტრაციის მომჩივანთა სიას დღეს ტელეკომპანია "სი-ენ-ენი" (CNN) შეემატა. მაუწყებელი ჟურნალისტ ჯიმ აკოსტასთვის ჩამორთმეული თეთრი სახლის კორესპონდენტის საშვის აღდგენას ითხოვს.

საჩივარში, რომელიც ვაშინგტონის საოლქო სასამართლოში დღეს შევიდა, ნათქვამია, რომ ჯიმ აკოსტას თეთრი სახლის საშვი "უსამართლოდ" ჩამოერთვა. ტელეკომპანია აცხადებს, რომ ამ ნაბიჯით, შეერთებული შტატების კონსტიტუციის პირველი შესწორებით მინიჭებული უფლება, პრესის თავისუფლება ირღვევა.

ჯიმ აკოსტა "სი-ენ-ენის" ერთ-ერთი წამყვანი ჟურნალისტია. მას საშვი თეთრი სახლის ოფიციალურმა პირებმა 7 ნოემბერს, პრეზიდენტ ტრამპთან გამართულ პრესკონფერენციაზე დასმული კითხვის შემდეგ ჩამოართვეს.

კითხვა, რომელზე პასუხსაც ჟურნალისტი დაბეჯითებით ითხოვდა, მიგრანტების იმ ქარავანს შეეხებოდა, რომელიც შეერთებულ შტატებს სამხრეთ საზღვართან უახლოვდება. აკოსტა კითხვაში პრეზიდენტს დაბეჯითებით სთხოვდა დაესაბუთებინა, თუ რატომ უწოდა ტრამპმა იმიგრანტთა ამ ნაკადს ქვეყანაზე "თავდასხმა".

თეთრი სახლი თავის მხრივ აცხადებს, რომ "სი-ენ-ენის" ჟურნალისტი პრესკონფერენციაზე ხელით უხეშად შეეხო ქალს, რომელსაც მიკროფონი სხვა ჟურნალისტისთვის უნდა გადაეცა. თუმცა, ვიდეოჩანაწერზე არ ჩანს, რომ აკოსტა თეთრი სახლის თანაშემწეს აგრესიულად ექცეოდა.

თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაცია მხარს უჭერს ჯიმ აკოსტას. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ჟურნალისტისთვის საშვი თავიდანვე არ უნდა ჩამოერთმიათ და საერთოდ, "შეერთებული შტატების პრეზიდენტს არაფერი არ უნდა ესაქმებოდეს იმ კაცის თუ ქალის შერჩევასთან, ვინც მის პრესკონფერენციას აშუქებს".

დონალდ ტრამპი პოლიტიკაში შებიჯების დღიდან, ჟურნალისტებზე ვერბალური თავდასხმებით გამოირჩევა. პრეზიდენტი მედიას სისტემატურად უწოდებს "ყალბს" და "უსამართლოს". ყველაზე დიდი რეზონანსი გამოიწვია მისმა შეფასებებმა, როცა მედიის რამდენიმე წარმომადგენელს ტრამპმა "ხალხის მტერი" უწოდა, ტერმინი, რომელსაც საბჭოთა რეჟიმი მილიონობით ადამიანის გასასამართლებლად და დასახვრეტად იყენებდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG