ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"თეთრი სახლის" წინააღმდეგ "სი-ენ-ენის" სარჩელს, მხარს "ფოქს ნიუსიც" დაუჭერს


შეერთებულ შტატებში წამყვანი მედია საშუალებები ამბობენ, რომ ისინი მხარს დაუჭერენ ტელეკომანიის "სი-ენ-ენის" საჩივარს, რომ თეთრმა სახლმა მის ჟურნალისტს აკრედიტაცია აღუდგინოს. "სი-ენ-ენის" ჟურნალისტს ჯიმ აკოსტას მხარს მისი მეტოქე ტელეკომპანიაც "ფოქს ნიუსი" უჭერს.

თეთრმა სახლმა, ჯიმ აკოსტას კორესპონდენტის საშვი 7 ნოემბერს, პრეზიდენტ ტრამპთან გამართულ პრესკონფერენციაზე დასმული კითხვის შემდეგ ჩამოართვა.

„საშვები არ უნდა იყოს თეთრ სახლში მომუშავე ჟურნალისტების წინააღმდეგ იარაღად გამოყენებული“, - თქვა "ფოქს ნიუსის" პრეზიდენტმა ჯეი ვალასმა საკუთარ განცხადებაში. „ჩვენ მხარს ვუჭერთ პრესის თავისუფლებას, ხელმისაწვდომობას და ღია დისკუსიას ამერიკელი ხალხისთვის“, - განაცხადა მან.

ახალი ამბების ორგანიზაციების კოალიცია, მათ შორის "ბლუმბერგი", "ა.შ.შ. დღეს", "ასოშეითიდ პრესი" და სხვა, ემხრობა თეთრი სახლის წინააღმდეგ "სი-ენ-ენის" საჩივარს.

თეთრი სახლის პრესპიკერმა სარა ჰაკაბი სანდერსმა საჩივარი "სი-ენ-ენის" მხრიდან პომპეზურობის მცდელობად შეაფასა და განაცხადა, რომ თეთრი სახლი გადაწყვეტილების შეცვლას არ გეგმავს.

თეთრი სახლი თავის მხრივ აცხადებს, რომ "სი-ენ-ენის" ჟურნალისტი პრესკონფერენციაზე ხელით უხეშად შეეხო ქალს, რომელსაც მიკროფონი სხვა ჟურნალისტისთვის უნდა გადაეცა. თუმცა, ვიდეოჩანაწერზე არ ჩანს, რომ აკოსტა თეთრი სახლის თანაშემწეს აგრესიულად ექცეოდა. აღსანიშნავია, რომ თეთრი სახლის პრესმდივნის მიერ სამშაბათს გავრცელებულ განცხადებაში ეს ბრალდება, რომ აკოსტა ახალგაზრდა ქალს ხელით შეეხო, ნახსენები არ არის.

„მას შემდეგ, რაც აკოსტამ ორი კითხვა დაუსვა პრეზიდენტს - პრეზიდენტმა ორივე მათგანს უპასუხა, [ამის შემდეგ] ის ფიზიკურად შეეცადა არ დაეთმო მიკროფონი თეთრი სახლის სტაჟიორისთვის, რათა სხვა ჟურნალისტებსაც შეძლებოდათ საკუთარი კითხვის დასმა“, - ნათქვამია სარა სანდერსის განცხადებაში.

კითხვა, რომელზე პასუხსაც ჟურნალისტი დაბეჯითებით ითხოვდა, შეეხებოდა მიგრანტების ქარავანს, რომელიც შეერთებული შტატების სამხრეთ საზღვარს უახლოვდება. აკოსტა, კითხვაში პრეზიდენტს დაბეჯითებით სთხოვდა დაესაბუთებინა, თუ რატომ უწოდა ტრამპმა იმიგრანტთა ამ ნაკადს ქვეყანაზე "თავდასხმა".

"თეთრი სახლის" კორესპონდენტთა ასოციაცია მხარს უჭერს ჯიმ აკოსტას. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ჟურნალისტისთვის საშვი თავიდანვე არ უნდა ჩამოერთმიათ და საერთოდ, "შეერთებული შტატების პრეზიდენტს არაფერი არ უნდა ესაქმებოდეს იმ კაცის თუ ქალის შერჩევასთან, ვინც მის პრესკონფერენციას აშუქებს".

დონალდ ტრამპი პოლიტიკაში მოსვლის დღიდან, ჟურნალისტებზე ვერბალური თავდასხმებით გამოირჩევა. პრეზიდენტი მედიას სისტემატურად უწოდებს "ყალბს" და "უსამართლოს". ყველაზე დიდი რეზონანსი გამოიწვია მისმა შეფასებებმა, როცა მედიის რამდენიმე წარმომადგენელს ტრამპმა "ხალხის მტერი" უწოდა, ტერმინი, რომელსაც საბჭოთა რეჟიმი მილიონობით ადამიანის გასასამართლებლად და დასახვრეტად იყენებდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG