ფედერალურმა მოსამართლემ დღეს გადაწვეტილება "სი-ენ-ენის" კორესპონდენტის ჯიმ აკოსტას სასარგებლოდ მიიღო. სასამართლოს განცხადებით, თეთრი სახლის გადაწვეტილება მისთვის კორესპონდენტის საშვის ჩამოერთვათ, დროებით შეჩერებულია, სანამ საქმეზე საბოლოო გადაწვეტილება არ იქნება მიღებული. ამერიკის საოლქო მოსამართლემ, ჯიმ კელიმ დღეს განაცხადა, რომ ის გასცემს ბრძანებას, რათა მთავრობამ აკოსტას კორესპონდენტის საშვი აღუდგინოს.
"სი-ენ-ენი" ტრამპის ადმინისტრაციას კონსტიტუციის პირველი შესწორების (პრესის თავისუფლების) დარღვევის ბრალდებით უჩივის. მოსამართლის თქმით, ეს ძალზე „უჩვეულო“ საქმეა და ის მეხუთე შესწორების საფუძველზე მივიდა გადაწვეტილებამდე, რომელიც სასამართლო პროცესის უფლებას ითვალისწინებს. მისი თქმით, საქმის გარემოებები მხოლოდ კონსტიტუციის პირველ შესწორებაში არ ჯდება.
აკოსტამ მოსამართლეს მადლობა გადაუხდა. „მე მინდა მადლობა ვუთხრა მოსამართლეს მისი გადაწყვეტილებისთვის. ვუბრუნდები სამუშაოს“, - განაცხადა მან.
ვაშინგტონის ოლქის მოსამართლე კელი, პრეზიდენტმა ტრამპმა დანიშნა. მან ორივე მხარის არგუმენტებს მოუსმინა. ეს საქმის წინასწარი განხილვა იყო. საქმე სავარაუდოდ მნიშვნელოვანი საკანონდებლო პრეცედენტი გახდება, როდესაც საქმე ჟურნალისტებისთვის პირველი შესწორების მიხედვით მინიჭებულ უფლებებს და ხელისუფლების მხრიდან მათ შესაძლო დარღვევას შეეხება.
თეთრმა სახლმა, ჯიმ აკოსტას კორესპონდენტის საშვი 7 ნოემბერს, პრეზიდენტ ტრამპთან გამართულ პრესკონფერენციაზე დასმული კითხვის შემდეგ ჩამოართვა. ახალი ამბების ბევრი წამყვანი მედია-ორგანიზაცია, მათ შორის კონკურენტი "ფოქს ნიუსიც", თეთრი სახლის წინააღმდეგ "სი-ენ-ენის" საჩივარს ემხრობა.
თეთრი სახლი თავის მხრივ აცხადებს, რომ "სი-ენ-ენის" ჟურნალისტი პრესკონფერენციაზე ხელით უხეშად შეეხო ქალს, რომელსაც მიკროფონი სხვა ჟურნალისტისთვის უნდა გადაეცა. თუმცა, ვიდეოჩანაწერზე არ ჩანს, რომ აკოსტა თეთრი სახლის თანაშემწეს აგრესიულად ექცეოდა. აღსანიშნავია, რომ თეთრი სახლის პრესმდივნის მიერ სამშაბათს გავრცელებულ განცხადებაში ეს ბრალდება, რომ აკოსტა ახალგაზრდა ქალს ხელით შეეხო, ნახსენები არ არის.
„მას შემდეგ, რაც აკოსტამ ორი კითხვა დაუსვა პრეზიდენტს - პრეზიდენტმა ორივე მათგანს უპასუხა, [ამის შემდეგ] ის ფიზიკურად შეეცადა არ დაეთმო მიკროფონი თეთრი სახლის სტაჟიორისთვის, რათა სხვა ჟურნალისტებსაც შეძლებოდათ საკუთარი კითხვის დასმა“, - ნათქვამია სარა სანდერსის განცხადებაში.
კითხვა, რომელზე პასუხსაც ჟურნალისტი დაბეჯითებით ითხოვდა, შეეხებოდა მიგრანტების ქარავანს, რომელიც შეერთებული შტატების სამხრეთ საზღვარს უახლოვდება. აკოსტა, კითხვაში პრეზიდენტს დაბეჯითებით სთხოვდა დაესაბუთებინა, თუ რატომ უწოდა ტრამპმა იმიგრანტთა ამ ნაკადს ქვეყანაზე "თავდასხმა".
დონალდ ტრამპი პოლიტიკაში მოსვლის დღიდან, ჟურნალისტებზე ვერბალური თავდასხმებით გამოირჩევა. პრეზიდენტი მედიას სისტემატურად უწოდებს "ყალბს" და "უსამართლოს". ყველაზე დიდი რეზონანსი გამოიწვია მისმა შეფასებებმა, როცა მედიის რამდენიმე წარმომადგენელს ტრამპმა "ხალხის მტერი" უწოდა, ტერმინი, რომელსაც საბჭოთა რეჟიმი მილიონობით ადამიანის გასასამართლებლად და დასახვრეტად იყენებდა.
Facebook Forum