უილიამ კორტნი: საქართველო-რუსეთის ომი განცაკლევებული შემთხვევა არ იყო

უილიამ კორტნი, აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე ამერიკის ხმამ ინტერვიუ თხოვა საქართველოში ამერიკის ყოფილ ელჩს უილიამ კორტნის. კორტნიმ კარგად იცის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში არსებული გამოწვევების შესახებ. თავად მსახურობდა ელჩად საქართველოსა და ყაზახეთში, მანამდე, პრეზიდენტ კლინტონის ადმინისტრაციის წლებში, აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთისა და უკრაინის საკითხებს კურირებდა ეროვნული უშიშროების საბჭოში.
ჩვენს პირველ კითხვაზე თუ როგორ შეაფასებდა რუსეთის მოქმედებას ყირიმში მან გვიპასუხა.

უილიამ კორტნი:
2008 წელს რუსეთის ინტერვენცია სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში არ იყო მხოლოდ საქართველოსთან დაკავშირებული მოვლენა, ეს იყო რუსეთის უფრო ვრცელი სტრატეგიის ნაწილი ძალდატანებით და დაშინებით გაევრცელებინა კონტროლი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე.
ამას კარგია თუ ქართველები დაიმახსოვრებენ. საქართველო არ იყო განცალკევებული შემთხვევა.

ახლა, ყირიმი ძალიან სტრატეგიული რეგიონია რუსეთისთვის. სწორედ აქედან გამომდინარე რუსეთი იტყუებოდა საკუთარი ძალების დისლოკაციის შესახებ ამ რეგიონში ბოლო დღეების განმავლობაში, თუმცა იქ უკვე ექვსი ათასამდე მედესანტე და საზღვაო ფლოტის პერსონალის განლაგება მოხდა ყირიმის ოკუპაციის მიზნით.

2008 წლის ომის შემდეგ საქართველომ დიდი დახმარება მიიღო დასავლეთისგან, მათ შორის ფინანსური დახმარება. დიდი იყო პოლიტიკური მხარდაჭერაც. რუსეთმა, ერთის მხრივ მართლაც იგრძნო, რომ საფასურის გადახდა მოუხდა-რუსული ფასიანი ქაღალდების ბაზარზე აქციების ფასი 10 პროცენტით დაეცა და შესაძლოა რუსეთი ახლა მზად იყოს ანალოგიური საფასურის გადასახდელად. განსხვავება კი იმაში იქნება, რომ დასავლეთის რეაქცია უკრაინის მოვლენებზე ბევრად უფრო მკაცრი იქნება, არა მხოლოდ იმიტომ რომ ყირიმი ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რეგიონია, არამედ იმიტომ რომ დასავლეთმა დაინახა, რომ ეს პროცესი რუსეთის ფართო სტრატეგიის ნაწილია.


ამერიკის ხმა: კონკრეტულად, დასავლეთის რა დახმარებაზეა ლაპარაკი უკრაინის მოვლენეთან დაკავშირებით და რა შედეგების მიღწევას შეეცდება კიევში, ხვალინდელი ვიზიტის დროს ამერიკის სახელმწიფო მდივანი კერი?


უილიამ კორტნი: დასავლეთს ორი მიზანი აქვს: მომავალი აგრესიის შეკავება, კერძოდ ყველა შესაძლო რუსული აგრესიის თავიდან აცილება უკრაინის აღმოსავლეთში. მეორეა რუსეთის ოკუპაციის საზღაურის აწევა. კრემლი სავარაუდოდ, ყირიმიდან დაუყოვნებლივ არ გავა, თუმცა დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია რუსეთზე პოლიტიკური, ფინანსური და სხვა ტიპის ზეწოლის გატარება და ამ საზღაურის კიდევ უფრო მომატება რუსეთისთვის. ასევე მნიშვნელოვანი იქნება უკრაინისთვის ფინანსური მხარდაჭერის აღმოჩენა, ამ ქვეყანას ასეთი ხელშეწყობა ნამდვილად ესაჭიროება ამ ეტაპზე, როცა ის სამხედროების მობილიზებას ცდილობს. ფინანსური მხარდაჭერა მნიშვნელოვანია იანუკოვიჩის მიერ გაღატაკებული ეკონომიკის ფონზეც. ვფიქრობ, რომ სხვა ტიპის დახმარებაზეც შეიძლება ლაპარაკი, რაც დროთა განმავლობაში უკეთ გამოჩნდება.

დიდი რვიანიდან გარიცხვას რაც შეეხება, ამერიკის შეერთებული შტატები და არაერთი ევროპელი ამის მომხრეა, თუმცა ჩვენ უკვე ვიცით, რომ პუტინი საერთოდ არ ჩამოვიდა დიდი რვიანის შეხვედრაზე ამერიკაში, შესაბამისად ეს არ იქნება განსაკუთრებული ზეწოლა მასზე. ბევრად უფრო ღირებული იქნება რუსი მაღალჩინოსნებისთვის ვიზების გაცემის შეზღუდვა, და ქონების დაყადაღება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთმა დააჩქაროს უკრაინის დაახლოება დასავლურ ინსტიტუტებთან, განსაკუთრებით კი ევროკავშირში. მესამე მიზანია-ის რომ დასავლეთმა ფართო თავდაცვის პოლიტიკის გადახალისება მოახდინოს. რამდენიმე წლის წინ ნატომ სტრატეგიული დოკუმენტი გამოსცა, სადაც რუსეთი სტრატეგიული პარტნიორი იყო. ეს ქვეყანა ვეღარ იქნება სტრატეგიული პარტნიორი, არამედ უფრო სტრატეგიული მოწინააღმდეგეა.
ჯონ კერის ვიზიტის მიზანი, კი უკრაინის ახალი მთავრობისთვის პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატვა იქნება.

ინტერვიუს ბოლოს კორტნიმ აღნიშნა, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის მაპის მინიჭება ნაკლებად მნიშვნელოვანია ვიდრე უკრაინისთვის მკაფიო მხარდაჭერის გამოცხადება, თუმცა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი სავარაუდოდ უფრო გაგებით მოეკიდება ამ ორი ქვეყნის გაწევრიანების საკითხს წლების შემდეგ და სწორედ ეს იქნება მიმდინარე მოვლენების ერთერთი პირდაპირი შედეგი. კორტნის აზრით, ამ ეტაპზე ასეთი ნაბიჯის გადადგმას დასავლეთი გარკვეული პერიოდის განმავლობაში უნდა მოერიდოს იმ საფრთხის გათვალისწინებით, რომ რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია უფრო მეტად არ განავრცოს.