ორშაბათს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი კიევში გაემგზავრება, რათა უკრაინის მთავრობასთან შეხვედრები გამართოს. ამის შესახებ კერიმ ტვიტერში დაწერა. ამ ფონზე, რუსეთი აგრძელებს უკრაინის ყირიმზე კონტროლის დამყარებას.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკის უმაღლესი დიპლომატი უკრაინის ახალი მთავრობის, რადის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება. იგი გაიმეორებს ამერიკის მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის და უკრაინელი ხალხის უფლების მიმართ აირჩიონ საკუთარი მომავალი, გარე ჩარევის ან პროვოკაციის გარეშე.
გავლენიანი გაზეთი “ნიუ იორკ თაიმსი” ახდენს მაღალი რანგის ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადების ციტირებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს მოგზაურობა უკრაინის მთავრობის მხარდაჭერის ჟესტია.
ასევე კვირას, ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან, დიდი ბრიტანეთის პრემიერ დევიდ კამერონთან და პოლონეთის პრეზიდენტ ბრონისლავ კომოროვსკისთან გამართა მოლაპარაკება. ამ საუბრების მიზანი, ადმინისტრაციის ინფორმაციით, იყო უკრაინაში რუსეთის მოქმედების "სრული არალეგიტიმურობის" ხაზგასმა და ასევე შესაძლებელი საპასუხო რეაქციის განხილვა.
ობამას ადმინისტრაციის განცხადებით, აშშ და მისი მოკავშირეები განიხილავენ ალტერნატივის მიცემას მოსკოვისთვის, თუ ეს უკანასკნელი საკუთარი შეშფოთების დიპლომატიური მეთოდებით გადაწყვეტას არჩევს. მხარეებმა დააფიქსირეს, რომ ვლადიმირ პუტინისთვის არსებობს საერთაშორისო მექანიზმები, რათა მისი შეშფოთება გადაიჭრას უკრაინაში ეთნიკური რუსი რეზიდენტების დაცვის მიზნით. ერთერთი იქნება გაეროს ან ეუთოს მონიტორების განთავსება.
დიდი შვიდეული გმობს რუსეთის მოქმედებას
დიდი შვიდეულის გაერთიანებამ კვირას დაგმო უკრაინაში რუსეთის შეჭრა და გააუქმა მოსამზადებელი სამუშაოები დიდი რვიანის სამიტში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ივნისში რუსეთში იგეგმება.
“ჩვენ-კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, ევროსაბჭოს პრეზიდენტი და ევროკომისიის პრეზიდენტი ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დარღვევას"-ნათქვამია დიდი შვიდეულის განცხადებაში.
ლიდერები აქვე დასძენენ, რომ გადაწყვიტეს მონაწილეობა გააუქმონ დიდი რვიანის მოსამსაზადებელ სამუშაოებში.
უკრაინა მობილიზაციას აცხადებს
ამ ფონზე, უკრაინამ სრული სამხედრო მობილიზაციის ბრძანება გასცა. ეს განკარგულება მოჰყვა რუსი კანონმდებლების მიერ რუსეთის ჯარების უკრაინაში დისლოცირების გადაწყვეტილებას.
კვირას, ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ დაგმო რუსეთის მოქმედება, და მოსკოვის გადაწყვეტილებას "აგრესიის გაუგონარი აქტი უწოდა.
მდგომარეობა ყირიმში
ამ წუთებში, რუსი და პრო-რუსული ორიენტაციის ძალები ყირიმს აკონტროლებენ.
სიმფეროპოლში, პოზიციები გაამყარეს ჯარისკაცებმა, რომელთა ვინაობა ვერ დგინდება, თუმცა სავარაუდოდ, ისინი რუსი ჯარისკაცები არიან.
ვითარებას კიდევ უფრო ძაბავს ცნობები იმის შესახებ, რომ ნახევარკუნძულზე არსებული უკრაინულ სამხედრო ბაზებს რუსმა ჯარებმა შემოარტყეს ალყა.
ნატოს გაფრთხილება
კვირას, ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა მოსკოვი გააფრთხილა, რომ მისი ქმედებები ევროპაში მშვიდობას უქმნიდა საფრთხეს. მან აღნიშნა, რომ ნატო მხარს უჭერდა უკრაინელი ხალხის უფლებას საკუთარი მომავლის განსაზღვრის მიზნით. რასმუსენმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა ალიანსის "ღირებული" პარტნიორია და რუსეთს დაძაბულობის დე-ესკალაციისკენ მოუწოდა.