ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს უშიშროების საბჭომ უკრაინაზე იმსჯელა


უკრაინის ელჩი გაეროში იური სერგეევი
უკრაინის ელჩი გაეროში იური სერგეევი
ცოტა ხნის წინ დასრულდა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში უკრაინის ელჩმა განაცხადა, რომ ყირიმში ამ წუთებში თხუთმეტი ათასამდე სამხედრო იმყოფება.

რუსეთის ელჩმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ერთობის მთავრობა უნდა შეიქმნას და რომ დასავლეთის სახელმწიფოებმა ხელი შეუწყვეს უკრაინაში სიტუაციის დაძაბვას, როცა დასავლელი ლიდერები უკრაინის მიერ დასავლური კურსიდან გადახვევაზე საუბრობდნენ. ჩურკინმა დასძინა, რომ რუსეთს დახმარება ყირიმის რეგიონულმა მთავრობამ თხოვა.

ამ განცხადებას უარყოფითად გამოეხმაურნენ გაეროში დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის ელჩები. სამანტა პაუერმა, რომელიც ამერიკის სრულუფლებიანი წარმომადგენელია გაეროში, აღნიშნა, რომ რუსეთის ინტერვენცია უკრაინაში უნდა დასრულდეს და რომ რუსეთი აქამდე თავად ითხოვდა სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის პატივისცემას. ამ შემთხვევაში კი მოსკოვის ქმედება უკრაინაში მის ვალდებულებებს ეწინააღმდეგება. პაუერმა ასევე თქვა, რომ ყირიმში გაეროს, ან ეუთოს დამკვირვებლები უნდა გაიგზავნოს, რომლებიც ადგილზე შეისწავლიან ვითარებას და სიტუაციიდან გამოსავალს დასახავენ.

პრეზიდენტმა ობამამ კი ამ ფონზე წარმართული სატელეფონო საუბრის დროს რუს ლიდერს მკაფიოდ განუცხადა, რომ უკრაინის სუვერენიტეტი რუსეთის ქმედების შედეგად ირღვევა, რაც თავისთავად არის საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევა და წარმოადგენს 1997 წლის რუსეთის ხელშეკრულების უგულვებელყოფას უკრაინასთან, ისევე როგორც ჰელსინკის საბოლოო აქტის და 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმის დარღვევას.

ობამამ მოუწოდა რუსეთს მოახდინოს სიტუაციის დეესკალაცია და უკრაინის ცენტრალურ მთავრობასთან ჩართულობით უზრუნველყოს ეთნიკური უკრაინელების და სხვა უმცირესობების უფლებების დაცვა.

ობამამ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა უარყოფითად იმოქმედებს რუსეთის საერთაშორისო იმიჯზე.
XS
SM
MD
LG