საბერძნეთს ხანძრების ჩაქრობაში მოკავშირეებიც ეხმარებიან

როდესის კუნძული, საბერძნეთი. 19 ივლისი, 2023 წ.

უკვე მესამე დღეა საბერძნეთის დედაქალაქ ათენის დასავლეთით, ველური ბუნება იწვის. ხანძრები ახლომდებარე სახლებსაც უქმნის რისკს. საბერძნეთში განადგურდა ტყეების ფართო მასივები, მიმდებარე დასახლებებიდან მოსახლეობა უკვე ევაკუირებულია. მომდევნო დღეებში სავარაუდო ექსტრემალური სიცხეების გამო, საბერძნეთში ვითარების კიდევ უფრო გაუარესებას ელიან.

ასევე ნახეთ: სიცხის ტალღების გამო მოსახლეობას აფრთხილებენ

ჰაერიდან წყლის ბომბების ოპერაცია კვლავ განახლდა კორინთის არხთან მდებარე ქალაქებში მადერა და ლურაკი. მეხანძრეების ბრიგადამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ხანძრის კიდევ ერთი, ახალი კერა გაჩნდა კუნძულ როდესზეც. კუნძულიდან სამი სოფლის მოსახლეობის და ერთ-ერთი სასტუმროდან ტურისტების სასწრაფო ევაკუაცია გახდა საჭირო.

გასული ღამის განმავლობაში ხანძარს განუწყვეტლად ებრძოდნენ ქვეყნის კონტინენტურ ნაწილშიც, კუნძულებიდან და სანაპირო ზოლიდან საკმაოდ დაცილებულ ტერიტორიაზე. დღეს ევაკუაცია კიდევ 3 რეგიონში, მათ შორის ქალაქ მეგარაშიც გამოცხადდა.

მეხანძრეები ამბობენ, რომ მათ ხელს უშლის ქარის მიმართულება, რის გამოც ცეცხლის კონტროლი რთულდება. ვითარებას ევროპის კონტინენტზე, განსაკუთრებით კი ხმელთაშუა ზღვის მიმდებარე ქვეყნებში მზარდი ტემპერატურაც ამძიმებს.

ასევე ნახეთ: კანადის ხანძრები აშშ-ის რამდენიმე შტატში ჰაერს კიდევ დააბინძურებს
საბერძნეთის მთავრობის განცხადებით, ქვეყანაში მძვინვარე ხანძრებთან ბრძოლაში იტალია და საფრანგეთიც ჩაერთო. მათ ოთხშაბათს ათენში 4 თვითმფრინავი გაგზავნეს. ერთი დღით ადრე იქ უკვე იმყოფებოდნენ რუმინეთის, პოლონეთის და სლოვაკეთის მეხანძრეები.

ათენის განცხადებით, ათეულობით სახლი დაიწვა და ასობით ადამიანს ევაკუაციაში, დროებით თავშესაფარში უწევს ყოფნა. პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი ხანძრების მართვის ოპერატიულ ცენტრში მივიდა და შექმნილ ვითარებაზე ანგარიში მისი უშუალო მონაწილეებისგან მოისმინა.

საბერძნეთის მეტეოროლოგიური სამსახური მოსახლეობას ამ და მომდევნო კვირის განმავლობაში ხანძრების კიდევ უფრო მზარდი რისკების თაობაზე აფრთხილებს. სიცხის მორიგ ტალღას ქვეყანაში ხვალ, ხუთშაბათს ელიან.

"ვითარება ექსტრემალურია და სავარაუდოდ, კიდევ ერთ კვირას გაგრძელდება", - განაცხადა კოსტას ციგასმა, სახანძრო ბრიგადის ოფიცერთა ასოციაციის მეთაურმა ბერძნულ სატელევიზიო არხზე SKAI TV.

კვამლით მოცული ვაშინგტონი და ნიუ-იორკი