ჩეხეთის არმიის მეთაური: დასავლეთი უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის უნდა მოემზადოს

დასავლეთი უნდა მოემზადოს უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის და გაუმკლავდეს სულ უფრო მტრულად განწყობილ რუსეთს ომის დასრულების შემდეგაც, განუცხადა ახალი ამბების სააგენტო "როიტერს" ჩეხეთის არმიის მეთაურმა, კარელ რეჰკამ.

„ეს არ ჰგავს მეორე მსოფლიო ომზე ფილმს. ამას დრო დასჭირდება“, -ამბობს სააგენტო „როიტერთან“ საუბარში ჩეხეთის არმიის მეთაური კარელ რეჰკა.

მისივე თქმით აუცილებელია დასავლეთი მოემზადოს ომის დასრულების შემდეგ იმისთვის, რომ რუსეთი კიდევ უფრო მტრულად განწყობილი იქნება დასავლეთის ქვეყნების მიმართ. კარელ რეჰკას აზრით ამ დროისთვის არსებული სურათი აჩვენებს, რომ როგორც უკრაინის ასევე რუსეთის შემთხვევაში გაცხადებული საბოლოო მიზნების მიღწევა შეუძლებელია.

„საერთო სურათში ვფიქრობ, რომ ამჟამად არცერთ მხარეს არ აქვს შესაძლებლობა მიაღწიოს საბოლოო გამოცხადებულ მიზნებს“,- ამბობს ჩეხეთის არმიის მეთაური და აქვე აღნიშნავს, რომ ომი „არ გაგრძელდება რამდენიმე კვირის განმავლობაში, ის სავარაუდოდ გაცილებით დიდხნიანი იქნება და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დიდხანს გავაგრძელოთ უკრაინელების მხარდაჭერა“.

პრაღა, რომელიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დრემდე კიევს სხვადასხვა ტიპის სამხედრო იარაღს აწვდის, ამბობს, რომ მათ ჯერ კიდევ აქვთ საკმარისი რესურსი რომ უკრაინის დახმარება გააგრძელოს.

ასევე ნახეთ: კიევმა ყირიმში რუსეთის საზღვაო ფლოტზე იერიში მიიტანა

„ჩვენ ბევრი [იარაღი] მივაწოდეთ ჩვენი სამხედრო შესაძლებლობების გათვალისწინებით,“- ამბობს რეჰკა, თუმცა არ აკონკრეტებს რა ტიპის და რა რაოდენობის შეიარაღების მიწოდებას შეძლებს ჩეხეთი უკრაინისთვის.

„ჩვენ განვიხილავთ სხვადასხვა გეგმებს, კონცეფციებს და ვცდილობთ დავადგინოთ მეტი რისი მიწოდება შეგვიძლია [უკრაინისთვის]“, - ამბობს ჩეხეთის არმიის ხელმძღვანელი.

გენერალ-ლეიტენანტი რეჰკა 48 წლისაა და განათლება დიდ ბრიტანეთში აქვს მიღებული, გავლილი აქვს აშშ-ის რეინჯერის კურსი და მსახურობდა ავღანეთშიც. მისი თქმით ომი უკრაინაში ეხმარება დასავლეთს მოიგოს დრო და გაამახვილოს ყურადღება თავდაცვაზე, რომლსაც წლების განმავლობაში არასაკმარისი ყურადღება ექცეოდა.

ასევე ნახეთ: შოიგუ: რუსეთი უკრაინის ფრონტზე „აქტიურ თავდაცვას“ აგრძელებს

„ჩვენ ცოტათი გვეძინა. ჩვენ გვქონდა არასაკმარისი რესურსები და საკმარისი ყურადღება არ მივაქციეთ ჩვენს თავდაცვას, არა მხოლოდ ჩვენ ჩეხეთის რესპუბლიკამ, არამედ კოლექტიურმა დასავლეთმა“,- ამბობს რეჰკა.

გენერალ-ლეიტენანტის თქმით, ახლა ჩეხეთი ცდილობს ამერიკის შეერთებული შტატებისგან მეხუთე თაობის „ეფ35“-ები შეიძინოს.