უკრაინის კონტრშეტევის ფონზე, რუსეთის თავდაცვის მინისტრი განმარტავს, რომ ფრონტზე რთული ვითარებაა და რუსეთის სამხედრო ძალები „აქტიურ თავდაცვას“ აგრძელებს.
სახელმწიფო ტელევიზია „რასია 1“-თან საუბრის დროს სერგეი შოიგუ ამბობს, რომ ფრონტის ხაზის „ზოგიერთ მონაკვეთში ეს უფრო რთულია, ზოგან კი უფრო მარტივი“. აქვე შოიგუ ამბობს, რომ რუსი სამხედროები დაკისრებულ ამოცანას თავს კარგად ართმევენ.
„შემიძლია ვთქვა, რომ ბიჭები და მეთაურები თავდაჯერებულად ასრულებენ და საიმედოდ იცავენ იმას, რისი დაცვაც ამ მომენტში გვჭირდება - ცხადია [საუბარია] იმ ადგილზებზე სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალები ცდილობენ გარღვევას“,- ამბობს რუსეთის თავდაცვის მინისტრი.
სააგენტო „როიტერი“, რომლის მასალასაც ეს სტატია ეყრდნობა, წერს, რომ სერგეი შოიგუმ „რასია 1“-თან საუბრის დროს ასევე თქვა, რომ „მოსკოვს სხვა გზა არ აქვს გარდა გამარჯვებისა“. ჟურნალისტის კითხვაზე გაიმარჯვებს თუ არა რუსეთი ომში, შოიგუმ თქვა: „სხვა ვარიანტები არ გვაქვს“.
რუსეთი ამ დროისთვის უკრაინის ტერიტორიის თითქმის მეხუთედს აკონტროლებს, სრულმასშტაბიანი ომი კი 18 თვეზე მეტია მიმდინარეობს.
უკრაინა თვეებია კონტრიერიშს აწარმოებს. რომლის განმავლობაშიც კიევმა მოახერხა ათზე მეტი სოფლის დეოკუპაცია. კონტრიერიში რთულად მიიწევს წინ რადგან, უკრაინელებს უწევთ რუსეთის რამდენიმე თავდაცვითი ხაზის გარღვევა. მათ შორის დანაღმული ტერიტორიების გავლით.
Facebook Forum