ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიმ ჩენ ინისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა, ჩრდილო კორეაში მორიგი რაკეტების გაშვების ფონზე მოხდა


ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის ლიდერები, კიმ ჩენ ინი და ვლადიმირ პუტინი ერთმანეთს რუსეთში ოთხშაბათს შეხვდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მათ სამხედრო საკითხები, უკრაინაში მიმდინარე ომი და რუსეთის მიერ, ჩრდილო კორეისთვის სატელიტურ პროგრამაში შესაძლო დახმარება განიხილეს.

პუტინმა კიმს რუსეთის კოსმოსური რაკეტის გაშვების ობიექტი დაათვალიერებინა, რომელიც ქვეყნის უკიდურეს აღმოსავლეთში მდებარეობს. კიმ ჩენ ინმა, რომელიც რუსეთში თავისი მატარებლით ჩავიდა, პუტინს "ვასტოჩნის" კოსმოდრომის შესახებ გამოკითხა.

ტურის შემდეგ, 70 წლის პუტინი და 39 წლის კიმი, რამდენიმე საათის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლიდერებს ერთობლივი ლანჩი ჰქონდათ, რომლის დროსაც კიმს კამჩატკის კიბორჩხალების პელმენები და ზუთხი მიართვეს სოკოთი და კარტოფილით.

ლანჩის დროს, კიმმა სადღეგრძელოც თქვა. ღვინის ჭიქით ხელში, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა პუტინის ჯანმრთელობისა და "დიდებული რუსეთის" გამარჯვების სადღეგრძელო დალია. მან ასევე ადღეგრძელა კორეულ-რუსული მეგობრობა და რუსეთს დასავლეთისა და “ბოროტი” უკრაინის წინააღმდეგ, მისი თქმით, "წმინდა ომში" გამარჯვება უწინასწარმეტყველა.

ამერიკისა და სამხრეთ კორეის ოფიციალურმა პირებმა შეშფოთება გამოთქვეს იმის გამო, რომ შესაძლოა ფხენიანმა იარაღი და საბრძოლო მასალა მიაწოდოს რუსეთს, რომელმაც უზარმაზარი მარაგი დახარჯა უკრაინაში 18-თვიანი ომის ფოზნე. მოსკოვმა და ფხენიანმა უარყვეს აღნიშნული.

პუტინმა მრავალი მინიშნება გასცა იმასთან დაკავშირებით, რომ სამხედრო თანამშრომლობა განიხილებოდა, მაგრამ დეტალები არ გაუმჟღავნებია. მოლაპარაკებებს თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუც ესწრებოდა. კრემლმა განაცხადა, რომ მეზობლები განიხილავენ მგრძნობიარე საკითხებს, რომლებიც არ არის საჯარო განხილვისთვის განკუთვნილი.

რუსული მედიის კითხვაზე, დაეხმარებოდა თუ არა რუსეთი კიმს კოსმოსური თანამგზავრების შექმნაში, პუტინმა უპასუხა: „ამიტომაც მოვედით აქ“.
პუტინმა თქვა, რომ კიმი აპირებს ეწვიოს სამხედრო და სამოქალაქო საავიაციო ქარხნებს, რუსეთის ქალაქ კომსომოლსკში და მოინახულოს რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტი ვლადივოსტოკში.
XS
SM
MD
LG