ამერიკელი სენატორები იარაღის კონტროლის კანონპროექტზე შეთანხმდნენ

რამდენიმეკვირიანი განხილვებისა და დაძაბულობის შემდეგ, 20-მა ამერიკელმა სენატორმა განაცხადა, რომ ორპარტიულ შეთანხმებას მიაღწიეს ამერიკაში იარაღის კონტროლის წესის გასამკაცრებლად. ამ თემის განხილვა ქვეყანაში ბოლო დროს მომხდარი რამდენიმე მასობრივი მკვლელობის შემდეგ ისევ გააქტიურდა.

„შეთანხმებას მივაღწიეთ. ეს (ადამიანების) სიცოცხლეს გადაარჩენს“, განაცხადა დემოკრატმა სენატორმა კრის მერფიმ. მისი თქმით, კანონპროექტს 10 დემოკრატი და 10 რესპუბლიკელი სენატორი ეთანხმება. თუ ამ შეთანხმებას კონგრესი მხარს დაუჭერს, მაშინ ბოლო 30 წლის განმავლობაში ეს იქნება პირველი საკანონმდებლო შეთანხმება იარაღის კონტროლთან დაკავშირებით.

„ვფიქრობ, გაგაკვირვებთ ჩვენი შეთანხმების მასშტაბი“, - თქვა მერფიმ. თუმცა, შეთანხმება არ ითვალისწინებს ცეცხლსასროლი იარაღის გაყიდვაზე აკრძალვას, რასაც პრეზიდენტი ბაიდენი დიდი ხანია ითხოვს.

ასევე ნახეთ: ტეხასის სკოლაში სროლის შემდეგ ბაიდენი ამბობს, რომ "მოქმედების დროა"

შეთანხმებასთან დაკავშირებით კომენტარი პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც გააკეთა და თქვა, რომ კანონპროექტი „არ ასახავს ყველაფერს, რის გაკეთებაც, ჩემი აზრით საჭიროა, მაგრამ მასში ასახულია მნიშვნელოვანი ნაბიჯები სწორი მიმართულებით და [დამტკიცების შემთხვევაში] ათწლეულების განმავლობაში იქნება ყველაზე გავლენიანი კანონმდებლობა იარაღის კონტროლის კუთხით, რომელსაც კონგრესი მიიღებს“.

ახლა, როდესაც ამ თემაზე ორპარტიული შეთანხმება არსებობს, პრეზიდენტის თქმით, „აღარ დარჩა საპატიო მიზეზები საქმის გაჭიანურებისთვის და აღარ არსებობს მიზეზი, რატომაც ეს [კანონპროექტი] სწრაფად არ უნდა დამტკიცდეს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის მიერ“.

სენატის უმრალესობის ლიდერმა დემოკრატმა სენატორმა ჩაკ შუმერმა ამ გადაწყვეტილებას უწოდა „კარგი პირველი ნაბიჯი“ იარაღის კონტროლის დავის დასასრულებლად და ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად.

ასევე ნახეთ: ამერიკის პრეზიდენტი და პირველი ლედი უვალდეში იმყოფებოდნენ

სენატის უმცირესობის ლიდერმა რესპუბლიკემა სენატორმა მიჩ მაკკონელმა კი თქვა, რომ იმედი აქვს ეს შეთანხმება იქნება ”მნიშვნელოვანი წინსვლა ძირითად საკითხებში, როგორიცაა ფსიქიკური ჯანმრთელობა და სკოლის უსაფრთხოება, პატივს სცემს [ამერიკის კონსტიტუციის] მეორე შესწორებას, მოიპოვებს ფართო მხარდაჭერას სენატში და მნიშვნელოვან განსხვავებას მოახდენს ჩვენი ქვეყნისთვის”.

შუმერი ამბობს, რომ ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კენჭისყრა რაც შეიძლება სწრაფად დაინიშნოს.

კანონმდებლები ამ გადაწყვეტილებამდე 3 კვირის განმავლობაში განიხილავდნენ როგორი უნდა ყოფილიყო, ან საერთოდ საჭირო იყო თუ არა იარაღის კონტროლის ახალი, გამკაცრებული წესები. ამერიკაში ბოლო პერიოდში რამდენიმე მასობრივი მკვლელობა მოხდა.

ერთ-ერთი ასეთი ფაქტის დროს, ბუფალოში, ნიუ-იორკის შტატში, რასისტულ მოტივზე ჩადენილი მკვლელობის დროს 10 შავკანიანი ადამიანი მოკლეს. მკვლელობა მოხდა უვალდეში, ტეხასის შტატშიც, სადაც არასრულწოვანმა მკვლელმა 19 ბავშვისა და 2 მასწავლებლის სიცოცხლე შეიწირა. ხოლო ტულსაში, ოკლაჰომას შტატში ყოფილმა პაციენტმა, საავადმყოფოში 4 ადამიანი მოკლა.

ასევე ნახეთ: ბაიდენი იარაღის კონტროლის საკითხზე კონგრესისგან მოქმედებას მოითხოვს

იარაღის კონტროლის თემა, ამერიკაში უკვე წლებია, რაც მწვავე განხილვის საგანია. დემოკრატები იარაღის გაყიდვის, მისი ყიდვისას კლიენტის შემოწმების და სხვა მკცარი მეთოდების გამოყენების მომხრეები არიან. რესპუბლიკელები კი მათ ეწინააღმდეგებიან და თვლიან, რომ ამერიკის კონსტიტუციის მეორე შესწორების მიხედვით, ყველას უნდა ჰქონდეს თავდაცვის, შესაბამისად ცეცხლსასროლი იარაღის ქონის უფლება. ამერიკის სხვადასხვა შტატში ამ მიმართულებით კანონმდებლობა და შეზღუდვები განსხვავდება.