ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„რუსეთის მიზანია უკრაინის სრული განადგურება,“ - უკრაინის თავდაცვის სამინისტრო


უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომი გრძელდება. კიევი აცხადებს, რომ ომის მეორე ფაზაში რუსეთის მიზანია დონბასის რეგიონის სრული ოკუპაცია. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი, ოლექსანდრ მოტუზიანიკი ამბობს, რომ კრემლი სტრატეგიული მნიშვნელობის მდინარე სივერსკი დონეცთან უკრაინული ჯარის სისუსტეებს ეძებს.

მოტუზიანიკის თქმით, რუსეთის შენაერთები აგრძელებენ სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის მიმართულებით ინტენსიურ შეტევებს. თუ მოსკოვი ამ ქალაქებზე კონტროლს მოიპოვებს, მაშინ მისი თქმით, დონბასის რეგიონის სრული ოკუპაცია მოხდება.

„რუსეთის სტრატეგიული მიზანია, უკრაინის სრული განადგურება. ისინი არ გვაძლევენ საშუალებას მშვიდად ვიცხოვროთ,“- თქვა მოტუზიანიკმა. მისი თქმით, „რუსეთს სურს მთლიანად გაანადგუროს უკრაინის სახელმწიფოებრიობა და დანიშნოს მისთვის სასურველი მთავრობა“.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ გაცილებით მშვიდი ვითარებაა სამხრეთ უკრაინაში, კერძოდ ზაპოროჟიასა და ხერსონში. თუმცა, ნატალია გუმენიუკი, უკრაინული არმიის სამხრეთის ძალების პრესსპიკერი აცხადებს, რომ სამხრეთ უკრაინაზე ახალ იერიშს რუსეთი უახლოეს პერიოდში მიიტანს. მისი ინფორმაციით, საზღვართან 40 ერთეული საკრუიზო რაკეტაა განთავსებული. „ჩვენ უნდა ვიყოთ მზად სარაკეტო თავდასხმებისთვის,“- თქვა ნატალია გუმენიუკმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია დამატებითი დეტალები.

სააგენტო "როიტერი" ამბობს, რომ მას რუსეთის მიერ სამხრეთში დაგეგმილ იერიშზე მიღებული ინფორმაციის გადამოწმების საშუალება არ ჰქონია. რუსეთი წარსულში მსგავს ბრალდებებს დაბეჯითებით უარყოფდა.

მოსკოვი მეზობელ უკრაინაში 24 თებერვალს დაწყებულ ფართომასშტაბიან ომს დღემდე "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს, რომლის მიზანი უკრაინის განიარაღება და "ნაცისტებისგან" გაწმენდაა. უკრაინა და მისი მოკავშირეები მომხდარს აგრესიულ ომად აფასებენ, არაპროვოცირებულ და უსამართლო თავდასხმად მეზობელ დამოუკიდებელ სახელმწიფოზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG