თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ მის რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე გარკვეული პროგრესი იქნა მიღწეული, რათა უკრაინული პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტი განახლდეს და გადაიჭრას მოსალოდნელი გლობალური სასურსათო კრიზისის საკითხი. დასავლეთი ბრალს დებს მოსკოვს, რომ ის საკვებს იარაღად იყენებს და ხელოვნურად ქმნის კრიზისს.
ხორბლის მიწოდება უკრაინიდან, რომელიც ერთ-ერთი მთავარი გლობალური ექსპორტიორია მარცვლეულის, რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის შემდეგ რადიკალურად შემცირდა, მოსკოვის მიერ უკრაინის პორტების და შავი ზღვის ბლოკადის გამო.
ჩავუშოღლუმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საჭირო იქნება საერთაშორისო ძალისხმევა უკრაინის სასოფლო-სამეურნეო ექსპორტისთვის უსაფრთხო არხის გასახსნელად. მისი აზრით, ეს მიღწევადია.
„უკრაინული მარცვლეულის ბაზარზე გასატანად „სხვადასხვა იდეები გავრცელდა და უკანასკნელი არის გაეროს გეგმა, რომელიც მოიცავს მექანიზმს, რომელიც გაეროს, უკრაინის, თურქეთის და რუსეთის თანამონაწილეობით შეიძლება შეიქმნას“, - განაცხადა მინისტრმა. „ჩვენ ამას გონივრულად მივიჩნევთ... რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს მისაღები უკრაინისა და რუსეთისთვის“, - დაამატა მან.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა კიდევ ერთხელ დასდო ბრალი უკრაინას და თქვა, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „კატეგორიულ უარზეა“ გადაჭრას უკრაინის პორტების განაღმვის საკითხი.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა კი ეჭვის ქვეშ დააყენა ამ საკითხზე პროგრესის მიღწევის შესაძლებლობა და გაიმეორა 8 ივნისის განცხადება, რომ მარცვლეულის ექსპორტი მხოლოდ რუსეთზე დაწესებული სანქციების მოხსნის შემდეგ შესაძლოა იქნას განხილული.
დასავლეთის მთავრობები ამ ნაბიჯის გადადგმას არ გეგმავენ და მოსკოვს მარცვლეულის იარაღად გამოყენებაში დებენ ბრალს.
„საკვები კრემლის დაშინების არსენალის ნაწილად იქცა და ჩვენ ამას ვერ შევეგუებით“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა. მან დაამატა, რომ უკრაინაში ამ დროისთვის 20 მილიონი ტონა მარცვლეულია ექსპორტისთვის გამზადებული, თუმცა გაყინული.
თურქეთი კი აცხადებს, რომ მას აქვს სურვილი ითამაშოს როლი, „დაკვირვების მექანიზმის“ საშუალებით, თუ რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმება მიიღწევა.
თუმცა უკრაინის მარცვლეულის პროფკავშირების დირექტორმა, სერჰი ივაშჩემკომ განაცხადა, რომ თურქეთი არაა საკმარისად ძლიერი გარანტორი, მარცვლეულის გადაზიდვის საქმეში.