ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი იარაღის კონტროლის საკითხზე კონგრესისგან მოქმედებას მოითხოვს


"საკმარისია!",- ასე გამოხატა თავისი უკმაყოფილება ქვეყანაში არსებული იარაღის გაყიდვის პოლიტიკის შესახებ, ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა. მან კონგრესს მოსთხოვა სასწრაფოდ იმოქმედონ და ცეცხლსასროლი იარაღის გაყიდვის წესები შეზღუდონ, გაამკაცრონ იარაღის ყიდვამდე საჭირო პროცედურების გავლა და დააწესონ დამატებითი შეზღუდვები იარაღის ყიდვის მსურველებისთვის.

პრეზიდენტმა ერსა და კანონმდებლებს თეთრი სახლიდან მიმართა. ბაიდენმა იარაღის კონტროლზე საუბარს მას შემდეგ მოუხშირა, რაც ჯერ ქალაქ უვალდეში არასრულწოვანმა მკვლელმა 19 მოსწავლისა და 2 მასწავლებლის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო მომხდარიდან რამდენიმე დღეში კიდევ ორი მსგავსი ფაქტი მოხდა. ამ დღეებში ნიუ-იორკში, სასურსათო მაღაზიასა და ოკლაჰომის ერთ-ერთ საავადმყოფოშიც მკვლელი შევიდა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით რამდენიმე ადამიანი მოკლა.

"ღვთის გულისთვის, რამდენ ხოცვა-ჟლეტას ავიტანთ?",- თქვა თავის სიტყვაში, მომხდარით აღშფოთებულმა ბაიდენმა.

პრეზიდენტი ბაიდენი და დემოკრატი კანონმდებლები ქვეყანაში არსებული წესების გამკაცრების და იარაღის გაყიდვის მკაცრი კონტროლის მოხრეები არიან. თუმცა, რესპუბლიკელთა ნაწილი თვლის, რომ მასობრივი მკვლელობებიდან გამოსავალი არა მოსახლეობის განიარაღება, არამედ მათი შეიარაღებაა. უვალდეში მომხდარი მკლელობიდან რამდენიმე დღეში ამერიკის "იარაღის ეროვნულმა ასოციაციამ" ყრილობაც კი ჩაატარა და სწორედ ამ აზრს გაუსვა ხაზი.

სავარუდოდ, იარაღის კონტროლი ამერიკაში მოახლოებული შუალედური არჩევნების ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება.

XS
SM
MD
LG